საქმე ¹ას-159-151-2010 19 მარტი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ჯ. მ-იანი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ფ-ოვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ფ-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. მ-იანის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების _ 3000 ლარის მოსარჩელესათვის დაბრუნების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნო და მოითხოვა მის გადახდის გადავადება ან განაწილვადება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ფ-ოვას სარჩელი ჯ. მ-იანის მიმართ თანხის დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა, ჯ.მ-იანს ა.ფ-ოვას სასარგებლოდ დაეკისრა 3000 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. მ-იანმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 თებერვლის განჩინებით ჯ. მ-იანის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ჯ. მ-იანმა. მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე მძიმე ეკონომიკური პირობების გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით დადგინდა, რომ მხარის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივარი შინაარსობრივად კერძო საჩივარია, ამასთან ამავე განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის დაცვით შედგენილი კერძო საჩივრის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაიგზავნა და ჩაბარდა ადრესატს. დადგენილ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართვას სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. მ-იანის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კერძო საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და დაუწესებს იმ საპროცესო მოქმედებას, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში ჯ. მ-იანის კერძო საჩივარს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით დაუდგინდა რა ხარვეზი, მის ავტორს დაევალა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივრის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა ჯ.მ-იანს მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა რ. ა-ოვს 2010 წლის 5 მარტს (იხ.ტ.II, ს.ფ.34).
საქმეში წარმოდგენილი სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ სატელეფონო საუბრისას გზავნილის მიმღებმა _ რ. ა-ოვმა დაადასტურა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჯ.მ-იანისათვის პირადად გადაცემის ფაქტი. ამასთან განმარტა, რომ რ.ა-ოვის საკონტაქტო მონაცემები საქმეში მითითებულია იმიტომ, რომ მიუხედავად წარმომდგენლობითი უფლებამოსილების არარსებობისა, იგი ახორციელებს ჯ.მ-იანის ინტერესების დაცვას, ამასთან რ.ა-ოვმა მიუთითა, რომ კერძო საჩივრის ავტორი არ აპირებს დადგენილი ხარვეზის გამოსწორებას და საჩივრის შეტანის მიზანი მხოლოდ დროის გაჭიანურება იყო (იხ.ტ.II, ს.ფ.35).
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაიგზავნა და ჩაბარდა ადრესატს მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, ასევე სატელეფონო შეტყობინების თაობაზე შედგენილი აქტის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო შეტყობინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაბარდა ადრესატს 2010 წლის 5 მარტს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 6 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 10 მარტს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. მ-იანის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ. მ-იანის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.