Facebook Twitter

საქმე #190100118002257012

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №14აპ-19 ქ. თბილისი

ი–ა რ., 14აპ-19 25 სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ი–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ი–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი საფუძვლებით:

განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო; იგი ემყარება მხოლოდ დაზარალებულ ჟ. მ–სა და მისი დედამთილის, გ. ი–ს ჩვენებებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მისი დასჯით, რადგან ისინი ედავებიან მის კანონიერ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და ამჟამად ეს დავა სამოქალაქო წესით მიმდინარეობს სასამართლოში; ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა ობიექტური მოწმის, ე. მ–ის ჩვენება.

2. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი დავით მუხიაშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ რ. ი–ას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენით რ. ი–ა, - დაბადებული ...... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარი.

გაუქმდა რ. ი–ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ი–მ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

რ. ი–ას მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, .......... რაიონის სოფელ ..........ში მცხოვრები - რ., ა., ა. და ბ. ი–ების ოჯახში, მათი გარდაცვლილი ძმის, თ. ი–ის წლისთავის აღსანიშნავი წვეულებისათვის მოსამზადებლად რამდენიმე დღით ადრე მისული თ. ი–ის მეუღლე, გ. ი–ა და მისი რძალი, ჟ. მ–ა შელაპარაკდნენ თ. ი–ის დასთან, რ. ი–სთან. რ. ი–ა განაწყენებული იყო, რომ ეს პირები მისი ნებართვის გარეშე ესტუმრნენ მათ ოჯახს, რის გამოც ჟ. მ–ას განზრახ ჩაარტყა ფეხი მარცხენა ფეხის ბარძაყში და მიაყენა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ი–მ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა მისი უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ჟ. მ–ას, მოწმეების - გ. ი–სა და დ. გ–ის ჩვენებებით, დაზარალებულ ჟ. მ–ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დაზარალებულ ჟ. მ–ას სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტ მ. ლ–ის ჩვენებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ რ. ი–მ ჩაიდინა

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ი–ას საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი