Facebook Twitter

ას-1358-1196-2010 23 თებერვალი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ფ-შვილი (წარმომადგენელი მ. გ-შვილი)

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. პ-შვილი, ნ. ბ-ძე, ნ. დ-იანი, შპს “ც.”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი _ გარიგების ბათილად ცნობა, სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 26 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. ფ-შვილმა მოპასუხეების _ რ. პ-შვილისა და ნ. ბ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა. მოპასუხეებს შორის 2009 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული მინდობილობის (მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება) ბათილად ცნობა 7500 აშშ დოლარის ნაწილში; ბ. აღნიშნული თანხის ნაწილში 2008 წლის 15 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკარად მ. ფ-შვილის ცნობა (ტომი I, ს.ფ. 1-10).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 მაისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. დ-იანი და შპს “ც.” (ტომი I, ს.ფ. 107-108).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ფ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ 2008 წლის 15 იანვარს რ. პ-შვილსა და ნ. დ-იანს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა რ. პ-შვილმა ნ. დ-იანს ასესხა 20000 აშშ დოლარი. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ... ქ¹58-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნ. დ-იანის კუთვნილი უძრავი ქონება; სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში იპოთეკარად დარეგისტრირდა რ. პ-შვილი; 2008 წლის 17 იანვრის მინდობილობით რ. პ-შვილმა მ. ფ-შვილს მიანიჭა 2008 წლის 15 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის, ხელშეკრულების გაუქმების, თანხის მიღებისა და ამ დავალების შესრულებასთან დაკავშირებით ყველა მოქმედების შესრულების, აგრეთვე, საჭირო დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლებამოსილება; 2008 წლის 15 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლება რ. პ-შვილმა დაუთმო ნ. ბ-ძეს, 2009 წლის 3 ნოემბრის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე; ამ ხელშეკრულების შესაბამისად ნ. ბ-ძე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა იპოთეკარად; თბილისში, ... ქ¹58-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება 2009 წლის 18 ნოემბრიდან რეგისტრირებულია შპს “ც.-ს” სახელზე; მ. ფ-შვილსა და ნ. დ-იანს შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა არ არსებიბს.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ რ. პ-შვილმა მ. ფ-შვილს მიანდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი სახელით გარკვეული მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება, ვერ ადასტურებდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოჩვენებითობას. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მსჯელობა რ. პ-შვილის მიერ გამოვლენილი ნებით მის მიერ რეალურად დადებული გარიგების დაფარვის, ნ. დ-იანთან დადებული გარიგების (სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება) ბათილად, ხოლო მისი იპოთეკარად ცნობის შესახებ უსაფუძვლო იყო.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 104-ე და 107-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ რ. პ-შვილის მიერ მ. ფ-შვილის სახელზე გაცემული მინდობილობა არ წარმოადგენდა მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებას. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, 2009 წლის 3 ნოემბრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება არ იყო ბათილი გარიგება. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მოცემულ შემთხვევაში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 20000 აშშ დოლარის ნაწილში მოთხოვნის მფლობელს წარმოადგენდა რ. პ-შვილი, რომელმაც ეს უფლება დაუთმო ნ. ბ-ძეს, რაც დგინდებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერით. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება გაფორმებული იყო უფლებამოსილი პირის _ მოთხოვნის მფლობელის მიერ, შესაბამისად, სადავო გარიგება არ ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით დადგენილ წესს. რაც შეეხებოდა მოსაზრებას, რომ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას, სასამართლომ იგი არ გაიზიარა, რამდენადაც სადავო ხელშეკრულების სუბიექტების ნება მიმართული იყო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგების წარმოშობისაკენ. შედეგი დადგა _ ნ. ბ-ძე საჯარო რეესტრში დარგისტრირდა იპოთეკარად. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც მ. ფ-შვილის სახელზე გაცემული მინდობილობა არ წარმოადგენდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებას, გარიგების მოჩვენებითობაზე მითითებას ფაქტობრივი საფუძველი ეცლებოდა. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ უკავშირდებოდა იპოთეკარად აღდგენას. გარიგების ბათილად ცნობა იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, რაც გულისხმობს სადავო გარიგებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ბათილობის შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გულისხმობს იპოთეკარად რ. პ-შვილის აღდგენას. ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. ფ-შვილს არ ჰქონდა იურიდიული ინტერესი მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ბათილობის მიმართ (ტომი I, ს.ფ. 169-179).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებითYსარჩელის დაკმაყოფილება. იმავდროულად, აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, რის დასასაბუთებლადაც იმაზე მიუთითა, რომ იყო პენსიონერი და უმუშევარი (ტომი 1, ს.ფ. 191-199).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მ. ფ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება შემდეგნაირად დაასაბუთა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მ. ფ-შვილს მეორედ გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა, კერძოდ, აპელანტს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა, სახელმწიფო ბაჟის სახით 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან მისი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა.

დასახელებული განჩინება აპელანტის წარმომადგენელ მ. გ-შვილს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და ჩაბარდა მის მეუღლეს 2010 წლის 19 ნოემბერს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს ზემომითითებული გზავნილი ჩაბარებულად ითვლებოდა როგორც აპელანტის წარმომადგენლის, ისე თავად აპელანტისთვისაც. ხარვეზის შევსების ვადის ათვლა სასამართლომ დაიწყო 2010 წლის 20 ნოემბერს, რომელიც ამოიწურა 2010 წლის 24 ნოემბერს. რამდენადაც დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი 2, ს.ფ. 28-30).

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მ. ფ-შვილმა კერძო საჩივარი წარადგინა. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

კერძო საჩივრის თანახმად, მ. ფ-შვილის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს წარედგინა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ: მ. ფ-შვილი არის პენსიონერი, მისი ყოველთვიური პენსია (შემოსავალი) შეადგენს 80 ლარს; მ. ფ-შვილი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ ფლობს ფასიან ქაღალდებს, იგი არის მარტოხელა პენსიონერი, არ ჰყავს მეუღლე და შვილები. აპელანტის უმუშევრობის დასადგენად და მასზე უმუშევრობის დამადასტურებელი ცნობის გაცემის მოთხოვნით წარმომადგენელმა მიმართა სახელმწიფოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსა და ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიერ ამ უკანასკნელს ეცნობა, რომ მოთხოვნილ დოკუმენტს ისინი ვერ გასცემდნენ. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მ. ფ-შვილი არსად მუშაობს, თუმცა ამის დამადასტურებელი ცნობის გაცემის მექანიზმი სახელმწიფოს არ გააჩნია. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ზემოთ დასახელებული მტკიცებულებები არ მიიჩნია აპელანტის ქონებრივი მგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად და მხარეს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელა, ამასთან, არ განუმარტა აპელანტს, თუ კონკრეტულად რა მტკიცებულებები უნდა ყოფილიყო მის მიერ წარდგენილი, რითაც მას წაერთვა ხარვეზის შევსების შესაძლებლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას, 2010 წლის 17 სექტემბრის, 26 ოქტომბრის და 16 ნოემბრის განჩინებებში, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ აპელანტის შუამდგომლობაზე, შეაფასა ამ მიზნით სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არსებობდა აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან იგი არის პენსიონერი, უმუშევარი, არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, არ ჰყავს მეუღლე და შვილები. რაც შეეხება აღნიშნულ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებებს, აპელანტის მიერ წარდგენილ იქნა ცნობები პენსიის მიღების შესახებ, ასევე, რომ იგი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ხოლო უმუშევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოს ვერ წარუდგინა, რადგან ასეთი ცნობის გაცემის მექანიზმი სახელმწიფოს არ გააჩნია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის, სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მხარის გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარის გათავისუფლების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის გადახდისუუნარობის დასასაბუთებლად სააპელაციო სასამართლომ საკმარისად არ მიიჩნია ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი ზემოხსენებული მტკიცებულებები, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლოც, ვინაიდან ეს მტკიცებულებები არასაკმარისია აპელანტის რეალური ქონებრივი მდგომარეობის დასადგენად, ისინი სასამართლოს არ უქმნიან რწმენას, რომ აპელანტს მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. საგულისხმოა, რომ აპელანტმა სარჩელზე სრულად გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, ამასთან შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაუყენებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას ჰქონდა სასამართლო ხარჯების გადახდის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ დასაბუთებული არ არის, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის აპელანტის ქონებრივი მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ მას სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვებას ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ფ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.