Facebook Twitter

ას-1329-1171-2010 14 თებერვალი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თ. ღ-შვილი (მოპასუხე ძირითად სარჩელში, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ძე (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი სარჩელში– უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა,

შეგებებულ სარჩელში _ ანდერძის გაუქმება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ღ-შვილის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელემ 1993 წლის 17 დეკემბერს ნ. ზ-კოსაგან შეიძინა ქ.თბილისში, ... გამზირ ¹10-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, რაზედაც გაფორმდა ნასყიდობის ხელშკრულება. 1993 წლის 3 აგვისტოს ნ. ზ-კოს მიერ შედგენილი ანდერძის საფუძველზე მითითებულ მისამართზე მდებარე სახლი გადაეცა მოსარჩელეს, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ბინის შესყიდვის შემდეგ, ნ. ზ-კო საცხოვრებლად გადავიდა მოსარჩელის ბინაში. ნ. ზ-კო გარდაიცვალა 2007 წლის 21 დეკემბერს. მისი გარდაცვალების შემდეგ მის კუთვნილ ბინაში უნებართვოდ ცხოვრობს თ. ღ-შვილი, რომელიც არ ათავისუფლებს ბინას.

თ. ღ-შვილმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ანდერძის ძალადაკარგულად და გაუქმებულად გამოცხადებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: წარმოდგენილი დოკუმენტები ყალბია, მასზე არ არის მხარეთა ხელმოწერები, არ არის დაცული მისი უფლება ფართის უპირატესი შესყიდვის შესახებ, ვინაიდან მას, როგორც თანამესაკუთრეს, ეკუთვნოდა გაყიდვის შემთხვევაში ბინის ყიდვის უფლება, მაგრამ გაიყიდა მისი თანხმობის გარეშე. ხელშეკრულება მოტყუებითაა დადებული, ნ. ზ-კომ არ იცოდა ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსი და ისე მოაწერა ხელი. სადავო ქონება თ. ღ-შვილს მიღებული აქვს სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით, ვინაიდან ნ. ზ-კოს გარდაცვალების შემდეგ მან განაგრძო ამ ბინით სარგებლობა. ლ. ბ-ძე არაკეთილსინდისიერი შემძენია. ნ. ზ-კომ მის სახელზე დატოვა ახალი ანდერძი, რითაც პირველი ანდერძი გაუქმდა.

თ. ღ-შვილმა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მას გააჩნია ამ ფართის ფლობის უფლება, რომელიც მას ნ. ზ-კომ გადასცა და არ არსებობს მისი გამოსახლების საფუძველი, ამასთან, მოთხოვნა ხანდაზმულია.

ლ. ბ-ძემ შეგეგებული სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ ანდერძიც და ნასყიდობის ხელშეკრულებაც გაფორმებულია მხარეებს შორის კანონიერად, ამასთან, მოთხოვნა ხანდაზმულია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. ღ-შვილის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, ... ქ. ¹10-ში მდებარე ლ. ბ-ძის სახელზე რიცხული 22 კვ.მ ფართი. თ. ღ-შვილის შეგებებული სარჩელი ანდერძისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ღ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით თ. ღ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 16 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და მხარეს დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 160 ლარისა და სადავო ფართის საბაზრო ღირებულების 4%-ის გადახდა, ასევე ამ ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, ხოლო ამავე სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განჩინებით მას ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით გაუგრძელდა, სახელმწიფო ბაჟის სრულად გადასახდელად იმ მტკიცებულების წარმოსადგენად, რომლითაც იგი განსაზღვრავს სადავო ფართის საბაზრო ღირებულებას. სააპელაციო პალატამ 2010 წლის 30 ივლისის განჩინებით არ გაიზიარა თ. ღ-შვილის არგუმენტები, იმის თაობაზე რომ მას მხოლოდ ერთი მოთხოვნა გააჩნია და დანარჩენი წარმოადგენს ამ მოთხოვნის თანმდევ შედეგებს და კვლავ გაუგრძელდა აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 5 დღით და განემარტა, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებული სადავო ფართის ღირებულება – 4 400 ლარი არ შეესაბამებოდა სადავო ფართის რეალურ საბაზრო ღირებულებას, რის გამოც აპელანტს უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომელიც განსაზღვრავდა სადავო ფართის რეალურ საბაზრო ღირებულებას. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. ღ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: რეალობას არ შეესაბამება სააპელაციო პალატის მითითება, რომ თ.ღ-შვილმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის დარღვევით ხარვეზი ვადაში არ გამოასწორა. სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის ხარვეზის განჩინება მას (თ. ღ-შვილს) ჩაჰბარდა 2010 წლის 18 ივნისს, რომლითაც დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარისა და სადავო ფართის ღირებულების 4%-ის გადახდა, ამავე განჩინებით დაევალა სადავო ფართის რეალური საბაზრო ღირებულების მტკიცებულების წარმოდგენა, როსთვისაც განესაზღვრა 5 - დღიანი ვადა. მან სახელმწიფო ბაჟი დროულად – 2010 წლის 21 ივნისს გადაიხადა, ხოლო ხარვეზის სრულად შესავსებად მოითხოვა საპროცესო ვადის 14 დღით გაგრძელება. სააპელაციო პალატის 2010 წლის 2 ივლისის განჩინება, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე ჩაჰბარდა 2010 წლის 17 ივლისს. აღნიშნული განჩინებით საპროცესო ვადა გაუგრძელდა 5 დღით, რითაც შეიზღუდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები. საპროცესო ვადის გაგრძელებისას საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა უნდა განისაზღვროს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით, ანუ სასამართლოს მიერ უნდა დაინიშნოს ისეთი ვადა, რომელშიც შესაძლებელი იქნება საპროცესო მოქმედების შესრულება. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა მითითებული დავალებების შესასრულებლად აშკარად შეუსაბამო და არასაკმარისი იყო. ფაქტობრივად მხარემ სრულად შეავსო ხარვეზი და სასამართლოს 2010 წლის 17 ივლისს წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის (160+150) ქვითარი და სადავო საგნის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება-აუდიტის დასკვნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ღ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

ამავე კოდექსის 206-ე მუხლის თანახმად, მხარეები ვალდებულნი არიან, საქმის მომზადების მიზნით შეასრულონ მოსამართლის მითითებები. არასაპატიო მიზეზით წერილობითი მასალების წარუდგენლობა ან ახვა მოქმედების შეუსრულებლობა ართმევს მხარეს უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტ თ. ღ-შვილს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად 2010 წლის 16 ივნისის განჩინებით მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 5 - დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 160 ლარისა და სადავო ფართის საბაზრო ღირებულების 4%-ის გადახდის, ასევე ამ ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოსადგენად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

დადგენილია, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, ხოლო ხარვეზის სრულად შესავსებად მოითხოვა საპროცესო ვადის 14 დღით გაგრძელება, სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განჩინება, რომლითაც ხარვეზის სრულად შესავსებად ვადა 5 დღით გაუგრძელდა თ. ღ-შვილს ჩაჰბარდა 2010 წლის 14 ივლისს. 17 ივლისს აპელანტმა წარადგინა შპს „აუდიტთა“ დასკვნა. პალატამ მიიჩნია, რომ დასკვნაში მითითებული სადავო ფართის ღირებულება 4 4000 ლარი არ შეესაბამებოდა სადავო ფართის რეალურ საბაზრო ღირებულებას. სააპელაციო პალატის 2010 წლის 30 ივლისის განჩინებით თ. ღ-შვილს დაევალა სადავო ფართის რეალური საბაზრო ღირებულების დამდგენი მტკიცებულების წარმოდგენა 5 დღის ვადაში. აღნიშნული განჩინება მხარეს ჩაჰბარდა 2010 წლის 20 ოქტომბერს. აპელანტმა 2010 წლის 26 ოქტომბერს ისევ მიმართა სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. სააპელაციო პალატამ აპელანტს არაერთხელ გაუგრძელა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების მიზენშეუწონლობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი, არ გადიხადა სახელმწიფო ბაჟი და არ წარუდგინა მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოს, რომელიც განსაზღვრავდა სადავო ფართის რეალურ საბაზრო ღირებულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 64-ე, 206-ე, 368-ე, 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ღ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.