Facebook Twitter

ას-1313-1157-2010 15 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ხ-ძე (წარმომადგენელი – მ. ნ-უა)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ყ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ხ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას დ. ყ-შვილის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის 21 200 აშშ დოლარის დაკისრება, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხა _ 500 აშშ დოლარი, სარგებელი 300 აშშ დოლარი, ხოლო მიუღებელი პროცენტის სახით ვადაგადაცილებული პერიოდისათვის ზიანი _ 20 200 აშშ დოლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ხ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ხ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინებით ზ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 19 ოქტომბერს 11:00 საათზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2010 წლის 19 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, ზ. ხ-ძის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის განხილვა გადაიდო 2010 წლის 26 ნოემბერს 10:30 საათზე, რის შესახებაც მხარეები გაფრთხილებულები იქნენ ხელწერილით, რომლითაც განემარტათ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები (იხ. ტII, ს.ფ. 48).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბერს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ზ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი, საოქმო განჩინებით, დარჩა განუხილველად.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ხ-ძის წარმომადგენელმა მ. ნ-უამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ 2010 წლის 26 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე ზ. ხ-ძის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რასაც ადასტურებს ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი ¹1070, რომლის თანახმადაც, სასაწრაფო დახმარება გამოძახებულ იქნა 2010 წლის 26 ნოემბერს დილის 8 საათსა და 17 წუთზე და მისი გადაადგილება საფრთხეს უქმნიდა პაციენტის სიცოცხლეს. ამასთან, ავად ყოფნის გამო, მას არც ის შეეძლო, რომ გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე სასამართლოსათვის ეცნობებინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივის ავტორმა მოითხოვა სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლა და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ზ. ხ-ძის წარმომადგენელ მ. ნ-უას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო სასამართლო სხდომაზე და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ. ამასთან, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი მხოლოდ მაშინ, თუ დაადგენს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სხდომის დღის შესახებ მხარეები გაფრთხილებულნი იყვნენ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ 2010 წლის 19 ოქტომბრის სხდომის ოქმით დგინდება, რომ საქმის განხილვა გადაიდო 2010 წლის 15 სექტემბერს 14.00 საათზე, რაზეც ხელწერილი ჩამოერთვათ მხარეებს და დაერთო საქმეს (ტ.II, ს.ფ.45-48), მაგრამ ზ. ხ-ძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც რაიმე საპატიო მიზეზი გამოუცხადებლობის შესახებ ან საქმის განხილვის გადადების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის ზემოაღნიშნული ნორმები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში სრულიად ასაბუთებს ზ. ხ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას.

წარმოდგენილი კერძო საჩივრით ზ. ხ-ძის წარმომადგენელი მ. ნ-უა სადავოდ ხდის გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივარს თან ერთვის ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი ¹1070 (ტ. II ს.ფ. 61). დასახელებული ცნობით ირკვევა, რომ ზ. ხ-ძეს ჯანმრთელობის გაუარესების გამო (სახსრების ტკივილი), 2010 წლის 26 ნოემბერს გაეწია სასაწრაფო სამედიცინო დახმარება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება _ ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი ¹1070, არ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბერს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობას, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე. ამდენად, საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებელი ავადმყოფობის ცნობის წარდგენას მხოლოდ მაშინ მიიჩნევს საქმის განხილვის გადადების საფუძვლად, როდესაც ავადმყოფობა დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათში სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ მითითებული არ არის, ამასთან, ასეთი დასკვნის საფუძველს არც ცნობაში ასახული დიაგნოზი იძლევა. გარდა ამისა, ცნობას ხელს არ აწერს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 19 ოქტომბერს დანიშნული სასამართლო სხდომა, ზ. ხ-ძის შუამდგომლობის საფუძველზე, გადაიდო იმ მოტივით, რომ, ვინაიდან მისმა ადვოკატმა _ მ. ნ-უამ ვერ შესძლო პროცესზე გამოცხადება, იგი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა თავისი უფლებების დაცვას, რაც ცხადყოფს, რომ აპელანტს ჰყავდა წარმომადგენელი (იხ. ტII, ს.ფ. 59-60) და თუ თავად არ შეეძლო, ავადმყოფობის გამო, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულიყო ან ამის შესახებ თავის დროზე, ანუ სხდომამდე ეცნობებინა სასამართლოსათვის, რისი ვალდებულებაც მას ჰქონდა სსსკ-ის 241-ე მუხლის მიხედვით, საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნული შეეძლო მის წარმომადგენელს გაეკეთებინა. ამდენად, კერძო საჩივარში მითითებული მოტივი სასამართლო პროცესზე ზ. ხ-ძის გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ, არ ექვემდებარება გაზიარებას.

ზემოაღშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად, და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ხ-ძის წარმომადგენელ მ. ნ-უას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის საოქმო განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.