ას-1348-1187-2010 24 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ლ. მ-ოვა, ე. ტ-იანი
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ-ოვი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – განჩინების აღსრულების განაწილვადება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-ოვამ და ე. ტ-იანმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ. მ-ოვის მიმართ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანისა და უძრავ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეები არიან 1991 წელს გარდაცვლილი ა. მ-ოვას შვილები, რომლის სამკვიდროს შეადგენდა ქ.თბილისში, ... II ჩიხში მდებარე უკანონო ¹6 სახლთმფლობელობა და მიწის ნაკვეთი. მოპასუხე არის მათი აწ გარდაცვლილი ძმის შვილი. ლ.მ-ოვამ და ე.თ-იანმა სამკვიდრო დროულად ვერ მიიღეს ქონების დაკანონებისათვის საჭირო თანხების არქონის გამო, ხოლო გ.მ-ოვი ცდილობს მთელი ქონების დასაკუთრებას, რისთვისაც მიმართა სანოტარო ბიუროს და მიიღო სამკვიდრო მოწმობა. 2004 წლის 22 ოქტომბერს მოსარჩელეებმა სამკვიდრო უძრავი ქონება დააკანონეს დედის სახელზე, რა დროიდანაც უნდა აითვალოს სამკვიდროს მისაღები 6-თვიანი ვადა და მოსარჩელეებს გამოეყოთ დედის დანაშთი ქონებიდან თითოეულს 1/3.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ოვას და ე. თ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი და ლ. მ-ოვასა და ე. თ-იანს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის _ 500 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. მ-ოვამ და ე. თ-იანმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის განჩინებით, ამავე სასამართლოს 2007 წლის 12 იანვრის განჩინების შესავალ, აღწერილობით, სამოტივაციო და დადგენილებით ნაწილში დაშვებული უსწორობა გასწორდა და “თ-იანის” გვარად მიეთითა “ტ-იანი”. ამავე განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: დაეკისროთ აპელანტებს, ლ. მ-ოვასა და ე. ტ-იანს სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში.
2010 წლის 18 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართეს ლ. მ-ოვამ და ე. ტ-იანმა და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინების აღსრულების განაწილვადება ერთ წლამდე ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ლ. მ-ოვასა და ე. ტ-იანის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მათ სამოქალაქო საქმეზე 2007 წლის 12 იანვარს გამოტანილი განჩინების აღსრულება განაწილვადდა 5 თვის ვადით.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. მ-ოვამ და ე. ტ-იანმა, მოითხოვეს მისი ნაწილბრივ გაუქმება და აღსრულების ხარჯებიანად 535 ლარის გადახდის განაწილვადება ერთი წლის ვადით იმ საფუძვლით, რომ იმყოფებიან მძიმე ეკონომიურ გაჭირვებაში, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული აქვთ და არავითარი შემოსავალი პენსიის გარდა არ გააჩნიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ზ. ლ. მ-ოვასა და ე. ტ-იანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
მითითებული ნორმა ემსახურება რა გადაწყვეტილების აღსრულებას, გულისხმობს სასამართლოს კომპეტენციას დაადგინოს გადაწყვეტილების ეტაპობრივად აღსრულება _ განაწილვადება, რომლის დროსაც სასამართლო, გონივრული საფუძვლის არსებობისას, განსაზღვრავს დროს, რომელშიც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ეტაპობრივი აღსრულება, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი ქონებრივი მდგომარების ამსახველი დოკუმენტებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების გათვალისწინებით, სწორად განსაზღვრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინების აღსრულების განაწილვადება 5 თვის ვადით, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. მ-ოვასა და ე. ტ-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.