საქმე ¹ას-134-128-2010 22 მარტი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ბ-ია (შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ს-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება, ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა, ნივთების დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ს-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ბ-იას მიმართ არასრულწლოვანი მ. ბ-იას რჩენისათვის ალიმენტის _ თვეში 200 ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნისას მხარეებს შეეძინათ შვილი _ მ. ბ-ია. იგი პირველი ჯგუფის ინვალიდია და საჭიროებს ძვირადღირებულ მკურნალობასა და მოვლას. მოპასუხე კი თავს არიდებს შვილის რჩენას.
ა. ბ-იამ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. ს-იას მიმართ შვილის _ მ. ბ-იას აღსაზრდელად გადაცემისა და ა.ბ-იას კუთვნილი 4050 ლარის ღირებულების ნივთების დაბრუნების თაობაზე იმ მოტივით, რომ მ.ს-იას მიერ მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობის გადახდა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ა.ბ-იას ოჯახს. მან კუთვნილი ბინა აჩუქა მ. ბ-იას, საიდანაც მოსარჩელემ, მისი ნებართვის გარეშე გაიტანა და მიითვისა ა.ბ-იას კუთვნილი მოძრავი ნივთები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ს-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა. ბ-იას დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის _ მ. ბ-იას სასარგებლოდ 2009 წლის 3 აგვისტოდან მის სრულწლოვანებამდე ალიმენტის _ თვეში 100 ლარის გადახდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში ა. ბ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებით აპელნატს დაევალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება, უკვე გადახდილი 150 ლარის ოდენობის სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედნის ან ამავე თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. 2010 წლის 18 იანვრის განცხადებით ა.ბ-იამ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა მისთვის ალიმენტის სახით დაკისრებული 100 ლარის ნაცვლად ყოველთვიურად შვილის სარჩენად 50 ლარის დაკისრება. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტი სადავოდ ხდის რა ყოველთვიურად 50 ლარის გადახდევინებას, მისი სააპელაციო საჩივრის ღირებულებაა 600 ლარი. ამავე კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული სააპელაციო საჩივრის ღირებულება კანონით დადგენილ 1000 ლარზე ნაკლებია, რის გამო იგი უნდა დარჩეს განუხილველად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მხარეს დაუბრუნა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. ბ-იამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი, როდესაც მიიჩნია, რომ ა.ბ-იას სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 600 ლარს შეადგენდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ბ-იას დაეკისრა ალიმენტის _ 100 ლარის გადახდა, რაც ერთ წელზე გაანგარიშებით 1200 ლარია. სწორედ აღნიშნული თანხა წარმოადგენს სადავო სააპელაციო საჩივრის ღირებულებას და აპელანტი აღნიშნული ოდენობით ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის შემცირებას.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ს-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ა. ბ-იას დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის ალიმენტის _ თვეში 100 ლარის გადახდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება ალიმენტის სახით 50 ლარის დაკისრების ნაწილში ა. ბ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა ყოველთვიურად შვილის სარჩენად 100 ლარის ნაცვლად მისთვის 50 ლარის დაკისრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის მოსაზრება, რომ ავ.ბ-იას სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1200 ლარს შეადგენს, ვინაიდან მოცემული დავა ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ალიმენტის გადახდევინებას და მისი ღირებულება განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით კი, გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელის დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-იას დაეკისრა რა არასრულწლოვანი შვილის _ მ. ბ-იას სარჩენად ალიმენტის _ ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა, სააპელაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხა აღნიშნულ ოდენობას მხოლოდ 50 ლარის ნაწილში და 2010 წლის 18 იანვრის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტებისას მოითხოვა მისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად არა 100, არამედ 50 ლარის დაკისრება, შესაბამისად, აპელანტმა სადავოდ გახადა მისთვის 50 ლარის გადახდევინების ფაქტი და სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა გამოანგარიშდეს 50 ლარის ერთ წელზე (12 თვეზე) გაანგარიშებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ა. ბ-იას სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 600 ლარით სწორად განსაზღვრა და მიიჩნია, რომ იგი კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას _ 1000 ლარს არ აღემატება, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ბ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.