ას-145-140-2011 26 აპრილი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. ჭ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «ა.ის» უფლებამონაცვლე სს «ი-», შპს «ტ-», შპს «ი-ი», შპს «დ-ო», შპს «ხ-ი»
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სამართალმემკვიდრედ ცნობა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ჭ-შვილმა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სს «ა.ის» მიმართ და მოითხოვა საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ჭ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს «ა.ს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 48.60 ლარის გადახდა და ბოლო სამი წლის მიუღებელი სარჩო 1149.60 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა სს «ა.მა», მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სს «ა.ის» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ჭ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს «ა.ს» ლ. ჭ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად სარჩოს სახით 20.79 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე, ხოლო ერთდროულად გადასახდელად _ 343.80 ლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ. ჭ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა სს «ა.ის» უფლებამონაცვლეთა დადგენა და, შესაბამისად, მოვალე სუბიექტებზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით ლ. ჭ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებაში დასახელებული მოვალის სს «ა.ის» უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს «ი.»(ს.კ ...), შპს «ი-ი» (ს.კ ...), შპს «ხ-ი» (ს.კ ...), შპს «ტ-» (ს.კ ...) და შპს «დ-ო» (ს.კ ...); ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებაზე გაიცა ახალი სააღსრულებო ფურცელი და მოვალედ ნაცვლად სს «ა.ისა» მითითებულ იქნა სს «ი.»(ს.კ ...), შპს «ი-ი» (ს.კ ...), შპს «ხ-ი» (ს.კ ...), შპს «ტ-» (ს.კ ...) და შპს «დ-ო» (ს.კ ...).
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სს «ა.ის» აქციონერთა საერთო კრებაზე გადაწყდა საკითხი სს «ა.ის» გაყოფის შესახებ და აქციონერთა კუთვნილი აქციების შესაბამისად, ნატურით გაყოფილი ქონების ბაზაზე დაფუძნდა 6 სუბიექტი, რომელთაგან ერთ-ერთი სს «ქუთაისი 3000» ლიკვიდირებულ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 06.09.09წ. გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ განჩინების საფუძველზე;
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 4 იანვრის წერილით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს «ა.ის» უფლებამონაცვლე სუბიექტები არიან სს «ი.»(ს.კ ...), შპს «ი-ი» (ს.კ ...), შპს «ხ-ი» (ს.კ ...), შპს «ტ-» (ს.კ ...) და შპს «დ-ო» (ს.კ ...), რომლებიც წარმოიშვნენ სს «ა.ის» გაყოფის შედეგად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე მითიტებითა და «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ლ. ჭ-შვილის განცხადება საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სს «ი.»-მა, (ს.კ ...), შპს «ი-მა» (ს.კ ...), შპს «ხ-მა»« (ს.კ ...), შპს «ტ-მ» (ს.კ ...) და შპს «დ-ომ» (ს.კ ...), მოითხოვეს მისი გაუქმება და იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ დასახელებული განჩინება მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებითაა მიღებული, კერძოდ, არცერთი ზემოაღნიშნული სუბიექტის წარმომადგენელი სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა, ვინაიდან ისინი არ იყვნენ გაფრთხილებული სასამართლო პროცესზე დანიშვნის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «ი.»-ის, შპს «ი-ის», შპს «ხ-ის», შპს «ტ-სა» და შპს «დ-ოს» კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.
მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა წარმოებს სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეტყობინებით, რომელთა გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის გადაწყვეტას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სს «ა.ის» უფლებამონაცვლეთა დადგენისა და, შესაბამისად, მოვალე სუბიექტებზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე ლ. ჭ-შვილის განცხადების განხილვის მიზნით დანიშნული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ სს «ა.ის» უფლებამონაცვლეებს _ სს «ი-ს», შპს «ტ-ს», შპს «ი-ს», შპს «დ-ოსა» და შპს «ხ-ს» სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, არ შეატყობინა, მიუხედავად იმისა, რომ მათი უფლებამონაცვლეობა საქმის მასალებით დადასტურებულად იყო მიჩნეული. (იხ.ტ. II ს.ფ. 17).
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული სუბიექტების კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის დროისა და ადგილის შეუტყობინებლობის პირობებში, მათ მიმართ სააპელაციო პალატამ დაარღვია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მხარეთათვის მინიჭებული საპროცესო უფლებები საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებისა და სასამართლოს მიერ საპროცესო მოქმედებათა შეტყობინების შესახებ. აღნიშნული კი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «ა.ის» უფლებამონაცვლეების _ სს «ი.»-ის, შპს «ი-ის», შპს «ხ-ის», შპს «ტ-სა» და შპს «დ-ოს» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.