ას-1381-1217-2010 2 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. დ-იანი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-შვილი-დ-იანი
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საგარეჯოს რაიონულის სასამართლოს 2010 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. გ-შვილი-დ-იანის სარჩელი ბ. დ-იანის მიმართ არასრულწლოვანი შვილის სარჩოდ, ყოველთვიურად ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბ. დ-იანს არასრულწლოვანი შვილის, ე. დ-იანის სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან _ 2010 წლის სექტემბრიდან მის სრულწლოვანებამდე. ბ. დ-იანის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შეწყდა მ. გ-შვილი-დ-იანთან, 2005 წლის 7 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება. ბ. დ-იანს არასრულწლოვანი შვილის _ ე. დ-იანის ნახვისათვის განესაზღვრა თვეში ორი შაბათი-კვირა, ან მშობლების შეთანხმებით, ნებისმიერი სხვა დრო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. დ-იანმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ალიმენტის შემცირება, კერძოდ, შვილის სარჩენად მისთვის, ყოველთვიურად, ნაცვლად 100 ლარისა, 25 ლარის დაკისრება და ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა თვეში 10 დღით, წამოყვანის უფლებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ბ. დ-იანის სააპელაციო საჩივარი ალიმენტის შემცირების ნაწილში დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტი ითხოვდა ყოველთვიურად გადასახდელად დაკისრებული ალიმენტის შემცირებას 75 (100-25) ლარით, სააპელაციო საგნის ღირებულება სსკ-ის 41.1-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენდა 900 (75X12) ლარს, რაც კანონით დადგენილ 1000 ლარზე ნაკლები იყო, შესაბამისად, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. დ-იანმა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ იგი ითხოვდა 100 ლარის ოდენობით დაკისრებული ალიმენტის გაუქმებას, რაც წელიწადში შეადგენს 1200 ლარს, ამდენად, არ არსებობდა ალიმენტის შემცირების ნაწილში მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ბ. დ-იანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბ. დ-იანი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას, რომლითაც მას, არასრულწლოვანი შვილის _ ე. დ-იანის სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან _ 2010 წლის სექტემბრიდან მის სრულწლოვანებამდე. სააპელაციო საჩივრის თანახმად, იგი ითხოვდა ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისთვის, შვილის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად 25 ლარის დაკისრებას, რაც ცხადყოფს, რომ აპელანტმა სადავოდ გახადა ალიმენტის ოდენობა 75 ლარის ნაწილში. ვინაიდან ალიმენტი შემცირდა 75 ლარით, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა გამოანგარიშდეს 75 ლარის ერთ წელზე (12 თვეზე) გაანგარიშებით, რაც არ აღემატება 1000 ლარს.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი ითხოვდა 100 ლარის ოდენობით დაკისრებული ალიმენტის გაუქმებას, რაც წელიწადში შეადგენს 1200 ლარს, ამდენად, არ არსებობდა ალიმენტის შემცირების ნაწილში მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და კანონით. კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა ალიმენტის შემცირების ნაწილში ბ. დ-იანის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 900 (75X12) ლარით, და მართებულად დატოვა იგი განუხილველად დაუშვებლობის გამო, რის გამოც არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. დ-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.