Facebook Twitter

ას-1368-1206-2010 24 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. მ-იანი

მოწინააღმდეგე მხარეები _ ე. ყ-იანი, გ. ყ-იანი

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. ყ-იანმა და გ. ყ-იანმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ა. მ-იანის მიმართ და მოითხოვეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება.

მოპასუხე ა. მ-იანმა, თავის მხრივ შეგებებული სარჩელით მოითხოვა ე. ყ-იანისათვის სესხისა და პროცენტის სახით 55 360 აშშ დოლარის დაკისრება და თანხის ამოღების მიზნით, გ. ყ-იანის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ე. ყ-იანისა და გ. ყ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ა. მ-იანსა და ე. ყ-იანს შორის 2008 წლის პირველ დეკემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და, შესაბამისად, გაუქმდა ამ ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკა გ. ყ-იანის უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე _ ქ. თბილისი, ... გამზირი ¹51, კორპუსი ¹2, ბინა ¹25. ა. მ-იანის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, ე. ყ-იანის სასარგებლოდ, დაეკისრა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 2655.30 ლარის გადახდა და ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ, 1000 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-იანმა და მოითხოვა მისი გაუქმება ე. და გ. ყ-იანების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინებით ა. მ-იანის წარმომადგენლის ვ. ლ-შვილის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა და ა. მ-იანის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება. ა. მ-იანს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა გადავადებული ბაჟის ნახევარი 1060 აშშ დოლარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე, ა. მ-იანის წარმომადგენელმა (წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებში მარწმუნებლისაგან მინიჭებული ჰქონდა სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება) იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო. 2010 წლის 27 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმაც დაადასტურა, რომ თუ ვერ მიიღწეოდა მხარეთა შორის მორიგება, იგი უარს ამბობდა სააპელაციო საჩივარზე, რის გამოც აღნიშნული შუამდგომლობის განხილვა მხარეთა მორიგების მიზნით გადაიდო სხვა დროისთვის.

იმის გამო, რომ 2010 წლის 17 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებით სასამართლოსათვის, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, მორიგება ვერ შედგა, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ემსჯელა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შუამდგომლობაზე და მიიჩნია, რომ აპელანტის გამოუცხადებლობა მიუთითებდა მისი მხრიდან სააპელაციო საჩივრის განხილვის ინტერესის არარსებობაზე, რის გამოც შეწყვიტა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. მ-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მან საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა მისი მატერიალური მდგომარეობის გამო, ვინაიდან, როგორც მოსამართლემ განუმარტა, შესაძლოა მას, როგორც წაგებულ მხარეს, დაკისრებოდა გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომლის გადახდასაც ვერ შეძლებდა და ჩავარდებოდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. სწორედ ამის გამო, მოითხოვა, მორიგების მიზნით სხდომის გადადება, რაც არ ნიშნავდა იმას, რომ მას არ ჰქონდა სააპელაციო საჩივრის განხილვის ინტერესი. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თვითონაც და თავისი წარმომადგენელიც საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ სასამართლო სხდომას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. მ-იანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

განსახილევლ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე აპელანტ ა. მ-იანის წარმომადგენელმა ვ. ლ-შვილმა, რომელსაც წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებში მარწმუნებლისაგან მინიჭებული ჰქონდა სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება (იხ. ტ. I ს.ფ. 69), იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა (იხ. ტ I, ს.ფ. 52). საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ სხდომის თავმჯდომარის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შედეგების განმარტების შემდეგ, აპელანტის წარმომადგენელმა, მხარეთა შორის შესაძლო მორიგებასთან დაკავშირებით, ითხოვა სხდომის გადადება, რაც დაკმაყოფილდა. (ტ.I ს.ფ. 52-53).

საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე, თავად აპელანტი ა. მ-იანი, იმ პირობით თუ მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგებოდა, თანახმა იყო უარი ეთქვა სააპელაციო საჩივარზე (იხ. ტ. I ს.ფ. 64), რის გამოც საქმის განხილვა კვლავ გადაიდო;

საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ მხარეთა მორიგების მიზნით, 2010 წლის 17 ნოემბრისათვის გადადებულ სასამართლო სხდომაზე არც აპელანტი ა. მ-იანი და არც მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდნენ და არც რაიმე საპატიო მიზეზი გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორმა თავად იშუამდგომლა, მხარეთა შორის მორიგების მიუღწევლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რის გამოც საქმის განხილვა მორიგების მიზნით რამდენჯერმე გადაიდო, ხოლო თავად აპელანტის არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა მისი მხრიდან სააპელაციო საჩივრის განხილვის ინტერესის არქონაზე მიუთითებდა, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილი და სწორად ჩათვალა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა მხოლოდ თავისი მატერიალური მდგომარეობის გამო, ვინაიდან, როგორც მოსამართლემ განუმარტა, შესაძლოა მას, როგორც წაგებულ მხარეს, დაკისრებოდა გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომლის გადახდასაც ვერ შეძლებდა და ჩავარდებოდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის ეს მოსაზრება ვერ იქნება მიჩნეული სააპელაციო პალატის გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობით, ნებისმიერი უფლების რეალაზაცია დამოკიდებულია თვით მხარის ნებაზე. აღნიშნული დებულება გამომდინარეობს სამოქალაქო პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპიდან-დისპოზიციურობის პრინციპი (სსკ-ის მე-3 მუხლი), რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი როგორც მატერიალური, ისე საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინცპიდან გამომდინარეობს მხარეთა საპროცესო უფლება უარი თქვან სარჩელზე (სააპელაციო, საკასაციო საჩივრებზე). განსახილველ შემთხვევაში, ა. მ-იანმა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმით, განკარგა თავისი საპროცესო უფლება, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. მ-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.