Facebook Twitter

ას-1298-1143-2010 31 იანვარი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ ბ. გ-შვილი, ნ. ს-შვილი, მ. გ-შვილი, შ. გ-შვილი, ფ. გ-შვილი, ბ. გ-შვილი, მ. გ-შვილი, რ. გ-შვილი, გ. გ-შვილი, მ. გ-შვილი, ა. გ-შვილი, თ. პ-შვილი, გ. გ-შვილი, მ. გ-შვილი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. დ-ევა, დაცვის სამსახური შპს «ა.» (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. გ-შვილმა, ნ. ს-შვილმა, მ. გ-შვილმა, შ. გ-შვილმა, ფ. გ-შვილმა, ბ. გ-შვილმა, მ. გ-შვილმა, რ. გ-შვილმა, გ. გ-შვილმა, მ. გ-შვილმა, ა. გ-შვილმა, თ. პ-შვილმა, გ. გ-შვილმა და მ. გ-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ე. დ-ევა და შპს «ა.-ს» მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეები წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, აფხაზეთში განვითარებული საომარი მოქმედებების დროს მოსარჩელეები დროებით საცხოვრებლად ჩამოვიდნენ თბილისში და ჩასახლდნენ ყოფილი «ს.-ს» ერთ-ერთ ობიექტში, ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹36 მდებარე ბინაში. მოსარჩელეების ოჯახს მინიჭებული აქვს შესაბამისი ¹02222 და რეგისტრირებული არიან ზემოაღნიშნულ მისამართზე. 2008 წლის თებერვალში, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ა.-ს.-ს» წარმომადგენლებმა დაცვის სამსახური «ა.-ს» დახმარებით მოსარჩელეები გამოასახლეს ხსენებული ფართიდან. გამოსახლების დროს დაცვის სამსახური «ა.-ს» თანამშრომლებმა გაანადგურეს ბინაში არსებული საცხოვრებელი ინვენტარი. ზარალის ოდენობამ შეადგინა 27 220 ლარი.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. გ-შვილის, ნ. ს-შვილის, მ. გ-შვილის, შ. გ-შვილის, ფ. გ-შვილის, ბ. გ-შვილის, მ. გ-შვილის, რ. გ-შვილის, გ. გ-შვილის, მ. გ-შვილის, ა. გ-შვილის, თ. პ-შვილის, გ. გ-შვილისა და მ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. გ-შვილმა, ნ. ს-შვილმა, მ. გ-შვილმა, შ. გ-შვილმა, ფ. გ-შვილმა, ბ. გ-შვილმა, მ. გ-შვილმა, რ. გ-შვილმა, გ. გ-შვილმა, მ. გ-შვილმა, ა. გ-შვილმა, თ. პ-შვილმა, გ. გ-შვილმა და მ. გ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ბ. გ-შვილის, ნ. ს-შვილის, მ. გ-შვილის, შ. გ-შვილის, ფ. გ-შვილის, ბ. გ-შვილის, მ. გ-შვილის, რ. გ-შვილის, გ. გ-შვილის, მ. გ-შვილის, ა. გ-შვილის, თ. პ-შვილის, გ. გ-შვილისა და მ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტებს სასამართლო სხდომის თარიღი ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით, თუმცა მხარეები საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საფუძვლიანია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ბ. გ-შვილმა, ნ. ს-შვილმა, მ. გ-შვილმა, შ. გ-შვილმა, ფ. გ-შვილმა, ბ. გ-შვილმა, მ. გ-შვილმა, რ. გ-შვილმა, გ. გ-შვილმა, მ. გ-შვილმა, ა. გ-შვილმა, თ. პ-შვილმა, გ. გ-შვილმა და მ. გ-შვილმა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის განხილვის თაობაზე ეცნობა მხოლოდ ერთ აპელანტს და სხდომის ჩატარების თაობაზე არ იყო ცნობილი სხვა აპელანტებისათვის. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ერთ-ერთი აპელანტის მოთხოვნა წარმომადგენლის აყვანის მოტივით სხდომის გადადების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არაკანონიერია, ასევე იმ საფუძვლითაც, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა მეორე მოპასუხე ე.დ-ევა, რომლის მოთხოვნაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე არ არსებობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. გ-შვილის, ნ. ს-შვილის, მ. გ-შვილის, შ. გ-შვილის, ფ. გ-შვილის, ბ. გ-შვილის, მ. გ-შვილის, რ. გ-შვილის, გ. გ-შვილის, მ. გ-შვილის, ა. გ-შვილის, თ. პ-შვილის, გ. გ-შვილისა და მ. გ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.

მოცემულ შემთხვევაში 2010 წლის 25 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე აპელანტები არ გამოცხადდენ და არც მათი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი პალატას აცნობეს, მოწინააღმდეგე მხარემ კი, იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რის გამოც სააპელაციო პალატის განჩინება ბ. გ-შვილის, ნ. ს-შვილის, მ. გ-შვილის, შ. გ-შვილის, ფ. გ-შვილის, ბ. გ-შვილის, მ. გ-შვილის, რ. გ-შვილის, გ. გ-შვილის, მ. გ-შვილის, ა. გ-შვილის, თ. პ-შვილის, გ. გ-შვილისა და მ. გ-შვილის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას, რომ მათ საქმის განხილვის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-73-ე მუხლების დაცვით არ ეცნობათ, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის, ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატის არყოფნისას იგი ჩაჰბარდება მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტების ერთ-ერთ ოჯახის წევრს, აპელანტ შ. გ-შვილს, სასამართლო უწყებები ჩაჰბარდა პირადად დანარჩენი აპელანტების - ბ. გ-შვილის, ნ. ს-შვილის, მ. გ-შვილის, ფ. გ-შვილის, ბ. გ-შვილის, მ. გ-შვილის, რ. გ-შვილის, გ. გ-შვილის, მ. გ-შვილის, ა. გ-შვილის, თ. პ-შვილის, გ. გ-შვილისა და მ. გ-შვილისთვის გადასაცემად, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელწერილებით (ტ.II, ს.ფ.55-67), შესაბამისად, შ. გ-შვილი ვალდებული იყო, შეეტყობინებინა დანარჩენი აპელანტებისთვის საქმის განხილვის დრო. ამდენად, სასამართლო უწყების ჩაბარება შ. გ-შვილისთვის, თავად სხვა აპელანტებისთვის ჩაბარებად უნდა ჩაითვალოს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა ბ. გ-შვილის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ საქმის განხილვის გადადების კანონისმიერი საფუძველი არ არსებობდა და ასევე წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავდა ისეთ გარემოებაზე მითითებას, რის გამოც უშუალოდ მხარეებმა ვერ შესძლეს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აპელანტმა ბ.გ-შვილმა აღნიშნული განცხადებით სასამართლოს მიმართა 2010 წლის 25 ნოემბერს, მთავარი სხდომის დღეს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს განჩინების არაკონიერებაზე იმ მოტივით, რომ მეორე მოპასუხე ე.დ-ევა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და მისი მოთხოვნა სააპელაციო სჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე არ არსებობს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ხოლო ამავე კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად მიიღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. გ-შვილის, ნ. ს-შვილის, მ. გ-შვილის, ფ. გ-შვილის, ბ. გ-შვილის, მ. გ-შვილის, რ. გ-შვილის, გ. გ-შვილის, მ. გ-შვილის, ა. გ-შვილის, თ. პ-შვილის, გ. გ-შვილისა და მ. გ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.