Facebook Twitter

¹ას-1308-1152-10 10 იანვარი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. გ-ძე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ნ. ჩ-ელი

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ს.» (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «საქწიგნმა» სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. გ-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საიჯარო ქირის _ 10285 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 1844.85 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით შპს «ს.-ს» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ლ.გ-ძეს შპს «ს.-ს» სასარგებლოდ დაეკისრა 2318.80 აშშ დოლარის, ასევე პირგასამტეხლოს _ 585.25 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.გ-ძის წარმომადგენელმა ნ.ჩ-ელმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ლ.გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ.გ-ძის წარმომადგენელმა ნ.ჩ-ელმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ლ.გ-ძის წარმომადგენელ ნ.ჩ-ელის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად გაცემული მარწმუნებლის ინტერესების სასამართლო წესით დაცვის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, სადაც სხვა უფლებებთან ერთად მიეთითებოდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების ნ.ჩ-ელისათვის მინიჭების თაობაზე, ასევე დაევალა ნ. ჩ-ელის ადვოკატის მოწმობის ასლი და სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა ლ.გ-ძეს საქმეში მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 25 დეკემბერს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ლ.გ-ძეს მისთვის დაკისრებული არც ერთი საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ძის წარმომადგენელ ნ. ჩ-ელის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კერძო საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და დაუწესებს იმ საპროცესო მოქმედებას, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ლ.გ-ძის წარმომადგენელ ნ.ჩ-ელის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად გაცემული მარწმუნებლის ინტერესების სასამართლო წესით დაცვის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, სადაც სხვა უფლებებთან ერთად მიეთითებოდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების ნ.ჩ-ელისათვის მინიჭების თაობაზე, ასევე დაევალა ნ. ჩ-ელის ადვოკატის მოწმობის ასლისა და სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა ლ.გ-ძეს საქმეში მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 25 დეკემბერს (იხ. ტII, ს.ფ.41).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

დასახელებული ნორმით კანონმდებელი სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას, სასამართლო შეტყობინება გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და ამ პირთაგან ერთ-ერთისათვის, ან ამავე მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დასაწყებად საკმარისი საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 26 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 28 დეკემბერს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც ლ.გ-ძის წარმომადგენელ ნ.ჩ-ელის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. გ-ძის წარმომადგენელ ნ. ჩ-ელის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.