ას-1382-1218-2010 28 თებერვალი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ჰ. მ-შვილი (წარმომადგენელი დ.
ა-ური)
მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. ი-შვილი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 12 ივლისს თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ჰ. მ-შვილმა მოპასუხე ბ. ი-შვილის მიმართ და მოითხოვა მასა და მოპასუხეს შორის 2007 წლის 28 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ნივთის უკან დაბრუნება (ს.ფ. 3-12).
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჰ. მ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელსა და მოპასუხე ბ. ი-შვილს შორის 2007 წლის 28 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ცნობილ იქნა ბათილად და აღიარებულ იქნა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებად, მოსარჩელეს უარი ეთქვა ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასააჩივრა ჰ. მ-შვილმა (წარმომადგენელი დ. ა-ური), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 71-80).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ჰ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას გამოარკვია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება 2010 წლის 27 ოქტომბერს ჩაბარდა ჰ. მ-შვილის დისშვილს ა. ბ-შვილს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გაგზავნილი კორესპონდენცია ბარდება ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ასეთად მიიჩნია ჰ. მ-შვილის დისშვილი _ ა. ბ-შვილი, რომელსაც პირადად ჩაბარდა გზავნილი. აქვე, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მისამართზე, სადაც მოსარჩელის დისშვილს სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა, თავად მოსარჩელეს პირადად ჰქონდა ჩაბარებული სასამართლოს მიერ გაგზავნილი კორესპონდენცია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჰ. მ-შვილის დისშვილის, ა. ბ-შვილის მიერ მოსარჩელისათვის გადასაცემი კორესპონდენციის ჩაბარება უნდა მიჩნეულიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარებად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
კანონის დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჰ. მ-შვილს სადავო გადაწყვეტილება შეეძლო გაესაჩივრებინა ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, 2010 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით. სააპელაციო საჩივარი მან სასამართლოში შეიტანა 2010 წლის 16 ნოემბერს. ამდენად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო (ს.ფ. 87-89).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჰ. მ-შვილმა (წარმომადგენელი დ. ა-ური), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
კერძო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰ. მ-შვილის დისშვილს არ ჩაბარებია. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა საჩივარს თან დაურთო მტკიცებულებები, რომლებითაც ირკვევა, რომ პიროვნება სახელით და გვარით ა. ბ-შვილი, საერთოდ არ ცხოვრობს არც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში (ჰ. მ-შვილის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი) და არც სოფელ ბირკიანში (ჰ. მ-შვილის დროებითი ადგილსამყოფელი). გარდა ამისა, წარდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება სოფლის ფოსტაში ჩაბარდა სოფელ დუისში მცხოვრებ ა. ბ-შვილს, რომლის პირადი ნომერია 08001003656. ეს პიროვნება არ არის აპელანტის დისშვილი და არავითარი ნათესაური კავშირი არ გააჩნია მასთან. ა. ბ-შვილი თავის განცხადებაში, რომელიც კერძო საჩივარს თან ერთვის, განმარტავს, რომ მას ნათესაური კავშირი არა აქვს ჰ. მ-შვილთან, იგი ამ უკანასკნელის თანასოფლელია. სოფელ დუისის ფოსტაში მას გადასცეს საფოსტო კონვერტი და თხოვეს, რომ იგი გადაეცა ჰ. მ-შვილისათვის. მითითებული გზავნილი მან ადრესატს გადასცა 2010 წლის 3 ნოემბერს.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, პირი, რომელსაც სინამდვილეში გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდა, არ წარმოადგენს აპელანტის ოჯახის წევრს ან ნათესავს, იგი მხოლოდ მისი თანასოფლელია, რაც გამორიცხავს იმის მტკიცებას, რომ ადრესატს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი (ს.ფ. 97-100).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ჰ. მ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება და ჰ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლის დასაწყისად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების აპელანტის დისშვილის - ა. ბ-შვილისათვის ჩაბარების დღე _ 2010 წლის 27 ოქტომბერი. აღნიშნული საკითხის შეფსასებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი დანაწესი, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მისი ოჯახის წევრს არ ჩაბარებია. ხსენებული გადაწყვეტილება სინამდვილეში ჩაბარდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მცხოვრებ ა. ბ-შვილს, რომელიც არ არის აპელანტის დისშვილი.
ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივარს თან ერთვის: სოფელ ბირკიანის მაცხოვრებლების მიერ ხელმოწერილი აქტი, რომელიც დამოწმებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯოყოლოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ (ს.ფ. 101); სოფელ დუისის მაცხოვრებლების მიერ ხელმოწერილი აქტი, რომელიც ასევე დამოწმებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დუისის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ (ს.ფ. 102) და ა. ბ-შვილის განცხადება (ს.ფ. 103). დასახელებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ა. ბ-შვილის სახელითა და გვარით მცხოვრები პიროვნება ჯოყოლოს ტერიტორიულ ორგანოში შემავალ სოფლებში არ ირიცხება, ასეთი არც სოფელ დუისის ტერიტორიაზე ცხოვრობს, თუმცა ამ უკანასკნელში ცხოვრობს ა. ბ-შვილი, რომელიც არ არის ჰ. მ-შვილის დისშვილი, მათ ერთმანეთთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვთ. თავად ა. ბ-შვილი თავის განცხადებაში განმარტავს, რომ ჰ. მ-შვილი არის მისი თანასოფლელი და მეზობელი, ნათესაური კავშირი მასთან არა აქვს, 2010 წლის 27 ოქტომბერს სოფელ დუისის ფოსტაში მას ჩააბარეს საფოსტო გზავნილი, რომლის დანიშნულებაც დღემდე არ იცის, ფოსტის მუშაკმა მას აუხსნა, რომ იგი უნდა ჩაებარებინა ჰ. მ-შვილისათვის, მან აღნიშნული გზავნილი ჰ. მ-შვილს გადასცა 2010 წლის 3 ნოემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ზემოხსენებული მტკიცებულებები ასაბუთებენ იმ გარემოებას, რომ პიროვნება, რომელმაც თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების ჰ. მ-შვილისათვის განკუთვნილი ასლი ჩაიბარა, არ წარმოადგენს ამ უკანასკნელის ოჯახის წევრს (დისშვილს). გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გარემოების გასაქარწყლებლად კერძო საჩივრის ავტორის მოწინააღმდეგე მხარეს - ბ. ი-შვილს სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ მას გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა ჰ. მ-შვილს კერძო საჩივრის ასლი. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის 2010 წლის 27 ოქტომბერს ჩაბარების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. თავად კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი მას გადასცა ა. ბ-შვილმა 2010 წლის 3 ნოემბერს. ამ მომენტიდან კი გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადა გასული არაა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2010 წლის 16 ნოემბერს, ანუ გასაჩივრების ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე. ამდენად, მითითებული საფუძვლით ჰ. მ-შვილის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჰ. მ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება და საქმე ჰ. მ-შვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.