¹ას-1351-1190-10 3 იანვარი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «...ბანკი»
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს «...ბანკმა» განცხადებით მიმართა სასამართლოს შპს «ს. ცენტრის», ე. დ-იანისა და გ. ს-ძის მიმართ გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების გზით მოპასუხეთათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 ივნისის გადახდის ბრძანებით სს «...ბანკის» განცხადება დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს განმცხადებლის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 118099 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხე შპს «ს. ცენტრს» სს «...ბანკის» სასარგებლოდ დაეკისრა 15320.04 აშშ დოლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადახდის ბრძანებაზე შესაგებელი (პროტესტი) შეიტანეს მოპასუხეებმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლკის 23 ივნისის განჩინებით ამავე კოლეგიის 2009 წლის 11 ივნისის გადახდის ბრძანება გაუქმდა და სს «...ბანკის» განცხადება განხილულ იქნა სასარჩელო წარმოების წესით. ამავე სასამართლოს 2009 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს «...ბანკის» სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «ს. ცენტრს», გ. ს-ძესა და ე. დ-იანს სს «...ბანკის» სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 118099 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხე შპს «ს. ცენტრს» სს «...ბანკის» სასარგებლოდ დაეკისრა 15320.04 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის _ 5000 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «ს. ცენტრის”, გ. ს-ძის და ე. დ-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის განაწილების ნაწილში შეიცვალა და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს «...ბანკს» სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სასარჩელო განცხადებაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 (ხუთი ათასი) ლარის ნახევარი _ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი. 1250 (ათას ორასორმოცდაათი) ლარი¼ დაეკისრათ შპს «ს. ცენტრს”, გ. ს-ძესა და ე. დ-იანს სოლიდარულად სს «...ბანკის» სასარგებლოდ, გ. ს-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი (2010 წლის 8 იანვარს გადახდილი 150 ლარი, 2010 წლის 15 მარტს გადახდილი 105 ლარი) სახელმწიფო ბაჟის 255 (ორას ორმოცდათხუთმეტი) ლარის ნახევარი _ 127.50 (ას ოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი, სს «...ბანკს» შპს «ს. ცენტრის”, გ. ს-ძისა და ე. დ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 63.75 (სამოცდასამი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, რადგანაც მხარეებს იგი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ.
სს «...ბანკმა» განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების განმარტება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სს «...ბანკის» განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივლისის განჩინების განმარტების შესახებ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივლისის განჩინება განიმარტა შემდეგნაირად: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების მეორე პუნქტი შპს «ს. ცენტრისათვის», გ. ს-ძისა და ე. დ-იანისათვის 1916.02 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სს «...ბანკის» სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების მეორე პუნქტი უცლვლელად დარჩა 116 182.98 (118 099-1916.02) აშშ დოლარის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ს-ძემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს კერძო საჩივარი შეტანილია თუ არა კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. ამდენად, დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა, კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის აღდგენა თუნდაც მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვების შემთხვევაშიც კი არ დაიშვება.
განსახილველი საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა გ. ს-ძე, ასევე ირკვევა, რომ დასაბუთებული განჩინება გ. ს-ძეს გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე _ ქ.თბილისი, ... ჩიხი ¹3. საქმეში არსებული კურიერის აქტის თანახმად, რომელიც შედგენილია 2010 წლის 8 ოქტომბერს (იხ. ტ.II, ს.ფ.159), მითითებულ მისამართზე გ.ს-ძე აღარ ცხოვრობს _ წასულია ოჯახიდან, რასაც ადასტურებს ადრესატის ცოლის და. საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს «სკს-ს» შეტყობინების ბარათი, დათარიღებული 2010 წლის 29 ოქტომბრით (იხ.ტ.II, ს.ფ.161), რომელითაც ირკვევა, რომ გ. ს-ძის ყოფილმა მეუღლემ შეტყობინების ჩაბარებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ გ.ს-ძესთან ურთიერთობა აღარ აქვს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით კიდეს ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო თავად წყვეტს უწყება რომელ მისამართზე გააგზავნოს და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრომა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანამხამად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისმართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარეობს მხარის ვალდებულება, თავადვე აცნობოს სასამართლოს მისამართის შეცვლის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო არასწორ მისამართზე შეტყობინების განმეორებით გაგზავნის შემთხვევაშიც კი შეტყობინებას ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს.
მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ.ს-ძეს სასამართლოსათვის მისამართის შეცვლის თაობაზე არ უცნობებია, ხოლო სააპელაციო პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინება სასამართლომ მისთვის ცნობილ მისამართზე გააგზავნა რა განმეორებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სწორედ გზავნილის განმეორებით ჩაუბარებლობის დღის მომდევნო დღიდან _ 30 ოქტომბრიდან დაიწყო და ამოიწურა ამავე წლის 11 ნოემბერს, გ.ს-ძემ კი სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა 2010 წლის 6 დეკემბერს (იხ.ტ.II, ს.ფ.175), კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ს-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.