ას-1317-1160-10 10 იანვარი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ო. მ.” (შეგებებული სარჩელის ავტორი)
წარმომადგენელი _ ა.კ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ო. მ.-ს” მიმართ და მოითხოვა, 2008 წლის 17 იანვარს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს _ 299.40 ლარის დაკისრება.
მოპასუხე შპს “ო. მ.-მ” შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების ღირებულების _ 15568.18 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 9588.86 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “ო. მ.-ს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 299.40 ლარის გადახდა, შპს “ო. მ.-ს” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ო. მ.-მ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინებით შპს “ო. მ.-ს” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ო. მ.-ს” წარმომადგენელმა ა.კ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შპს “ო. მ.-ს” კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტისა და 440-ე მუხლის საფუძველზე დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და ა.კ-შვილის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება შპს “ო. მ.-ს” სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ოპერატორს 2010 წლის 30 დეკემბერს.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში მხარეს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედებები არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ო. მ.-ს” წარმომადგენელ ა.კ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კერძო საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და დაუწესებს იმ საპროცესო მოქმედებას, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შპს “ო. მ.-ს” კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტისა და 440-ე მუხლის საფუძველზე დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და ა.კ-შვილის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება შპს “ო. მ.-ს” სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ოპერატორს 2010 წლის 30 დეკემბერს (იხ.ტ.II, ს.ფ.45).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთი დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. კანონის აღნიშნული დანაწესის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების შპს “ო. მ.-ს” ოპერატორისათვის ჩაბარება უშუალოდ ორგანიზაციისათვის ჩაბარებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადი დენის დაწყების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 31 დეკემბერს და ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე _ 2 იანვარი ემთხვეოდა დასვენების დღეს _ კვირას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, 2011 წლის 3 იანვარს _ ორშაბათს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც შპს “ო. მ.-ს” კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ო. მ.-ს” წარმომადგენელ ა.კ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.