საქმე ¹ას-151-143-2010 22 მარტი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ძ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. და ს. ბ-ძეები (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ძ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. და ს. ბ-ძეების მიმართ დავალიანების _ 16079 ლარისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლით: მოპასუხეები არიან მამა-შვილი. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ, მოსარჩელე დროდადრო ამარაგებდათ მათ ფრინველის საკვებით, თუმცა გ.ძ-შვილის მიერ პროდუქციის მიწოდების მიუხედავად, მოპასუხეებმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს და მას თანხა არ გადაუხადეს.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოსარჩელემ მასში მითითებული გარემოებანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაამტკიცა. მოპასუხე ს. ბ-ძეს მამის საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და გ.ძ-შვილის მიმართ რაიმე სახის ვალდებულება მას არ ეკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.ძ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე დ. ბ-ძეს დაეკისრა 16079 ლარის გადახდა მოსარჩელე გ. ძ-შვილის სასარგებლოდ, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ძ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინებით გ.ძ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნისა და საფუძვლების მითითება, მისი ღირებულების განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. პალატამ დაადგინა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი გ.ძ-შვილს გაეგზავნა და 2010 წლის 9 იანვარს ჩაბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, შვილიშვილს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ გზავნილის მხარისათვისაც ჩაბარებად ჩათავლა. პალატის მითითებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში _ 2010 წლის 10 იანვრიდან 20 იანვრამდე აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე განცხადებით მიუმართავს. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ძ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის აღდგენა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორად მიუთითა, რომ აპელანტის შვილიშვილს სასამართლო გზავნილი 2009 წლის 9 იანვარს ჩაბარდა. სავარაუდოდ აღნიშნული მექანიკურ შეცდომას წარმოადგენს, რადგან გზავნილის ჩაბარება მოხდა 2010 წლის 9 იანვარს. სასამართლო გზავნილი ჩაბარდა გ.ძ-შვილის 12 წლის არასრულწლოვან შვილიშვილ დ. ძ-შვილს, რომელსაც დაავიწყდა აპელანტისათვის მისი დროულად გადაცემა.
მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გ. ძ-შვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნისა და საფუძვლების მითითება, მისი ღირებულების განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
შპს “სკს-ს” გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, სასამართლო გზავნილი 2010 წლის 9 იანვარს ჩაბარდა გ.ძ-შვილის შვილიშვილ გ. ძ-შვილს.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზის არ გამოუსწორებია და სააპელაციო პალატისათვის რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ძ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლო განჩინების ასლი 2009 წლის 9 იანვარს აპელანტისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. მითითებული ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატის არყოფნისას იგი ჩაბარდება მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.
მოცემულ შემთხვევაში შპს “სკს-ს” გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ სასამართლო გზავნილი ჩაიბარა აპელანტ გ.ძ-შვილის შვილიშვილმა _ გ. ძ-შვილმა.
ამდენად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სასამართლო გზავნილი ჩაიბარა მისმა არასრულწლოვანმა შვილიშვილმა დ. ძ-შვილმა, ხოლო რაც შეეხება აპელანტის შვილიშვილ გ. ძ-შვილს, მისი სრულწლოვანების ფაქტი კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია.
აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ აპელანტს ხარვეზის დადგენის თაობაზე სააპელაციო პალატის განჩინების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 9 იანვარს, მხარეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მოცემული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის მითითება, რომ განჩინებაში აპელანტისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების თარიღად 2010 წლის 9 იანვრის ნაცვლად არასწორად მიეთითა 2009 წლის 9 იანვარი, ვინაიდან აღნიშნული, როგორც თავად მხარე ადასტურებს, მექანიკურ შეცდომას წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ძ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.