ას-141-136-2011 31 მარტი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ დ. მ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. თ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 27 ივლისს დ. მ-შვილმა სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ვ. თ-შვილის მიმართ და მოითხოვა 2009 წლის 31 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაბრუნება.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინებით დ. მ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. მ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით დ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში.
2010 წლის 17 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა დ. მ-შვილმა, მოითხოვა ამავე სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით დ. მ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქმე არ იყო სააპელაციო სასამართლოს განსჯადი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვდა საქმის წარმოების განახლებას იმ განჩინებით დამთავრებულ საქმეზე, რომელიც გამოტანილია სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ და რომელიც სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა. შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების შესახებ მითითებული განცხადება უნდა წარდგენილიყო სიღნაღის რაიონულ სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. მ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრისგანჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
კანონის ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარემ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს სწორედ იმ სასამართლოს, რომელმაც არსებითად განიხილა და გადაწყვიტა დავა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ განიხილა გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების საკითხი და უცვლელად დატოვა იგი.
საქმის მასალების თანახმად, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინებით დ. მ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აღნიშნული განჩინება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით და შევიდა კანონიერ ძალაში.
მოცემულ შემთხვევაში, დ. მ-შვილმა თავისი 2010 წლის 17 ნოემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართული განცხადებით, ფაქტობრივად პრეტენზია განაცხადა კანონიერ ძალაში შესულ, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინებაზე, რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ განმცხადებელს მართებულად უთხრა უარი საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადების მიღებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.