ას-1339-1179-2010 15 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – თ. შ-ია, ნ. ა-ია
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ბ-ია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 6 მაისს ა. ბ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: მ. გ-იას, ნ. ა-იას, ნ. ა-იას, თ. შ-იას, ს., ა. და ლ. ა-იების მიმართ და მოითხოვა თავის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ... გამზირი ¹46, ბინა ¹51-ში მდებარე ბინის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ბ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ა. ბ-იას საკუთრებაში არსებული, თბილისში, ... გამზირი ¹46, ბინა ¹51-ში მდებარე უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ-იამ, ნ. ა-იამ, ნ. ა-იამ, ს., ა., ლ. ა-იებმა და თ. შ-იამ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მ. გ-იას, ნ. ა-იას, ნ. ა-იას, თ. შ-იას, ს., ა. და ლ. ა-იების სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და ამავე სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საქმის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 6 დეკემბერს 15:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეუწყათ კანონით დადგენილი წესით (იხ. ტ.II ს.ფ.32-34, ს.ფ.44-56).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 დეკემბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტების: ნ., ს., ლ., ა. ა-იებისა და თ. შ-იას გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მათი სააპელაციო საჩივარი, საოქმო განჩინებით, დარჩა განუხილველად.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ა-იამ და თ. შ-იამ, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ 2010 წლის 6 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო მცირეწლოვანი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რასაც ადასტურებს ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი. ამასთან, თ. შ-იას კანონით დადგენილი წესით სასამართლო უწყება არ ჩაბარებია და, შესაბამისად, არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლა და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ნ.ა ა-იასა და თ. შ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო სასამართლო სხდომაზე და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ. ამასთან, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი მხოლოდ მაშინ, თუ დაადგენს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით, კერძოდ, საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინებებით დგინდება, რომ 2010 წლის 6 დეკემბერს ჩანიშნული სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის შესახებ მხარეები გაფრთხილებულები იყვნენ კანონით დადგენილი წესით (ტ.II, ს.ფ.48-54), თუმცა არც ნ. ა-ია და არც თ. შ-ია სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც რაიმე საპატიო მიზეზი გამოუცხადებლობის შესახებ ან საქმის განხილვის გადადების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტი მასზე, რომ თ. შ-ია კანონით დადგენილი წესით, სასამართლო სხდომის დღისა და დროის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა, საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
წარმოდგენილი კერძო საჩივრით ნ. ა-ია და თ. შ-ია სადავოდ ხდიან გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავენ, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მათი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივარს თან ერთვის ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი (ტ. II ს.ფ. 83). დასახელებული ცნობით ირკვევა, რომ მათ შვილს ს. ა-იას ჯანმრთელობის გაუარესების გამო (ინფექციური ავადმყოფობა), 2010 წლის 6 დეკემბერს გაეწია სასაწრაფო სამედიცინო დახმარება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის მიერ მითითებული გარემოებანი საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება და წარმოდგენილი მტკიცებულებით, არ დგინდება ისეთი გარემოება, რომელიც 2010 წლის 6 დეკემბრის სასამართლო პროცესზე ნ. ა-იასა და თ. შ-იას გამოუცხადებლობასა და მათ მიერ აღნიშნულის შესახებ სააპელაციო პალატისათვის შეტყობინებას ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა. კერძო საჩივარზე დართული ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი არ ადასტურებს საქმის განხილვის დღეს აპელანტის ან მისი ოჯახის წევრის ისეთი ავადმყოფობის ფაქტს, რაც მხარეს თავისი საპროცესო მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლიდა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე. ამდენად, საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებელი ავადმყოფობის ცნობის წარდგენას მხოლოდ მაშინ მიიჩნევს საქმის განხილვის გადადების საფუძვლად, როდესაც ავადმყოფობა დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათში სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ მითითებული არ არის, ამასთან, ცნობას ხელს არ აწერს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი. ამდენად, კერძო საჩივარში მითითებული მოტივი სასამართლო პროცესზე ნ. ა-იასა და თ. შ-იას გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ, არ ექვემდებარება გაზიარებას.
ზემოაღშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სასამართლო სხდომაზე აპელანტთა გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად, და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ა-იასა და თ. შ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.