Facebook Twitter

¹ას-1364-1202-2010 3 თებერვალი, 2011 წელი

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “რ.” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ “საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროექტების განმახორციელებელი ცენტრი” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა, ზიანისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ “საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “რ.-ს” მიმართ და მოითხოვა 2006 წლის 6 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა, მოპასუხისათვის 2007 წლის 28 დეკემბერს გადარიცხული თანხის _ 200000 ლარის დაბრუნება, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს _ 21357 ლარის დაკისრება და მიყენებული ზიანის _ 21357 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სსიპ “საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების განმახორციელებელი ცენტრის” სარჩელი შპს “რ.-ს” მიმართ დაკმაყოფილდა, შპს “რ.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 200000 ლარის გადახდა, შპს “რ.-ს” პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 21357 ლარისა და ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის _ 71189,90 ლარის ანაზღაურება. ამავე კოლეგიის 2010 წლის 13 მაისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მის ძალაში დატოვების შესახებ შპს “რ.+-მა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შპს “რ.+-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის ნაწილის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, დანარჩენი 6850 ლარის გადახდა კი მხარეს გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტ შპს-ს დირექტორ ნ. ფ-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 16 აგვისტოს. ხარვეზის გამოსწორების მიზნით აპელანტმა სასამართლოს მიმართა ამავე წლის 3 სექტემბერს, 10-დღიანი ვადის დარღვევით და წარადგინა 2010 წლის 20 აგვისტოს 150 ლარის გადახდის ქვითარი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს აპელანტს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს “რ.-ს” დირექტორმა ნ.ფ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო ბაჟი აპელანტმა გადაიხადა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ვადაში _ 2010 წლის 20 აგვისტოს, თუმცა დროულად ვერ წარადგინა ქვითარი სასამართლოში მისი დაკარგვისა და შემდგომ აღდგენის გამო. სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლით და მხარისათვის ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადა გაეგრძელებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “რ.-ს” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტ შპს “რ.-ს” დაუდგინდა ხარვეზი და მის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 დღის ვადა. აღნიშნულის შესახებ სასამართლო განჩინება აპელანტის დირექტორ ნ.ფ-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 13 აგვისტოს, რაც მას სადავოდ არ გაუხდია. აპელანტმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით პალატას მიმართა 2010 წლის 3 სექტემბერს, საპროცესო ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ შპს “რ.-ს” სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

დაუსაბუთებელია და რაიმე სამართლებრივ საფუძველს არ ეფუძნება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სასამართლოს ხარვეზის შესავსებად მხარისათვის დადგენილი ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით უნდა გაეგრძელებინა, ვინაიდან სააპელაციო პალატამ სავსებით გონივრული ვადა მისცა აპელანტს და დაავალა სახელმწიფო ბაჟის მხოლოდ მცირედი ნაწილის _ 150 ლარის გადახდა, დანარჩენი 6850 ლარის გადახდა კი გადაუვადა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ვადაში მხარეს სააპელაციო პალატისათვის რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია. ამდენად, სადავო საპროცესო ვადის გაგრძელების საფუძველი არ არსებობდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს ნ.ფ-ძის მითითება აპელანტის მიერ სახელმწოფო ბაჟის 2010 წლის 20 აგვისტოს, ხარვეზის დადგენის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში გადახდის თაობაზე, რადგან ამავე განჩინებით აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში არა მარტო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, არამედ აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსათვის წარდგენა. მითითებული საპროცესო ვალდებულება შპს “რ.-მა” არ შეასრულა, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “რ.-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.