Facebook Twitter

¹ ას-1290-1136-2010 20 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. გ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ფ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. ფ-შვილის მიმართ და მოითხოვა ახალციხეში, ... ქ.¹37-ში მდებარე ¹5 ბინის 21 კვ.მ სარდაფისა და მისი არსებითი შემადგენელი ნაწილების, როგორც მოსარჩელის საკუთრების ხელყოფის აღკვეთა, ასევე მოპასუხისათვის აღნიშნულ უძრავ ნივთზე ფლობისა და სხვაგვარი ხელშეშლის აკრძალვა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ.გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ლ.გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტს განესაზღვრა ხარვეზი და დაევალა კანონით დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა, რისთვისაც საპროცესო ვადა ერთხელ გაუგრძელდა. სასამართლო გზავნილი ლ.გ-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 12 ნოემბერს და ხარვეზის გამოსწორებისათვის მისთვის მიცემული 3-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სწორედ აღნიშნული მომენტიდან.

ლ.გ-ძემ ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოს მიმართა 2010 წლის 16 ნოემბერს, ზემოხსენებული ვადის დარღვევით, რის გამოც სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე ლ. გ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატის განჩინება ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტს ჩაბარდა 2010 წლის 12 ნოემბერს, პარასკევ დღეს, შესაბამისად, ლ.გ-ძემ განჩინებაში მითითებული 3-დღიანი ვადა აითვალა პირველივე სამუშაო დღიდან და ხარვეზი ვადაში გამოასწორა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტ ლ.გ-ძეს დაუდგინდა ხარვეზი და მის გამოსასწორებლად განესაზღვრა ჯერ 5, ხოლო შემდეგ დამატებით 3 დღე. აღნიშნულის შესახებ სასამართლო განჩინება მხარეს ჩაბარდა 2010 წლის 12 ნოემბერს, რაც მას სადავოდ არ გაუხდია. აპელანტმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით პალატას მიმართა 2010 წლის 16 ნოემბერს, საპროცესო ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ლ.გ-ძეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

დაუსაბუთებელია და რაიმე სამართლებრივ საფუძველს არ ეფუძნება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტისათვის მიცემული 3-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო არა 2010 წლის 13 ნოემბრიდან (მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან), არამედ 15 ნოემბრიდან _ პირველივე სამუშაო დღიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ლ.გ-ძის მიერ ხარვეზის გამოსწორების ვადა აპელანტისათვის სასამართლო განჩინების ჩაბარების მომდევნო, არასამუშაო დღიდან სწორად აითვალა, ვინაიდან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნული ვადის გამოანგარიშებისას რაიმე განსხვავებული სახის დათქმას არ ითვალისწინებს.

s ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.