ას-1320-1163-2010 24 იანვარი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ დ. ს-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ა-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ა-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ს-ძის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელესა და მოპაუხე დ. ს-ძეს შორის პარტნიორული ურთიერთობის შედეგად წარმოშობილმა ვალმა შეადგინა 513 000 აშშ დოლარი. ვალის არსებობისა და დაფარვის პირობებზე მხარეებს შორის 2009 წლის 28 ივნისს გაფორმდა შეთანხმების ოქმი. დ. ს-ძემ ვალის გადახდა დაიწყო 2009 წლის ივნისში და იმავე წლის ბოლომდე გადაიხადა 17000 აშშ დოლარი, რის შემდეგ მან შეწყვიტა ვალის გადახდა, იმ მიზეზით, რომ, თითქოს შეექმნა ფინანსური პრობლემები საკუთარ ბიზნესში. დ. ს-ძის ვალის გადაუხდელობამ მოსარჩელე ჩააგდო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.
მოპასუხე დ. ს-ძემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეს აღნიშნული თანხის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია. ის საფუძველი, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს მითითებულ თანხას, წარმოშობილია სრულიად სხვა პირების - რ.ქ-ძესა და მ.მ-შვილს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის პირობებიც მხარეებმა სრულად შეასრულეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დ. ს-ძეს დაეკისრა რ. ა-ძის სასარგებლოდ 513 000 აშშ დოლარის გადახდა. რ. ა-ძის სარჩელი შპს «ს.-ში» დ. ს-ძის კუთვნილი წილის რეალიზაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ს-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით დ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლი დ. ს-ძის წარმომადგენელ გ. ჟ-შვილს ჩაჰბარდა 2010 წლის 6 ოქტომბერს, სააპელაციო საჩივარი კი, შეიტანა 2010 წლის 21 ოქტომბერს. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი 14 - დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც უნდა დარჩეს განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. ს-ძემ, Mმოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არასწორად აითვალა 2010 წლის 20 ოქტომბრიდან. სააპელაციო საჩივარი შპს «საქართველოს უნივერსალურ ფოსტის» ჩაჰბარდა 2010 წლის 20 ოქტომბერს, ხოლო ფოსტამ საჩივარი წარადგინა მომდევნო დღეს 21 ოქტომბერს, შესაბამისად, აპელანტს სააპელაციო საჩივრის გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ს-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელხლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხარის მიერ გასაჩივრებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან მხოლოდ 14 დღის განმავლობაში. ამდენად, კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს და მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტი, საიდანაც უნდა აითვალოს ზემოხსენებული 14-დღიანი ვადა.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 2010 წლის 20 ოქტომბრიდან არასწორად აითვალა, კერძოდ: საქმის მასალებში წარმოდგენილია დ. ს-ძის წარმომადგენლის - გ. ჟ-შვილის მიერ ხელმოწერილი ხელწერილი, რომლის თანახმად მას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლი პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 6 ოქტომბერს, რაც ასევე გაზიარებულ იქნა სააპელაციო პალატის მიერ (ს.ფ.176). სააპელაციო საჩივარი შპს «საქართველოს უნივერსალურ ფოსტას» ჩაჰბარდა 2010 წლის 20 ოქტომბერს, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწის მ. ნ-ძის 2010 წლის 12 ნოემბრის აქტი და მასზე დართული საფოსტო კონვერტი. მითითებული აქტის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინების მიღების შემდეგ 2010 წლის 12 ნოემბერს აღმოჩენილ იქნა, რომ დ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაგზავნილ იქნა ფოსტის მეშვეობით, მაგრამ კონვერტი ჩაკერებული ფორმით დართული იყო არა დ. ს-ძის საჩივრის დედანზე, არამედ ასლზე, რომელიც მოთავსებული იყო ფაილში.
აღნიშნული გარემოება იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა უნდა აეთვალა 2010 წლის 20 ოქტომბრიდან, ანუ იმ მომენტიდან, როდესაც მხარემ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. დასახელებული ნორმების თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2010 წლის 20 ოქტომბერი. საფოსტო კონვერტით უდავოდ დასტურდება, რომ მხარემ საფოსტო განყოფილებას მიმართა იმავე დღეს, ხოლო თავად ფოსტამ სასამართლოს განჩინება ჩააბარა მომდევნო დღეს 2010 წლის 21 ოქტომბერს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს დ. ს-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ს-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.