Facebook Twitter

ას-1316-1159-2010 31 იანვარი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ხ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “დაცვისა და უსაფრთხოების ელიტარული სამსახური – გ.” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “დაცვისა და უსაფრთხოების ელიტარულმა სამსახურმა – გ.-მ” სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ხ-ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 334 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოთხოვის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2009 წლის 8 სექტემბერს მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება ქ.თბილისში, სოფელ დიღომში არსებული 1800 კვ. მ მიწის ნაკვეთი, ¹1 შენობა-ნაგებობება (ფართი 216 კვ.მ ¹2, მშენებარე). მეზობელ ნაკვეთთან ობიექტის გამიჯვნის მიზნით, წითელი ხაზის შესაბამისად, სრულად ვერ ჩატარდა დაკვალვის სამუშაოები, ვინაიდან, მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრემ არ მისცა აღნიშნული სამუშაოების ჩატარების საშუალება, იმ მოტივით, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილი მის საკუთრებას წარმოადგენს. მოპასუხე ნ. ხ-ძე წარმოადგენს მომიჯნავე 500 კვ. მ-ის ფართის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომელსაც თავისი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, მავთულბადის მესრით 334 კვ. მ უკანონოდ მოქცეული აქვს თავისი მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ¹408 1800 კვ. მ ნაკვეთი ფაქტობრივად არის 1466 კვ. მ, ვინაიდან ¹407 334 კვ. მ ნაკვეთი მავთულბადის მესრით გასცდა ¹408 ნაკვეთის წითელი ხაზით განსაზღვრულ ტერიტორიაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით ¹01.72.14.034.407 წარმოადგენს მის საკუთრებას ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მიწის დაზუსტებული ფართობი შეადგენს 500 კვ. მ-ს და შეძენის დღიდან ფლობს სწორედ იმ ფართს, რაც წარმოადგენს მის საკუთრებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოთხოვილ იქნა მოპასუხე ნ. ხ-ძის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელე შპს დაცვისა და უსაფრთხოების ელიტარული სამსახური – გ.-ს” საკუთრებაში ქ.თბილისში, სოფელ დიღომში არსებული უძრავი ნივთის ნაწილი 334 კვ. მ მიწის ფართობი (შპს “საინჟინრო-საძიებო სამსახურის” 2009 წლის 30 ნოემბრის ფოპოგადაღებაზე, ლურჯით დაშტრიხული ფართობი) და გადაეცა მოსარჩელეს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ნ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ოქტომბრის განჩინება აპელანტის წარმომადგენელ გ. ზ-შვილის რძალს ჩაჰბარდა 2010 წლის 28 ოქტომბერს, შესაბამისად, პალატამ ხარვეზის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, აპელანტისათვის ჩაბარებულად მიიჩნია. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 74-ე მუხლებით და მიუთითა, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადა 2010 წლის 29 ოქტომბრიდან უნდა აითვალოს და აღნიშნული ვადა ამოწურულად მიიჩნია 2010 წლის 8 ნოემბერს. აპელანტმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოს მომართა მითითებული ვადის გასვლის შემდგომ – 2010 წლის 16 ნოემბერს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 63-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ხ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მის გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ოქტომბრის ხარვეზის განჩინება მას არ ჩაჰბარებია, ვიდრე თავად არ მიაკითხა 2010 წლის 2 დეკემბერს სასამართლოს, თანაშემწემ განუმარტა, რომ 2010 წლის 1 ოქტომბრის განჩინება გაეგზავნა მის წარმომადგენელს. იგი აღარ დალოდებია განჩინების ჩაბარებას და მაშინვე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. განჩინება ხარვეზის თაობაზე ჩაჰბარდა მისი წარმომადგელის - გ. ზ-შვილის რძალს. გ. ზ-შვილი პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების დღიდან - 2010 წლის 16 ივნისიდან აღარ არის მისი წარმომადგენელი. სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო მისი ძირითადი მისამართი - ქ.თბილისი, სოფელი დიღომი, ... მიუხედავად ამისა, აღნიშნულ მისამართზე არ იქნა გამოგზავნილი 2010 წლის 1 ოქტომბრის განჩინება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა და სააპელაციო პალატას წარუდგინა დროულად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის დადგენილი ვადა აითვლება მისთვის ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ჩაბარების მომენტიდან. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის გამოსწორების მიზნით მხარისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადა არასწორად აითვალა ხარვეზის დადგენის თაობაზე სასამართლო განჩინების ნ. ხ-ძის წარმომადგენელ გ. ზ-შვილისთვის ჩაბარების მომენტიდან, კერძოდ, სააპელაციო საჩივარში ნ. ხ-ძემ მოითხოვა, რომ გზავნილი ჩაბარებოდა ძირითად მისამართზე - ქ.თბილისი, სოფელი დიღომი, ... (ს.ფ.84). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებულ ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო, მხარისათვის შეტყობინება გაეგზავნა მის მიერ დასახელებულ ძირითად მისამართზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ითვლება, რომ მხარეს, კანონით დადგენილი წესით სასამართლოს შტყობინება არ გაგზავნია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრინდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ხ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.