Facebook Twitter

¹ ას-1285-1132-10 20 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «ჰ.»

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ «საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების განმახორციელებელი ცენტრი»

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ჰ.-მ» სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ «საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების განმახორციელებელი ცენტრის» მიმართ და მოითხოვა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების _ 140000 ლარის, ხელშეკრულებით ნაკისრ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს _ 492541 ლარის, მიუღებელი შემოსავლის _ 181031 ლარისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო კომპენსაციის _ 100000 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმესთან ერთ წარმოებად გაერთიანდა სსიპ «საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების განმახორციელებელი ცენტრის» სარჩელი შპს «ჰ.ს» მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს _ 203325,96 ლარის დაკისრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით შპს «ჰ.-ს» სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სსიპ «საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების განმახორციელებელი ცენტრის» სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს «ჰ.-ს» დაეკისრა 203325,96 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «ჰ.-მ» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შპს «ჰ.-ს» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 12 ივლისის განჩინებით შპს «ჰ.-ს” სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის, 7000 ლარის გადახდა, ხოლო 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შპს «ჰ.-ს” მისივე განცხადების საფუძველზე, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 5 დღით.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ადრესატს პირველად გაეგზავნა 2010 წლის 21 სექტემბერს და შემდგომ დამატებით რამდენჯერმე, ვინაიდან გზავნილი ადრესატს არ ბარდებოდა. განჩინების გაგზავნის მომენტიდან ადრესატისათვის ჩაბარებამდე გავიდა თითქმის ერთი თვე.

აპელანტმა კვლავ მიმართა სასამართლოს განცხადებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე.

პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ იმპერატიული ხასიათის არ არის და მიზანშეწონილად არ ჩათვალა განმცხადებლისათვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება, ვინაიდან საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებაში აპელანტი უთითებს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა ექნება ოქტომბრის ბოლოსათვის, რაც მას არ გაუკეთებია. ამასთან, აპელანტს საკმაო დრო ჰქონდა, სურვილისამებრ გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი და აღმოეფხვრა ხარვეზი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს «ჰ.-მ» შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოსათვის ცნობილი იყო იმ ფინანსური სირთულეების შესახებ, რის გამოც აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ შესძლო. სააპელაციო პალატამ აღნიშნული გარემოება უგულებელყო, შეუზღუდა მხარეს უფლება, სასამართლო წესით დაეცვა საკუთარი ინტერესები და დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლევან გვარამაძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში შპს «ჰ.ს» სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა 7 დღის ვადაში მისი გამოსწორება _ 7000 ლარის გადახდა. სააპელაციო პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მითითებული ვადა აპელანტის მოთხოვნით კიდევ 5 დღით გაგრძელდა.

2010 წლის 21 სექტემბრიდან აღნიშნული განჩინების ასლი შპს «ჰ.-ს» რამდენჯერმე გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ რამდენიმე მისამართზე, თუმცა ადრესატის მოუძიებლობის გამო მხარეს არ ჩაბარდა. შპს «სკს-ს» შეტყობინების ბარათებითა და კურიერთა აქტებით დგინდება, რომ საზოგადოების დირექტორ მ.ე-შვილისათვის გაგზავნილი გზავნილები ადრესატის დედამ და ძმის ოჯახმა არ ჩაიბარეს იმ მოტივით, რომ მ.ე-შვილი მათთან არ ცხოვრობს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 711 მუხლის შესაბამისად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად კი, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ შპს «ჰ.-ს» სასამართლო გზავნილი კანონის ზემოხსენებული დანაწესის დაცვით განმეორებით, საქმეში არსებულ რამდენიმე მისამართზე გაუგზავნა, თუმცა ადრესატს იგი სასამართლოსაგან დამოუკიდებელი მიზეზით არ ჩაბარდა, კერძოდ, არც ერთ მისამართზე არც შპს «ჰ.» და არც მისი დირექტორი მ.ე-შვილი აღარ აღმოჩნდნენ. სასამართლოსათვის თავისი რეალური მისამართის შეტყობინების ვალდებულება კი სწორედ მხარეს ეკისრება.

2010 წლის 22 ოქტომბერს, შპს «ჰ.-სათვის» ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლო განჩინების პირველად გაგზავნიდან ერთ თვის შემდეგ, აპელანტმა კვლავ მოითხოვა ზემოხსენებულის საპროცესო ვადის გაგრძელება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ შპს «ჰ.-ს» ხარვეზის შევსების ვალდებულება წარმოეშვა მას შემდეგ, რაც სასამართლომ 2010 წლის 21 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით არა ერთხელ გაუგზავნა სასამართლო გზავნილი.

აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტს არც მანამდე და არც 2010 წლის 18 ოქტომბერს სასამართლო გზავნილის შპს «ჰ.-ს» წარმომადგენელ გ.ხ-იანის მიერ პირადად ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად. მხარეს კი სავსებით კანონიერად ეთქვა უარი საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელებაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მის მიმართ დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან მითითებული კანონის დანაწესი იცავს არა მხოლოდ აპელანტის უფლებას, საპატიო მიზეზების არსებობისას გაუგრძელდეს საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა, არამედ მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესსაც, გონივრულ ვადაში და გაუჭიანურებლად დაასრულოს დავა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ჰ.-ს» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.