Facebook Twitter

ას-1310-1154-2010 15 თებერვალი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ პ. ბ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს ბანკი “ა.”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 20 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს ბანკმა “ა.-მ” მოპასუხეების _ პ. ბ-ძისა და ი. გ-ერის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა. კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ სს ბანკ “ა.-სა” და პ. ბ-ძეს შორის 2007 წლის 1 ოქტომბერს დადებული გენერალური ხელშეკრულებისა და 2007 წლის 1 ოქტომბრის ¹36660 საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება; ბ. მოპასუხე პ. ბ-ძისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 100087.42 აშშ დოლარის, აგრეთვე, მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის მთლიანობაში 13592.1 ლარის (მათ შორის: სახელმწიფო ბაჟის თანხა _ 5281.90 ლარი და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი _ 8310.20 ლარი) დაკისრება; გ. დავალიანების თანხის ამოსაღებად მსესხებლის ქონებისა და იპოთეკის საგნის (ი. გ-ერის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, თბილისში, ... გამზირის მე-3 კვარტლის 21-ე კორპუსში მდებარე ბინა ¹30 და ამ ფართის პროპორციული მიწის ნაკვეთი) სარეალიზაციოდ მიქცევა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბანკი “ა.-ს” პრობლემური სესხების დეპარტამენტის 2010 წლის 15 აპრილის ¹068.14/03 ცნობის თანახმად, მითითებული წლის 13 აპრილის მდგომარეობით პ. ბ-ძის საკრედიტო დავალიანება სს ბანკი “ა.-ს” წინაშე ¹36660 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენდა 100087.42 აშშ დოლარს, აქედან: ძირი თანხა _ 70998.9 აშშ დოლარი, პროცენტი _ 14176.89 აშშ დოლარი, ჯარიმა _ 14911.63 აშშ დოლარი.

მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ არსებული ვითარება მისი სარჩელს დასაბუთებულს ხდიდა, რის გამოც ის უნდა დაკმაყოფილებულიყო (ტომი I, ს.ფ. 1-10).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ბანკი “ა.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს ბანკ “ა.-სა” და პ. ბ-ძეს შორის 2007 წლის 1 ოქტომბერს დადებული გენერალური ხელშეკრულება კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ და 2007 წლის 1 ოქტომბრის ¹36660 საკრედიტო ხელშეკრულება; პ. ბ-ძეს სს ბანკის “ა.-ს” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 100087.42 აშშ დოლარი; აღნიშნული დავალიანების გადახდის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხე ი. გ-ერის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ... გამზირის მე-3 კვარტლის 21-ე კორპუსში მდებარე ბინა ¹30 და ამ ფართის პროპორციული მიწის ნაკვეთი: ზონა თბილისი 01, სექტორი ვაკე 14, კვარტალი 04, ნაკვეთი 13/009, კოდი 01/030, საკუთრების ტიპი თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, დაუზუსტებელი ფართობი 1827.00კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 13, საკადასტრო კოდი ¹01.14.04.013.009.01.030, აგრეთვე, პ. ბ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება. პ. ბ-ძესა და ი. გ-ერს სს ბანკი “ა.-ს” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ საადვოკატო მომსახურების ხარჯი 7526.57 ლარი, მათვე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელის წარმომადგენელი. მოპასუხეები სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ. საქმეში მოიპოვებოდა დასტური იმისა, რომ მოპასუხეებს ჩაბარდათ სასამართლო შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. მიუხედავად ამისა, მათ გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებიათ. სასამართლო პროცესზე მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა, სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა და მიიჩნია, რომ იგი ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას (ტომი I, ს.ფ. 70-72, 73-74).

დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა პ. ბ-ძემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება (ტომი I, ს.ფ. 82).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით პ. ბ-ძის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამ ნორმის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, კი, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

მოცემულ შემთხვევაში პ. ბ-ძეს სასამართლო შეტყობინება გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე. შესაბამისად, ადრესატისათვის გაგზავნილი უწყება ჩაბარებულად ითვლებოდა, რადგან მას სასამართლოსათვის არ უცნობებია მისამართის შეცვლის თაობაზე. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეს არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. შესაბამისად, სახეზე არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების დაცვით და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი (ტომი I, ს.ფ. 89-91, 92-93).

ზემოაღნიშნული განჩინება პ. ბ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა (ტომი I, ს.ფ. 100-108).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებით პ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება შემდეგით დაასაბუთა:

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინებით პ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს მის გამოსასწორებლად მიეცა 5 დღის ვადა. ამ ვადაში მას დაევალა: მოთხოვნის დაზუსტება, მითითება რა ნაწილში ასაჩივრებდა განჩინებას და სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საქმეზე წარდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათიდან ირკვეოდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ პ. ბ-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 12 ნოემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის 13 ნოემბრიდან. ეს ვადა ამოიწურა 2010 წლის 17 ნოემბერს. ამდენად, ხარვეზის შევსების უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2010 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით.

საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა (ტომი II, ს.ფ. 7-9).

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა პ. ბ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის თანახმად, განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტს არ ჩაბარებია და შესაბამისად მისთვის უცნობი იყო განჩინების შინაარსი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ იგი ხარვეზს ვერ შეავსებდა (ტომი II, ს.ფ. 12).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით, იგი უნდა ჩაჰბარდეს სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მხარისათვის უწყების ჩაბარება შესაძლებელია მისი სამუშაო ადგილის მიხედვით. ამ დროს უწყება უნდა ჩაბარდეს ორგანიზაციის კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ წესით უწყების ჩაბარება ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინების ასლი აპელანტ პ. ბ-ძეს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: თბილისი, ... გამზირი ¹36 (ტომი 2, ს.ფ. 5). აღნიშნულ მისამართზე პ. ბ-ძისათვის განკუთვნილი სასამართლო გზავნილი ჩაიბარა დ. ხ-იანმა, ორგანიზაციის მენეჯერმა (ტომი 2, ს.ფ. 6). სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინების ასლი პ. ბ-ძეს კვლავ დასახელებულ მისამართზე გაეგზავნა და ისევ დ. ხ-იანს ჩაბარდა. ამ შემთხვევაში საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე გზავნილის მიმღები პირი (დ.ხ-იანი) ხელს აწერს, როგორც კანცელარიის გამგე (ტომი 2, ს,ფ, 10, 11). აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ვადაში ეს განჩინება პ. ბ-ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა (ტომი 2, ს.ფ. 12). გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინება, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორ პ. ბ-ძეს დაევალა ხარვეზის შევსება, იმავე მისამართზე (თბილისი, ... გამზ. ¹36) ჩაიბარა პ. ბ-ძის თანამშრომელმა ნ. მ-ძემ პ. ბ-ძისათვის გადასაცემად (ტომი 2, ს.ფ. 19).

ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი) – თბილისი, ... გამზ. ¹36, წარმოადგენს მისი სამუშაო ადგილის მისამართს. შესაბამისად, აღნიშნულ მისამართზე სასამართლო გზავნილის ორგანიზაციის კანცელარიის თანამშრომლისათვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 და 74-ე მუხლების მიხედვით იძლევა გზავნილის აპელანტისათვის ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველს. საყურადღებოა, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარება ორგანიზაციის თანამშრომლის (კანცელარიის გამგის, მენეჯერის) დ. ხ-იანის მიერ გასაჩივრებული განჩინებით მიჩნეულია გზავნილის ჩაბარებად ადრესატისათვის – აპელანტ პ. ბ-ძისათვის. ამ გარემოების გასაქარწყლებლად კერძო საჩივრის ავტორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, კერძო საჩივარი შემოიფარგლება მხოლოდ იმის აღნიშვნით, რომ აპელანტს სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება არ ჩაბარებია, რაც ზემოაღნიშნულ მოსაზრებათა გამო გაზიარებული ვერ იქნება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.