Facebook Twitter

ას-1311-1155-2010 14 თებერვალი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ პ. კ-ევი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – ე. ლ-ძე

მოწინააღმდეგე მხარეები – ა. კ-ევი, ო. კ-ევა, ე. კ-ევი, ეკ. კ-ევა, ე. კ-ევა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი სარჩელში– უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პ. კ-ევმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. კ-ევის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის პაპამ ფ. კ-ევმა 2010 წლის 27 აპრილს აჩუქა საცხოვრებელი სახლი მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში; ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა სათანადო წესით 2010 4 მაისს და უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მის სახელზე; სადავო ბინაში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცხოვრობენ მოპასუხეები – ა. კ-ევი, მეუღლე და მათი სამი შვილი. მიუხედავად არაერთი მოთოვნისა, მოპასუხეები არ ათავისუფლებენ ბინას.

მოპასუხე ა. კ-ევმა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სადავო უძრავი ქონების ერთი მესამედი წილი, რომელშიც იგი ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად, ეკუთვნის მას. რ. კ-ევმა კი, საკუთრების უფლება მოიპოვა თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე. ამასთან, მოპასუხეთა მხრიდან პ. და რ. კ-ევების მიმართ რაიმე ხელშეშლა არ განხორციელებულა.

ბოლნისის რაიონული სასამართლო 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით პ. კ-ევის კანონიერი წარმომადგენლის - რ. კ-ევის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების: ა. კ-ევის, ო. კ-ევას, ე. კ-ევის, ეკ. კ-ევას და ე. კ-ევას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე პ. კ-ევის სახელზე მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში რიცხული საცხოვრებელი სახლი. მათვე აღეკვეთათ უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელობის ხელშეშლა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. და ი. კ-ევებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინებით აპელანტ ა. კ-ევის განცხადება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა: შეჩერდა საქმის წარმოება ა. კ-ევის სააპელაციო საჩივრის გამო, მოწინააღმდეგე პ. კ-ევის კანონიერი წარმომადგენელ რ. კ-ევის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე სამოქალაქო საქმეზე, ა. კ-ევის სარჩელის გამო, მოპასუხეების - პ. კ-ევისა და ფ. კ-ევის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საერთო თანაზიარი ქონებიდან წილის ნატურით გამოყოფის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ა. კ-ევმა აღძრა სარჩელი მოპასუხეების - პ. კ-ევისა და ფ. კ-ევის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საერთო თანაზიარი ქონებიდან წილის ნატურით გამოყოფის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. კ-ევის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ა. კ-ევის მიერ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით შეტანილ იქნა სააპელაციო საჩივარი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში შესულია 2010 წლის 22 ნოემბერს და იმყოფება დასაშვებობის ეტაპზე.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს წარმოებაში არსებული სააპელაციო საჩივრის განხილვას არსებითი მნიშვნელობა აქვს მოცემული დავის განხილვისათვის, რადგან მოცემული საქმის დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა და აღნიშნული დავა ვერ გადაწყდება, ვიდრე არ დადგინდება ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საერთო თანაზიარი ქონებიდან წილის ნატურით გამოყოფის საკითხი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა პ. კ-ევის წარმომადგენელმა ე. ლ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით: განჩინება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე უკანონო და დაუსაბუთებელია, კერძოდ, საპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტი და საქმის შეჩერების საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ მისი განხილვა შეუძლებელია იმავე სასამართლოს მოსამართლის წარმობაში არსებული ¹2ნ/4136-10 სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ვინაიდან დავა ეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და ხელშეშლის აღკვეთას. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქმის წარმოების შეჩერება ემსახურება საქმის გაჭიანურებას. სააპელაციო სასამართლოს საქმის სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ორივე სამოქალაქო საქმე უნდა ერთ წარმოებად, ვინაიდან ოჯახში დაძაბული მდგომარეობაა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე განიხილა და დაამთავრა ორივე საქმის განხილვა, რომ მხარეს მოთხოვნა აღნიშნული საფუძვლით არ დაუყენებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. კ-ევის წარმომადგენელ ე. ლ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს,

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, საქმის წარმოება შეაჩეროს, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მითითებული ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერება მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, თუ სხვა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არსებით გავლენას ახდენს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ზემოაღნიშნულ ორ საქმეს შორის მნიშვნელოვანი კავშირის არსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არსებობს ა. კ-ევის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

საქმის მასალების შემოწმებამ ცხადჰყო, რომ ა. კ-ევის მიერ აღძრულ იქნა სარჩელი მოპასუხეების - პ. კ-ევისა და ფ. კ-ევის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საერთო თანაზიარი ქონებიდან წილის ნატურით გამოყოფის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. კ-ევის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. კ-ევის მიერ. შესაბამისად, ვიდრე არ გაირკვევა სადავო ქონებაზე - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საერთო თანაზიარი ქონებიდან წილის ნატურით გამოყოფის საკითხი, ამავე ქონებაზე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის საკითხის განხილვა არასწორია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოება შეჩერებულია კანონიერი საფუძვლით, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პ. კ-ევის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.