Facebook Twitter

საქმე #330100110029677

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

№472აპ-20 ქ. თბილისი

ჯ–ე ზ., 472აპ-20 24 სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჯ–ისა და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორ მარიამ ბეგიაშვილის საკასაციო საჩივრებითბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. ჯ–მ და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორმა მარიამ ბეგიაშვილმა.

2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ზ. ჯ–ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის გამამტყუნებელიგანაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ უდანაშაულოა. დაზარალებულ ა. ს–ის ეპიზოდში მის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის დანიშნულება მითითებული იყო მომსახურების ხელშეკრულებაში, რომელზეც ვრცელდება სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობა; დაზარალებულ ხ. მ–ის ეპიზოდში პროკურატურამ ,,მიუჩინა“ ფარული აგენტი - ზ. პ–ე, ხოლო ლ. ი–ს მისი დაკავების სანაცვლოდ გაუფორმა საპროცესო შეთანხმება; ხ. მ–ის მიერ ჩარიცხული 25000 ლარიდან 22380 ლარი დღემდე დაყადაღებულია მის ანგარიშზე (თანხის ნაწილი მისი ოჯახის წევრებმა მოიხმარეს საჭიროებისამებრ), რაც გამორიცხავს მის მიერ თანხის თაღლითურად დაუფლებას.

3. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორი მარიამ ბეგიაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განაჩენის შეცვლასა და ზ. ჯ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი არ არის ჩადენილი ქმედების ხასიათის თანაზომიერი; ზ. ჯ–ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ორ დამოუკიდებელ ეპიზოდში და დაზარალებულებისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის გათვალისწინებით, რომელიც არ არის ანაზღაურებული, ჯარიმა არის არაადეკვატური სასჯელი და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს.

4. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ზ. ჯ–ს ბრალად დაედო თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

- ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 დეკემბრის განაჩენით ე. ს–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით შეეფარდა 5 წლით პირობითი მსჯავრი და ჯარიმა - 5000 ლარი. 2008 წლის 21 ოქტომბერს ე. ს–ი დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც მისმა ძმამ - ა. ს–მა დახმარებისათვის მიმართა ადვოკატ ზ. ჯ–ს, რომელთანაც დააკავშირა მისმა მამიდაშვილმა ტ. დ–მა. ზ. ჯ–მ დახმარება აღუთქვა ა. ს–ს და საქმის შესასწავლად მოითხოვა გარკვეული პერიოდი, რა დროსაც განიზრახა მოტყუებით, აიათხან სეიდოვის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი დაუკავშირდა ა. ს–ს და მისი ძმის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდაპირველად მოსთხოვა 30000 ლარის გადახდა, რაზედაც ა. ს–მა უარი უთხრა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმდნენ 12000 ლარისა და 2000 აშშ დოლარის გადახდაზე. ზ. ჯ–მ დაარწმუნა ა. ს–ი, რომ მის მიერ გადახდილ 10000 ლარს ჩარიცხავდა ე. ს–ზე სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის ანგარიშზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი აღნიშნულ თანხას სრულად დაუბრუნებდა. 2009 წლის იანვარში თბილისში ზ. ჯ–ს ა. ს–მა და მისმა მამიდაშვილმა ტ. დ–მა ხელზე გადასცეს 10000 ლარი, ხოლო მის პირად ანგარიშზე შეიტანეს საადვოკატო მომსახურებისთვის განკუთვნილი 1600 ლარი. 2009 წლის თებერვალში გამომძიებელმა ა. ს–ს უკან დაუბრუნა ე. ს–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 2000 აშშ დოლარი, საიდანაც ა. ს–მა 500 აშშ დოლარი გადაუხადა ზ. ჯ–ს. მიუხედავად გადახდილი 10000 ლარისა და 500 აშშ დოლარისა, ე. ს–ი პატიმრობიდან არ გათავისუფლებულა და ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მას მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. ამის შემდეგ, მიუხედავად დაზარალებულის არაერთი მოთხოვნისა, ზ. ჯ–მ აღარ დააბრუნა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული 10000 ლარი და 500 აშშ დოლარი.

- 2009 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დააკავეს შპს „.................” დირექტორი ლ. ი–ე, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა დაპატიმრება. ლ. ი–ის დაკავების შესახებ მისივე ახლობლის - ჯამბულ დავითაძისაგან 2010 წლის თებერვალში ცნობილი გახდა ადვოკატ ზ. ჯ–სათვის, რომელიც თბილისში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. ადვოკატმა ზ. ჯ–მ განიზრახა მოტყუებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი ჯ. დ–ს დაჰპირდა, რომ ორ დღეში გაარკვევდა ლ. ი–სთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს. ზ. ჯ–მ რამდენიმე დღეში საერთო მეგობრის -ზ. პ–ის მეშვეობით აცნობა ჯ. დ–ს, რომ საპროცესო შეთანხმების საკითხი დადებითად გადაწყდა და აუცილებელი იყო მისი შეხვედრა პატიმრის ოჯახის წევრებთან. შეთანხმებისამებრ, 2010 წლის 15 მარტს, ქ. .........ში, მ. კ–ის საცხოვრებელ ბინაში, ერთმანეთს შეხვდნენ, ერთი მხრივ, ჯ. დ–ე, ზ. პ–ე და ზ. ჯ–ე, ხოლო, მეორემხრივ, პატიმარ ლ. ი–ის მეუღლე - ხ. მ–ე და ამ უკანასკნელის ნათესავი ტ. შ–ე. შეხვედრისას ზ. ჯ–მ მართლსაწინააღმდეგოდ, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, მოატყუა ხ. მ–ე, რომ თითქოსდა, პროკურატურასთან შეთანხმებული და გარკვეული ჰქონდა ლ. ი–ის საპროცესო შეთანხმების საკითხი, იმ პირობით, რომ ლ. ი–ის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის - 84770 ლარის ნაწილი, 40000 ლარი და 5000 ლარი - ჯარიმის თანხა, რის შემდეგაც ლ. ი–ე გათავისუფლდებოდა პატიმრობიდან პირობითი მსჯავრით. ზიანის დარჩენილი ნაწილი უნდა ანაზღაურებულიყო საპროცესო შეთანხმების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში. გარდა აღნიშნულისა, ადვოკატმა ზ. ჯ–მ ხ. მ–ეს აუცილებელ პირობად დაუსახელა „................“, მის ანგარიშზე, წინასწარ 25000 ლარის შეტანა, რომელსაც თითქოსდა, ჩარიცხავდა ლ. ი–სათვის სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმისა და ზიანის ასანაზღაურებლად. ხ. მ–ე თანხის წინასწარი გადახდის წინააღმდეგი იყო და მოსაფიქრებლად ითხოვა დრო. იმავე საღამოს ჯ. დ–ის სახლში ხ. მ–ე ისევ შეხვდა ზ. ჯ–ს, რათა შეთანხმებულიყვნენ, რომ თანხას განაჩენის გამოტანის შემდეგ შეიტანდა სახელმწიფო ბიუჯეტში, თუმცა ზ. ჯ–მ დაჟინებით მოითხოვა 25000 ლარის მეორე დღეს მის ანგარიშზე ჩარიცხვა. ზ. ჯორბენაძემ დაარწმუნა ხ. მ–ე, რომ თანხის შეტანიდან ათ სამუშაო დღეში აუცილებლად გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება და ლ. ი–ე გათავისუფლდებოდა პატიმრობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში გადარიცხულ 25000 ლარს სრულად დაუბრუნებდა. საბოლოოდ ხ. მ–ე დასთანხმდა ზ. ჯ–ის წინადადებას და 2010 წლის 6 მარტს ქ. ...........ში, სასტუმრო ,,..........“ მდებარე „...............” ფილიალში, ზ. ჯ–ის სახელზე შეიტანა 25000 ლარი. იმავე დღეს ხ. მ–ის მიერ გადარიცხული თანხა ზ. ჯ–მ გაიტანა ......ში, სასტუმრო „......” მდებარე „..........” სერვისცენტრიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ზ. ჯ–მ თანხის მიღების შემდეგ თავი აარიდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ლ. ი–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობას, რის გამოც 2010 წლის 26 აპრილს განსასჯელ ლ. ი–სთან ზ. ჯ–ის მონაწილეობის გარეშე დაიდო საპროცესო შეთანხმება, რომელიც დაამტკიცა ხელვაჩაურის სასამართლომ. ამის შემდეგ ზ. ჯ–ემ, მიუხედავად ხ. მ–ისა და მისი ახლობლების მიერ არაერთგზის მოთხოვნისა, ზემოაღნიშნული თანხა დაზარალებულს არ დაუბრუნა და მიიმალა.

5. ზ. ჯ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის განაჩენით ზ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ხ. მ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 12000 ლარი;საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (დაზარალებულ ა. ს–ის ეპიზოდი)გადაკვალიფიცირდასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ. ჯ–ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა ჯარიმა - 12000 ლარი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა- 6000 ლარი; ასევე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელები და ზ. ჯ–ს დაეკისრა ხ. მ–სათვის- 25000 ლარის, ხოლო ა. ს–სათვის - 10000 ლარის გადახდა.

7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ჯ–მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით (დაზარალებულ ხ. მ–ის ეპიზოდი) და თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (დაზარალებულ ა. ს–ის ეპიზოდი).

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის2019 წლის 24 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. ჯ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა დავით გუმბერიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას სასჯელის დამძიმების კუთხით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

10. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ზ. ჯ–ის მითითებას მისი უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ზ. ჯ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ა. ს–ისა და ხ. მ–ის ჩვენებებით, მოწმეების - ტ. და ე. დ–ის, ლ. ი–ის, ტ. შ–ის, ჯ. დ–ის, ჯ. დ–ისა და დ. ი–ის ჩვენებებით, ე. დ–ისა და ზ. ჯ–ის შეთანხმებითა და ზ. ჯ–ის ხელწერილით, სალაროს შემოსავლის ორდერებით, ბოლნისისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოების განაჩენებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის არგუმენტაციას, რომ დაზარალებულ ა. ს–ის დანაშაულებრივ ეპიზოდში მისთვის გადარიცხული თანხის დანიშნულება მითითებული იყო მომსახურების ხელშეკრულებაში, რაც ექცეოდა სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის, ვინაიდან ზ. ჯ–ეს მსჯავრი დაედო არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაში, არამედ - ა. ს–ის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლებაში, რისი საპირისპირო მტკიცებაც არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან; რაც შეეხება ზ. პ–ისა და ლ. ი–ის გამოძიებასთან შესაძლო თანამშრომლობას ზ. ჯ–ის მხილების მიზნით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შემადგენელი ნაწილია და იმთავითვე არ აქცევს პროცესს უსამართლოდ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი გარემოება არ გამოკვეთილა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად და არ დადგენილა საქმეში არსებული არცერთი სამხილით; ის ფაქტი, რომ ზ. ჯ–ის ანგარიშზე დღეის მდგომარეობითაც ირიცხება ხ. მ–ის მიერ ჩარიცხული თანხის - 25000 ლარის ნაწილი - 22380 ლარი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დაყადაღებული, სრულებითაც არ გამორიცხავს მის ბრალეულობას, პირიქით - სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად ადასტურებს მას. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. ჯ–ის ქმედებები ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სამართლებრივად სწორად შეაფასეს და მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში არის კანონიერი.

12. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორ მარიამ ბეგიაშვილის არგუმენტებს ზ. ჯ–სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებასთან მიმართებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქმეში არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ზ. ჯ–ს სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომლის გამკაცრება არ არის მიზანშეწონილი.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

14. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.მსჯავრდებულ ზ. ჯ–ისა და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორ მარიამ ბეგიაშვილის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი