ას-150-142-10 13 მაისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ჯ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – სს “ქართული ფილმი” (მოპასუხე)
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ჯ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ქართული ფილმის” მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-იას სარჩელი მოპასუხე სს „ქართული ფილმის“ მიმართ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 14 000 ლარისა და დაყოვნებული თანხის - 0.07%-ის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ. ჯ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის განჩინებით მ. ჯ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელე მ. ჯ-იას 2-ჯერ გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ 2009 წლის 12 დეკემბრის შეტყობინების ბარათით დგინდება, რომ ადერსატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს, ბინის გაყიდვის გამო. მას მისამართის შეცვლის თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებია.
იმის გათვალისწინებით, რომ, სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით, ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 13 დეკემბერს და ამოიწურა 2009 წლის 28 დეკემბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2010 წლის 4 იანვარს.
ამდენად, აპელანტის მიერ გაშვებულ იქნა გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 - დღიანი ვადა. აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ჯ-იამ. მან მიუთითა, რომ არასწორია სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს მას რამდენჯერმე გაეგზავნა სასამართლოს გადაწყვეტილება და არ ჩაჰბარდა, ვინაიდან ადრესატი მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობს ბინის გაყიდვის გამო. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით კი იგი დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე და მას ბინა არ გაუყიდია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ მ. ჯ-იას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი ნორმის თანახმად სასამართლო უწყება ჩაბარებულად ითვლება თუ იგი ჩაბარდა ან მხარეს ან მის წარმომადგენელს, ანუ ერთ-ერთ მათგანს.
დადგენილია, რომ მ. ჯ-იას მიერ მითითებულ ცნობილ მისამართზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება გაეგზავნა ორჯერ (ს.ფ. 74, 79) და ორჯერვე მოსარჩელე მ. ჯ-იას მიერ მითითებულ მისამართზე ვერ ჩაჰბარდა ამ უკანასკნელს.
კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 13 დეკემბერს და ვადა ამოწურულად ჩათვალა 2009 წლის 28 დეკემბერს. მ. ჯ-იამ კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2010 წლის 4 იანვარს, რის გამოც სასამართლომ გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 - დღიანი ვადა გაშვებულად ჩათვალა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული ნორმის თანახმად სასამართლო უწყება მ. ჯ-იას გაეგზავნა ორჯერ მის მიერ მითითებულ მისამართზე _ ქ. თბილისი, ... ბ. ¹28. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მ. ჯ-იას არ ჰქონდა მითითებული ალტერნატიული, სხვა მისამართი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება მხარეს ჰბარდება მის მიერ მითითებულ მისამართზე, რომელიც შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი (ფაქტობრივი) ადგილსამყოფელი. ასევე შეიძლება ჩაჰბარდეს მის მიერ მითითებულ ალტერნატიულ მისამართზე ან სამუშაო ადგილის მიხედვით. აღნიშნული მუხლის ბოლო წინადადებაში მითითებულია, რომ უწყება შეიძლება ჩაჰბარდეს მხარეს ზემოთ მითითებულის გარდა სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არ ბარდება სასამართლო უწყება მხარეს მის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართისა და სამუშაო ადგილის მიხედვით, სასამართლო აბარებს მხარეს უწყებას სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოსთვის მხარის მისამართი შეიძლება ცნობილი იყოს საქმის მასალებიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებობს რწმუნება, რომლის თანახმად მ. ჯ-იამ რწმუნება გასცა ლ. ა-შვილისა და შ. ძ-ძის მიმართ. აღნიშნულ რწმუნებაში არის მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის მისამართი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მათ მისამართზეც უნდა გაეგზავნა გადაწყვეტილება, რაც არ გაუკეთებია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო უზრუნველყოფს მოქალაქის კონსტიტუციით მინიჭებულ სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას. სასამართლო ვალდებულია, კანონმდებლობით მინიჭებული ყველა შესაძლებლობის გამოყენებით არ დაარღვიოს მხარის უფლება, უზრუნველყოს სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრება.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ ვერ უზრუნველყო მხარისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარება და ჩაბარებულად ჩათვალა გადაწყვეტილება ისე, რომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უწყების ჩაბარების ყველა შესაძლებლობა, რითაც დაირღვა მხარის უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ჯ-იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.