¹ას-1380-1216-2010 10 თებერვალი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “პ.-ს” დირექტორი ა. გ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “პ.-მ” განცხადებით მიმართა სასამართლოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საქმის გამარტივებული წესით განხილვა და გადახდის ბრძანების მიღების გზით მოპასუხისათვის 8053,11 ლარისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 მაისის გადახდის ბრძანებით შპს “პ.-ს” განცხადება დაკმაყოფილდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შესაგებლით (პროტესტით) მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის საერთო სასარჩელო წესით განხილვა, რაც ამავე სასამართლოს 2007 წლის 19 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “პ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს “პ.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 8053,11 ლარის განმცხადებლის მიერ წინასწარ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და შპს “პ.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განჩინებით შპს “პ.-ს” საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო.
შპს “პ.-ს” დირექტორმა ა.გ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინებით შპს “პ.-ს” დირექტორ ა.გ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მითითება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება მოპასუხის ცრუ განმარტებასა და გაყალბებულ სხდომის ოქმს, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა, ამდენად, მისი პრეტენზია დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.
პალატის განმარტებით, განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია საპროცესო ნორმები, არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ შეაფასა ან არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. აღნიშნულ გარემოებებზე პალატამ არ იმსჯელა, ვინაიდან მითითებული სცილდებოდა საქმის წარმოების განახლების ფარგლებს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესი ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას მხოლოდ სამოქალაქო საპეროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების დადგენის შემთხვევაში. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებში (განჩინებებში) სასამართლოს მიერ ნორმის გამოყენების მართლზომიერების გადასინჯვის და მითითებული გადაწყვეტილებების საზედამხედველო წარმოების წესით გაუქმების შესაძლებლობას.
ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, განმცხადებლის ამგვარი პრეტენზია წარმოადგენს გადაწყვეტილების საერთო წესით გასაჩივრების და არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს. ასეთად მიჩნევის შემთხვევაშიც კი დაუშვებელი იქნებოდა საქმის წარმოების განახლება, ვინაიდან მათ შესახებ განმცხადებლისათვის ცნობილი იყო საქმის განხილვის პროცესში და მას შეეძლო, საქმის წარმოებისას მოეთხოვა დასახელებულ საკითხების განხილვა, ასეთი შესაძლებლობა კი გამორიცხავს ამ მოტივით საქმის წარმოების განახლებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ განცხადებაზე დართული მტკიცებულებები, (თავდაცვის სამინისტროს წერილები და შედარების აქტები) რომლებიც, მისი განმარტებით, წარმოადგენს ახალ მტკიცებულებებს, მოიპოვება საქმის მასალებში. 2002 წლის 28 ნოემბრის, 2002 წლის 12 დეკემბრის, 2003 წლის 9 იანვრის, 2003 წლის 23 სექტემბრის და 2003 წლის 7 ნოემბრის სასაქონლო ზედნადებებთან დაკავშირებით კი მხარეს სასამართლოსთვის არ დაუსაბუთებია ამ მტკიცებულებათა საქმის განხილვის დროს წარუდგენლობაში მისი არაბრალეულობის დამადასტურებელი საპატიო გარემოება, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს “პ.-ს” დირექტორმა ა. გ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:Lსააპელაციო პალატას სათანადოდ არ გამოუკვლევია შპს “პ.-ს” განცხადების მოტივები და საქმე განიხილა ტენდენციურად. განმცხადებელმა სასამართლოს წარუდგინა სამი შედარების აქტი 6405,72 ლარზე, რაც თავდაცვის სამინისტროს არ გადაუხდია. მეტიც, სამინისტრომ 2007 წლის 14 ივნისს წარადგინა ყალბი შესაგებელი (პროტესტი), რაც სასამართლომ არასწორად გაიზიარა და არ გაითვალისწინა, რომ 2007 წლის 11 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ მოსარჩელის ვალი რამდენჯერმე აღიარა. სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე და 106-ე მუხლები, ვინაიდან განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შედარების აქტები აღარ საჭიროებდნენ დამატებით მტკიცებას. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ”-”ვ” ქვეპუნქტების, მეოთხე, მეხუთე ნაწილების, 202-ე, 203-ე, 217-ე მუხლების დარღვევით სასამართლომ არ მოსთხოვა მოპასუხეს წერილობითი მტკიცებულებების წარდგენა, ასევე განცხადების განხილვისას მოსამართლემ არ მოახსენა პალატას შპს “პ.-ს” განცხადების შინაარსი და განმცხადებელს არ გადასცა მოპასუხის შესაგებელი. სააპელაციო სასამართლოს უნდა გადაესინჯა მის მიერ 2009 წლის 9 თებერვალს და 2010 წლის 15 ნოემბერს მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები და მიეღო ახალი გადაწყვეტილება შპს “პ.-ს” 2009 წლის 2 სექტემბრის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შეწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “პ.-ს” დირექტორ ა. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს.
მოცემულ შემთხვევაში მხარე საქმის წარმოების განახლებას მოითხოვდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ, მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთან, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ცხადყოფს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას შეიძლება საფუძვლად დაედოს მხარის მიერ საქმის წარმოების დასრულების შემდეგ ისეთი გარემოების შეტყობა, რომლებსაც საქმის განხილვის პერიოდში მისი სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში შეეძლო არსებითად ზეგავლენა მოეხდინა საქმის განხილვის შედეგზე. მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით დაადასტუროს მის მიერ მითითებული გარემოების ნამდვილობა. სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის მესამე ნაწილი კი ადგენს, რომ ზემოხსენებული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელმა ზემოთ მითითებულ ნორმებში დასახელებული გარემოების არსებობა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა და ვერ დაასაბუთა, საქმის არსებითად განხილვისას რა საპატიო მიზეზით ვერ წარადგინა ახალი მტკიცებულებები. მეტიც, განმცხადებელი არ უთითებს, რომ მის მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოებები მისთვის ადრე ცნობილი არ ყოფილა.
სავსებით დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილშიც, სადაც სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “პ.-ს” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე რეალურად წარმოადგენს გადაწყვეტილების საერთო წესით გასაჩივრების მცდელობას და არ შეიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლებს.
ამდენად, განმცხადებელი ვალდებული იყო, ემტკიცებინა, რომ მის მიერ წარმოდგენილი შედარების აქტების, სასაქონლო ზედნადებებისა და წერილების შესახებ საქმის არსებითად განხილვისას მისთვის ცნობილი არ იყო, რაც მხარემ ვერ განახორციელა.
სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სასამართლომ შპს “პ.-ს” განცხადების განხილვისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ”-”ვ” ქვეპუნქტები, მეოთხე, მეხუთე ნაწილები, 202-ე, 203-ე, 217-ე, 102-ე, 105-ე და 106-ე მუხლები. სააპელაციო პალატის განჩინებით შპს “პ.-ს” განცხადება მართებულად არ დაკმაყოფილდა და მისი გაუქმების საფუძველი კერძო საჩივარში დასაბუთებული არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “პ.-ს” დირექტორ ა. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.