Facebook Twitter

ას-1297-1142-2010 23 დეკემბერი, 2010 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. შ-იანი

წარმომადგენელი _ გ. ნ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “...”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხანძრით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ლ. შ-იანის წარმომადგენლის გ. ნ-შვილის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. შ-იანის წარმომადგენელმა გ. ნ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ არ ეთანხმება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. შ-იანის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ მოსარჩელე ლ. შ-იანის წარმომადგენელმა გ. ნ-შვილმა უარი თქვა სარჩელზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ლ. შ-იანის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება. დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დასაბუთებული განჩინება. ასევე დადგენილია, რომ დასაბუთებული განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი, რომელსაც განემარტა განჩინების გასაჩივრების წესი, კერძოდ ის, რომ განჩინების გასაჩივრება შეიძლებოდა 12 დღის ვადაში მისი გამოცხადების მომენტიდან (იხ. ტომი 2, ს.ფ. 111-114). მოსარჩელე ლ. შ-იანის მიერ გ. ნ-შვილის სახელზე გაცემული მინდობილობით, რომელიც ძალაშია 2011 წლის 5 თებერვლამდე, დასტურდება, რომ რწმუნებული მარწმუნებელს წარმოადგენს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში და იგი უფლებამოსილია მარწმუნებლის სახელით გაასაჩივროს სასამართლოს ნებისმიერი აქტი (ტომი 1, ს.ფ. 51). ამდენად, სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის დასაბუთებული საოქმო განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი – მოსარჩელის წარმომადგენელი. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო სასამართლო სხდომაზე დასაბუთებული განჩინების გამოცხადების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2010 წლის 29 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2010 წლის 09 ნოემბერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ლ. შ-იანის წარმომადგენლის მიერ კერძო საჩივარი შეტანილია 2010 წლის 22 ნოემბერს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ტომი 2, ს.ფ. 119).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში ლ. შ-იანმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. შ-იანის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.