¹ას-138-134-2011 1 აპრილი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ ზ. უ-ძე, ი. ჟ-ია, რ. მ-ავა (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. თ-ია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. თ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ჟ-იას, ზ. უ-ძისა და რ. მ-ავას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. თ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ზ. თ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
ზ. უ-ძემ, ი. ჟ-იამ და რ. მ-ავამ განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის განჩინებით ზ. უ-ძის, ი. ჟ-იასა და რ. მ-ავას განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ზ. უ-ძემ, ი. ჟ-იამ და რ. მ-ავამ. აღნიშნულ კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახლმწიფო ბაჟი.
2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით ზ. უ-ძეს, ი. ჟ-იასა და რ. მ-ავას მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორებს ჩაჰბარდათ 2011 წლის 9 თებერვალს.
ზ. უ-ძემ, ი. ჟ-იამ და რ. მ-ავამ განცხადებით მომართეს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს აღნიშნული კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. უ-ძის, ი. ჟ-იასა და რ. მ-ავას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან პირს.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით ზ. უ-ძეს, ი. ჟ-იასა და რ. მ-ავას მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მათ კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორის _ ი. ჟ-იას დედას ჩაჰბარდა 2011 წლის 9 თებერვალს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 10 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 12 თებერვალს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
გარდა ამისა, ზ. უ-ძემ, ი. ჟ-იამ და რ. მ-ავამ განცხადებით მომართეს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს აღნიშნული კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. უ-ძის, ი. ჟ-იასა და რ. მ-ავას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. უ-ძის, ი. ჟ-იასა და რ. მ-ავას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.