Facebook Twitter

¹ას-1287-1542-09 25 მარტი, 2010 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შ. გ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ “საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა” (მოპასუხე)

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შ. გ-იამ სსიპ “საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის” მიმართ სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ. გ-იას სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ “საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის” თავმჯდომარის 2004 წლის 11 აგვისტოს ¹636-კ ბრძანება, მოსარჩელეს აუნაზღაურდა სამსახურში იძულებით არყოფნის პერიოდში მიუღებელი საშუალო ხელფასი – 1359,53 ლარი გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე, შ. გ-ია აღდგენილ იქნა საინფორმაციო პროგრამა “მოამბის” მთავარი რეჟისორის თანამდებობაზე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სსიპ “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შ. გ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ “ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის” თავმჯდომარის 2004 წლის 11 აგვისტოს ¹363 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” შ. გ-იას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება 6640 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შ. გ-იამ. ასევე საკასაციო საჩივარი შეიტანა სსიპ “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინებით სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შ. გ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის გადაწვეტილება შ. გ-იას სამუშაოზე აღდგენის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

შ. გ-იამ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. მან მიუთითა, რომ აღნინული გადაწყვეტილებით განისაზღვრა ასანაზღაურებელი თანხა 6640 ლარით. აღნიშნული თანხის გარკვეული ნაწილი გაანგარიშებულია მხოლოდ ხელფასით და არა საშუალო ხელფასით. 2004 წლის აგვისტოდან 2006 წლის დეკემბრის ჩათვლით არა 16, არამედ 29 თვეა. არ არის მითითებული 2005 წელი, როდესაც გაუქმდა საჰონორარო სისტემა და ანაზღაურება გაიზარდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ნოემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის ¹2ბ/1463-07 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ბოლო აბზაცში დაშვებული უსწორობა გასწორდა და იგი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: “ამდენად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს სულ 6640 ლარი, მათ შორის 2004 წლის აგვისტოდან 2005 წლის დეკემბრის ჩათვლით, 16 თვის განმავლობაში 40 ლარი, რაც 640 ლარს შეადგენს, ხოლო 2006 წლის იანვრიდან 2006 წლის აპრილამდე, თვეში 2000 ლარი, ანუ 3 თვის განმავლობაში 6000 ლარი”.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დაშვებულია მექანიკური უსწორობა, კერძოდ, მასში მითითებულია, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს სულ 6640 ლარი, მათ შორის, 2004 წლის აგვისტოდან 2006 წლის დეკემბრის ჩათვლით 16 თვის განმავლობაში 40 ლარი, რაც 640 ლარს შეადგენს, ხოლო 2006 წლის იანვრიდან 2006 წლის აპრილამდე, თვეში 2000 ლარი, ანუ 3 თვის განმავლობაში 6000 ლარი. წინადადებაში აღნიშნული სიტყვების “2006 დეკემბრის ჩათვლით” ნაცვლად მითითებული უნდა იყოს სიტყვები “2005 წლის დეკემბრის ჩათვლით”.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შ. გ-იამ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ბოლო აბზაცში დაშვებულია მექანიკური უსწორობა. მისი აზრით, უსწორობა დაშვებულია არა მხოლოდ ბოლო აბზაცში და არა მხოლოდ მექანიკური, არამედ, სამართლებრივი და არსებითი. თუ ერთის მხრივ, პალატა აღნიშნავს, რომ მისი ხელფასი თვეში შეადგენს 40 ლარს, სამუშაოდან განთავისუფლების დღისათვის, ხოლო 2006 წლის იანვრიდან 2000 ლარით განისაზღვრა, მეორეს მხრივ არასწორად ადასტურებს, რომ 2006 წლამდე არავითარი ცვლილება არ მომხდარა ანაზღაურების მხრივ. დაუშვებელია მიყენებული ზიანის შესაბამის კომპენსაციად ჩაითვალოს გაუგებარი თანხა - 6640 ლარი. როდესაც “მოამბის” მთავარი რეჟისორის ყოველთვიური ანაზღაურება არასდროს არ ყოფილა მხოლოდ 40 ლარი და გაუგებარია საიდან დაადგინა სააპელაციო სასამართლომ, რომ მისი ხელფასი შეადგენდა მხოლოდ 40 ლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შ. გ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შ. გ-იამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა უსწორობის გასწორობა არა მექანიკურ, არამედ სამართლებრივ საკითხებზე, რაც სცილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მოთხოვნებს. რაც შეეხება, სააპელაციო სასამართლოს უსწორობის გასწორების განჩინებას, რომლის თანახმად სასამართლომ გაასწორა გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომა, ამის საწინააღმდეგოს კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 260-ე მუხლის დარღვევის ფაქტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. გ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ნოემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.