ას-129-123-10 13 მაისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს “.. ..-ის” დირექტორი ი. ა. ბ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ა-ძე (მოსარჩელე)
დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 15 ივლისს ხულოს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა დ. ა-ძემ შპს „.. ..-ის“ წინააღმდეგ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უკანონოდ იქნა აღიარებული შპს „.. ..-ის“ გადაწყვეტილება დ. ა-ძის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ, მოპასუხე შპს „.. ..-ის“ დაეკისრა დ. ა-ძის სასარგებლოდ 5196 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „.. ..-ის“ წარმომადგენელმა რ. ი-ძემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 იანვრის განჩინებით შპს “.. ..-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე შპს „.. ..-ის“ მიმართ დ. ა-ძის სარჩელთან დაკავშირებულ საქმეზე, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2009 წლის 26 ოქტომბერს გამოიტანა გადაწყვეტილება.
დასახელებული გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და მოპასუხე შპს „.. ..-ის“ წარმომადგენელს რ. ი-ძეს ჩაჰბარდა 2009 წლის 9 დეკემბერს.
დადგენილია, რომ შპს „.. ..-ის“ სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში შეტანილია 2009 წლის 24 დეკემბერს.
იმის გათვალისწინებით, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი შპს „.. ..-ის“ წარმომადგენელ რ. ი-ძეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2009 წლის 9 დეკემბერს (ს.ფ. 76), შესაბამისად გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2009 წლის 23 დეკემბერი.
ვინაიდან შპს „.. ..-ის“ სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2009 წლის 24 დეკემბერს 16.00 საათზე, (ერთი დღის დაგვიანებით), ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დარღვევით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “.. ..-ის” დირექტორმა ი. ა. ბ-მა. მან მიუთითა, რომ 2009 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც დაკმაყოფილდა დ. ა-ძის სასარჩელო განცხადება რ. ი-ძეს შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება მათ არ ჩაჰბარებიათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც რ. ი-ძემ აცნობა 2010 წლის 18 იანვარს. შპს “.. ..-ის” მიერ რ. ი-ძისათვის გაცემული იყო მინდობილობა, რომლითაც მას უფლება ჰქონდა მხოლოდ მონაწილეობა მიეღო ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, როგორც შპს “.. ..-ის” წარმომადგენელს, ხოლო გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებამოსილება არ გააჩნდა. მინდობილობა გაცემულია პირადად ი. ა. ბ-ის მიერ მის დასაცავად და არა შპს “.. ..-ის” უფლების დასაცავად. რ. ი-ძეს აღნიშნული გადაწყვეტილება შპს “.. ..-ისათვის” არ ჩაუბარებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს “.. ..-ის” დირექტორ ი. ა. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
სსსკ-ის 374-ე მუხლით, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, შპს „.. ..-ის“ წარმომადგენელ რ. ი-ძეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2009 წლის 9 დეკემბერს (ს.ფ. 76), რომელიც უფლებამოსილი პირი იყო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაზე და ასევე ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზეც. შესაბამისად, გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2009 წლის 23 დეკემბერი. მან კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 1 დღის დაგვიანებით _ 2009 წლის 24 დეკემბერს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რ. ი-ძეს არ გააჩნდა უფლებამოსილება გაესაჩივრებინა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ვინაიდან მას შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება.
როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, 2009 წლის 9 აგვისტოს გაიცა მინდობილობა შპს “.. ..-ის” დირექტორის მინდობილი პირის ი. ს-რის მიერ რ. ი-ძეზე. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე რ. კ-ძეს გააჩნდა უფლებამოსილება გაესაჩივრებინა აღნიშნული გადაწყვეტილება. საქმეში არ არსებობს რ. ი-ძისათვის მინიჭებული უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს მოცემულ საქმეზე უფლებამოსილ პირს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან შპს „.. ..-ის“ სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2009 წლის 24 დეკემბერს, ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 _ დღიანი ვადის დარღვევით, სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “.. ..-ის” დირექტორ ი. ა. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 იანვრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.