Facebook Twitter

¹ას-140-135-2011 9 თებერვალი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. მ-შვილი (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ გ. ყ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ კ. გ-ოვი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. გ-ოვმა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. და გი. მ-შვილების მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთათვის თანხის _ 50640 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 იანვარს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც კ.გ-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა.

ამავე სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გ. მ-შვილის წარმომადგენლების მ.ლ-ძისა და ა.მ-ძის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 იანვრის ¹2/3550-2009 დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაზეც განმცხადებლებმა შეიტანეს კერძო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ.მ-შვილის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. მ-შვილის წარმომადგენელმა გ. ყ-შვილმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის გადაცემიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს გასაჩივრებულ განჩინებაზე დაიშვება თუ არა კერძო საჩივრის შეტანა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გასაჩივრებისათვის აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. დასახელებული ნორმა იმპერატიული ხასიათის ნორმათა რიგს განეკუთვნება და ადგენს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმის ამავე პროცესუალური წესით შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით გ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინება დარჩა უცვლელად. აღნიშნული განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს საბოლოოს და მისი შემდგომი გასაჩივრება საპროცესო კანონმდებლობით არ დაიშვება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. მ-შვილის წარმომადგენელ გ. ყ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე, 419-ე, 185-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. მ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.