ას-1305-1150-2010 14 თებერვალი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ა-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “... ბანკი”
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს “... ბანკმა” მოპასუხეების _ შპს “ვ.-სა “ და მ. ა-ძის მიმართ და მოითხოვა: ა. შპს “ვ.-სათვის” მის სასარგებლოდ 147725 აშშ დოლარის დაკისრება, მათ შორის: საკრედიტო დავალიანების ძირითადი თანხა _ 95000 აშშ დოლარი, ერთი თვის სარგებელი _ 1425 აშშ დოლარი, მიუღებელი შემოსავალი _ 51300 აშშ დოლარი; ბ. გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ანაზღაურების განხორციელება მ. ა-ძის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ქონების, თბილისში, ... ქუჩის ¹40 კორპუსში მდებარე ¹65 ბინის აუქციონზე რეალიზაციის გზით (ტომი I, ს.ფ. 1-10, 94-101).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეიის 2010 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სს “... ბანკის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ვ.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა: ა. საკრედიტო დავალიანების ძირითადი თანხა _ 95000 აშშ დოლარი; ბ. სარგებელი _ 1425 აშშ დოლარი; გ. მიუღებელი შემოსავალი _ 1081.4 აშშ დოლარი, მთლიანობაში 97506.4 აშშ დოლარი. ამასთან, დადგინდა, რომ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ანაზღაურება განხორციელებულიყო მ. ა-ძის კუთნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, თბილისში, ... ქუჩის ¹40 კორპუსში მდებარე ¹65 ბინის (წილობრივი მონაცემებით 32,00/3163,00) აუქციონზე რეალიზაციის გზით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 108-115).
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს “ვ.-მ” და მ. ა-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. აპელანტებმა იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რაც იმით დაასაბუთეს, რომ შპს “ვ.” იყო შემოსავლების არმქონე, მ. ა-ძე კი უმუშევარი (ტომი I, ს.ფ. 127-136).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით შპს “ვ.-სა” და მ. ა-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტებს დაევალათ: დაეზუსტებინათ მოთხოვნა და ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში განემარტათ ახალი გადაწყვეტილების მიღებით რა მოთხოვნის დაკმაყოფილება სურდათ მათ, აგრეთვე, გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა (ტომი II, ს.ფ. 13-15).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებით შპს “ვ.-სა” და მ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ შპს “ვ.-ს” ჩაჰბარდა 2010 წლის 10 ნოემბერს, ხოლო მ. ა-ძის მეუღლე ე. წ-ულს _ 15 ნოემბერს. აღნიშნულის გათვალისწინებით, აგრეთვე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის ათვლა შპს “ვ.-სათვის” დაიწყო 2010 წლის 11 ნოემბრიდან, ხოლო მ. ა-ძისათვის _ 2010 წლის 16 ნოემბრიდან, რომელიც პირველ შემთხვევაში ამოიწურა 2010 წლის 15 ნოემბერს, ხოლო მეორე შემთხვევაში _ 2010 წლის 22 ნოემბერს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და დარჩება განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორეს, ამიტომ მათი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 20-23).
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გარანტირებულია და მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ კონსტიტუციით უნდა იხელმძღავანელოს და მხარეს უნდა მისცეს შესაძლებლობა განიხილონ მისი საქმე. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს შეეძლო მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, მაგრამ ეს არ გააკეთა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით აპელანტ მ. ა-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტება და სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა აპელანტს, რომელსაც დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა არსებობდა ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის, სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ვერ უზრუნველყო თავისი შუამდგომლობის შესაბამისი მტკიცებულებებით დასაბუთება, კერძოდ, იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ იყო უმუშევარი, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მას სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარის თქმით, მას წაერთვა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის კანონით გათვალიწინებული ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლთან შეუსაბამოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.