ბს-1217-792(კ-05) 22 მარტი, 2006 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ინდ. მეწარმე “კ. ბ-მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე _ ქალაქ ზესტაფონის გამგეობისათვის 24072 ლარის დაკისრება მის სასარგებლოდ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2004წ. 12 ოქტომბერს მასა და მოპასუხეს შორის დაიდო ერთთვიანი ხელშეკრულება ქ. ზესტაფონში ... და ... ქუჩების ფილების კაპიტალური შეკეთების შესახებ. ვინაიდან ხელშეკრულება ძალაში შევიდა მისი ხელმოწერისთანავე, მან დაუყოვნებლივ დაიწყო სამუშაოების შესრულება. ვიდრე მოპასუხე თანხებს გადმორიცხავდა, მან საკუთარი ხარჯები ჩაასესხა 1000 კვ.მ ფილა, რისთვისაც შრომითი ხელშეკრულება გაფორმეუბლი ჰქონდა ცხრა პირთან.
ინდ. მეწარმე “კ. ბ-მ” 2004წ. 01 ნოემბერს მოპასუხისაგან მიიღო წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ზესტაფონის საკრებულო ითხოვდა აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმებას.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმდებოდა ხელშეკრულება, ინდ. მეწარმე “კ. ბ-ს” შემოთავაზება ჰქონდა “სამცხე ავტო გზის” ადმინისტრაციისაგან, რომელსაც უარი განუცხადა ზესტაფონის გამგეობასთან შეთანხმებული ხელშეკრულების გამო. მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გასვლით საწარმომ განიცადა მატერიალური ზარალი იმ თვალსაზრისით, რომ სხვა დამკვეთებთან არ გააფორმა ხელშეკრულება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის გადაწყვეტილებით ინდ. მეწარმე “კ. ბ-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მის სასარგებოდ დაეკისრა 5371 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ზესტაფონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებითუ კ. ბ-ის სარჩელის უარყოფა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, აგრეთვე, ინდმეწარმე “კ. ბ-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება 15059 ლარზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზესტაფონის რაიონის გამგეობას ინდ. მეწარმე “კ. ბ-ის” სასარგებლოდ დაეიკსრა 12460 ლარის გადახდა. ხოლო ინდ. მეწარმე “კ. ბ-ს” დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 373 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2004წ. 12 ოქტომბერს ზესტაფონის გამგეობასა და ინდ. მეწარმე “კ. ბ-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ინდმეწარმე “კ. ბ-ე” ვალდებული იყო ეწარმოებინა ქ. ზესტაფონში... და ... ქუჩების ფილებით მოპირკეთება ერთი თვის ვადაში. აგრეთვე ისიც, რომ ხელშეკრულებას ერთვოდა დეფექტური აქტი და ხარცთაღრიცხვა. ხელშეკრულება ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულებიდან ამონაწერი ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო აგრეთვე ისიც, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით ინდ. მეწარმე “კ. ბ-მ” ჩამოასხა ქუჩის მოსაპირკეთებელი ფილა 1000 კვ.მ-ის ოდენობით, ერთი კვ.მ _ 6 ლარად. ხარცთაღრიცხვით ერთი კვადრატული მეტრი ფილის ღირებულება განსაზღვრული იყო 10 ლარით. ხარცთაღრიცხვით გათვალისწინებული ზედნადები ხარჯები შეადგენდა 4089 ლარს, გეგმიური დაგროვება კი 2371 ლარს.
პალატამ ჩათვალა. რომ ზესტაფონის საკრებულოს 2004წ. 13 ოქტომბრის ¹10 დადგენილების საფუძველზე ქ. ზესტაფონის გამგეობამ შეწყვიტა 2004წ. 12 ოქტომბრის ხელშეკრულება. ქ. ზესტაფონის გამგეობის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ინდ. მეწარმე “კ. ბ-ს” ეცნობა 2004წ. 1 ნოემბერს.
სკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მეწარმეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
სასამართლო აღნიშნა, რომ ვინაიდან ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე იმენარდეს სამუშაოები უნდა შეესრულებინა უმოკლეს ვადაში (ერთ თვეში), ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ინდ. მეწარმე ,კ. ბ-ე” შეუდგა სამუშაოს შესრულებას და დაამზადა 1000 კვ.მ -ის ფილა, ღირებულებით 6000 ლარი. საკუთარი ხარჯით შეიძინა მასალები დაიქირავა მუშაელი. რაკი შემკვეთმა არ შეასრულა ხელშეკრულების 3.2 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება ხარცთაღრცხვით გათვალისწინებული ღირებულების 4-%-ის ჩარიცხვის შესახებ და 2004წ. 01 ნოემბერს ოფიციალურად აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მეწარმეს არ გაუგრძელებია ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ის 411-ე, 412-ე, 636-ე მულები და მიიჩნია, რომ ინდ. მეწარმე “კ. ბ-მ” უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ 1000 კვ.მ ფილის დამზადებაზე ფაქტიურად გაწეული ხარჯი _ 6000 ლარით. ფილის ღირებულება (1 კვ.მ-ის 6 ლარი) სასამართლომ სარწმუნოდ ჩათვალა. რადგან ხარცთაღრიცხვით მისი ღირებულება გაცილებით მეტია (1 კვ.მეტრი _ 10 ლარი).
რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, საამართლომ ჩათვალა. რომ ინდ. მეწარმეს უნდა აუნაზღაურდეს ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ზედნადები ხარჯები და დაგროვების ხარჯები 4089+2371=6460 ლარი, რადგან აღნიშნული შემოსავალი ხელშეკრულების დადების მომენტში ცნობილი იყო მენარდისათვის და მიიღებდა მას, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლომ საბოლოოდ ჩათვალა. რომ ინდ. მეწარმე “კ. ბ-ს” უნდა აუნაზღაურდეს 6000+460=12460 ლარი.
სააპელაციო პალატის 2005წ. 25 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
კასატორი ქ. ზესტაფონის გამგეობა მოითხოვს გასაჩიურებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმია არსებითი განხილვისათვის ხელახლა დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენობისათვის. კასატორმა ქ. ზესტაფონის გამგეობამ თავისი საკასაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლომ დაარღვია საქართევლოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის” შესახებ მე-12 მუხლის I ნაწილის “დ” პუნქტი, მე-13 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტში, მე-20 მუხლის მეორე ნაწილი, 23-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტი და ხელშეკრულების 6.I პუნქტი.
კასატორის მოსაზრებით სასასმართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც საქმეზე გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება. კერძოდ, არ გამოიკვლია შესრულებული სამუშაო, ანუ დამზადებული ფილები იყო თუ არა ნივთობრივად უნაკლო, ინდ. საწარმო ოფიციალურ დონეზე არის თუ არა დარეგისტრირებული და საერთოდ არსებობს თუ არა ეს საწარმო, აქვს თუ არა ფილების ჩამოსხმის პრაქტიკა და სხვა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა საქმის გადადების შესახებ და საქმე განიხილა მის დაუსწრებლად, რითაც წაერთვა უფლება დაეცვა თავისი ინტერესები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმოს მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ზესტაფონის გამგეობის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2004წ. 12 ოქტომბერს ქ. ზესტაფონის გამგეობასა და ინდ. მეწარმე “კ. ბ-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ინდ. მეწარმე “კ. ბ-ე” კისრულობდა ვალდებულებას ქ. ზესტაფონში ... და ... ქუჩებზე ეწარმოებინა კაპიტალური-შეკეთებითი სამუშაოები. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 1 თვით.
ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად ქ. ზესტაფონის გამგეობა ვალდებული იყო, შემსრულებლისათვის შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე 40%-ის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხის 60% სამუშაოს შესრულების შემდეგ არაუგვიანეს 10 დღისა.
დადგენილია, რომ დამკვეთს ზემოაღნიშნული პუნქტით განსაზღვრული თანხა არ გადაუხდია.
2004წ. 13 ოქტომბერს ქ.ზესტაფონის საკრებულომ მიიღო ¹10 დადგენილება, რომლითაც ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მონაწილე მხარე ქ. ზესტაფონის გამგებელი მიჩნეულ იქნა ხელშეკრულების დადებაზე არაუფლებამოსილ პირად და მასვე დაევალა ინდ. მეწარმე “კ. ბ-სთან” გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება. აღნიშნულის თაობაზე კ. ბ-ს წერილობით ეცნობა იმავეწ. 22 ოქტომბერს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ინდ. მეწარმე “კ. ბ-ს” აუნაზღაურდა ფილების დამზადებაზე გაწეული ხარჯი _ 6000 ლარის ოდენობით და მიუღებელი შემოსავალი 6460 ლარის ოდენობით, რასაც არასწორად მიიჩნევს კასატორი და თვლის რომ გადაწყვეტილება მიღებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასათანადო გამოკვლევა – შეფასების გარეშე, რამაც თავის მხრივ, განაპირობა საქმეზე არასწორი და კანონშეუსაბამო გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის საფუძველზე, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდის, რომ საქმე საჭიროებს დამატებით გამოკვლევას.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ მხარეთა შორის დადებულია ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ინდ. მეწარმე “კ. ბ-მ” იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთმა _ ქ. ზესტაფონის გამგეობამ ვალდებულება მენარდისათვის გადაეხადა შეთანხმებული საზღაური.
იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა მხარეთა შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა, საკასაცო სასამართლო თვლის, რომ დავა უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსით ვალდებულებითი ურთიერთობებისათვის დადგენილი ნორმების საფუძველზე.
სკ-ის 415-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.
საქმეში წარმოდგენილია ინდ. მეწარმე “კ. ბ-ის” ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც დასტურდება, რომ ამ უკანასკნელისათვის 2004წ. 19 ოქტომბრისათვის ცნობილი იყო მასთან დადებული ხელშეკრულების უკანონოდ მიჩნევის ფაქტი, რასაც ის არ ეთანხმებოდა. ამდენად ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით 5 დღეში კ. ბ-ისათვის უდავოდ იყო ცნობილი, რომ მასთან დადებული ხელშეკრულება გაუქმდა. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგნად არ ქცეულა, რამდენად იყო შესაძლებელი დროის ამ მონაკვეთში მითითებული ზიანის გამოწვევა და შეეძლო თუ არა პირს ამ ზიანის თავიდან აცილება.
წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად მენარდის ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო უპირისპირდება დამკვეთის ვალდებულაება წინასწარ გადაიხადოს სამუშაოთა ღირებულების ნაწილი. იმის გათვალისწინებით, რომ დამკვეთის მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა, საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს მსჯელობის იმის თაობაზე, რომ ინდ. მეწარმის მხრიდან მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება (ფილების დამზადება) წარმოადგენს მის კომერციულ რისკს თუ ზიანის ანაზღაურების საფუძველს.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას დამზადებული ფილების ოდენობასა და ღირებულებასთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მითითებულ პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა 1 კვ/მ ფილის დამზადებაზე გაწეული ხარჯის დადგენის შესაძლებლობას, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლო მოკლებულია საშუალებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმოს სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ნაწილში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასმართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევა – შეფასების გარეშე, რის გამოც საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ზესტაფონის გამგეობის საკასციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.