Facebook Twitter

¹ას-160-152-2010 22 მარტი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “მ.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 იანვრის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების გაუქმება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტებისა და აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 2 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. მ-ძემ მოპასუხე ზუგდიდის სს “მ.” მიმართ აქციონერთა 2004 წლის 2 ივლისის საერთო კრების გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

მოსარჩელის მითითებით, 2004 წლის 2 ივლისს აქციონერთა საერთო კრება ჩატარდა კანონდარღვევით, კერძოდ, აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თაობაზე არ ეცნობათ აქციონერებს, არ გამოქვეყნდა ინფორმაცია საერთო კრების ჩატარების შესახებ, აქციონერებს არ გაეგზავნათ წესდების შეცვლის შესახებ პროექტი, კრების ოქმი იყო ყალბი (ტ.1, ს.ფ. 3-8).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2004 წლის 21 ივნისს შედგა სს “მ.” აქციონერთა საერთო კრება, რის შესახებ ოცი დღის ვადაში გამოცხადებული იყო ტელეკომპანია “.....” მორბენალი სტრიქონით, განცხადება განთავსებული იყო დღის წესრიგის მითითებით ადმინისტრაციის შენობაში. 2004 წლის 21 ივნისს ქვორუმის არარსებობის გამო კრების მოწვევის თარიღად დაინიშნა 2004 წლის 2 ივლისი. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2004 წლის 2 ივლისს ჩატარებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილება კანონშესაბამისად იქნა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა (ტ.1, ს.ფ. 75-78).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად. მ. მ-ძემ სააპელაციო საჩივარში ასევე მოითხოვა სააციო საზოგადოების დირექტორ ბ. გ-ავას თანამდებობიდან გათავისუფლება, მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხის გადაწყვეტა და მორალური ზიანის ანაზღაურება 500 000 ლარის ოდენობით. აპელანტი მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აქციონერთა საერთო კრების შესახებ ტელევიზიით განცხადების გაკეთება და დღის წესრიგის გამოკვრა ადმინისტრაციულ შენობაში არასწორად იქნა მიჩნეული კრების კანონიერად მოწვევის საფუძვლად, ვინაიდან წესდების შესაბამისად საერთო კრება მოიწვეოდა 20 დღიდან ვადაში დირექტორების მიერ ბეჭდვით ორგანოში გამოცხადებით ან აქციონერთა რეესტრში მითითებულ მისამართზე აქციონერისათვის მოსაწვევის გაგზავნით (ტ.1, ს.ფ. 88-99).

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა სს “მ.” აქციონერთა 2004 წლის 2 ივლისის საერთო კრების ოქმი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ტელევიზიით მორბენალი სტრიქონის მეშვეობით აქციონერთა საერთო კრების მოწვევა არ პასუხობდა კანონის მოთხოვნებს, კანონი ითხოვდა კრების თაობაზე ბეჭდვით ორგანოში გამოცხადებას, რა დროსაც გარდა კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციისა, გამოცხადებული უნდა ყოფილიყო დღის წესრიგი და რეკომენდაციები შესაძლო ცვლილებების მითითებით. ტელევიზიით მორბენალი სტრიქონის საშუალებით შეუძლებელი იყო ამომწურავად მხარეთა ინფორმირება. სასამართლომ მიიჩნია, რომ წერილობითი შეტყობინების საშუალებით აქციონერთა სრულად მოწვევა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. რაც შეეხებოდა მ. მ-ძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ბ. გ-ავას მიმართ სისხლისსამართლებრივი და მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი სცილდებოდა სააპელაციო პალატის კომპეტენციას და სარჩელის ფარგლებს. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მ. მ-ძის მოთხოვნა მორალური ზიანის სახით ბ. გ-ავასათვის 500 000 ლარის დაკისრების შესახებ, რადგან აღნიშნული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი (ტ.1, ს.ფ. 155-159).

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ძემ სს “მ.” დირექტორ ბ. გ-ავას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და 500 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში და მოითხოვა საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის (ტ.1, ს.ფ. 183-199).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება ბ. გ-ავას თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მ. მ-ძის სასარგებლოდ 500 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტ.1, ს.ფ. 281-286).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა აპალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინებით მ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი ბ. გ-ავას თანამდებობიდან გათავისუფლებისა და 500 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა აღნიშნული მოთხოვნები წარადგინა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში, ხოლო დავის საგნის შეცვლა ან გადიდება დასაშვები იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამას დაეთანხმებოდა მოწინააღმდეგე მხარე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის გაზრდას, პრაქტიკულად კი ახალი მოთხოვნის დაყენებას, არ დათანხმებია მოწინააღმდეგე მხარე (ტ.1, ს.ფ. 333-337).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ აღნიშნული მოთხოვნები მან დააყენა პირველი ინსტანციის სასამართლოში, თუმცა ამის შესახებ არ მიეთითა საქმეში (ტ.1, ს.ფ. 349-352).

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ. მ-ძის სარჩელის თაობაზე განხილული დავა სხვა გარემოებებს ეფუძნებოდა და ეხებოდა აქციონერთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, მოპასუხეს წარმოადგენდა სს “მ.” როგორც იურიდიული პირი და არა ბ. გ-ავა, როგორც ფიზიკური პირი (ტ.1, ს.ფ. 381-386).

2009 წლის 24 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მ. მ-ძემ და მოითხოვა 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ: ნიშნავდა თუ არა სს “მ.” 2004 წლის 2 ივლისის საერთო კრების ოქმის გაუქმება და ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა აღნიშნულ კრებაზე დამტკიცებული წესდების ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობას. შუამდგომლობის ავტორი ასევე ითხოვდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი წესდების, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის ბათილად ცნობის ან რეგისტრაციის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას (ტ.4, ს.ფ. 21).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ძის შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ნათლად ჩანდა, თუ რა დაადგინა სასამართლომ და შესაბამისად, განმარტების საჭიროებაც არ არსებობდა (ტ.4, ს.ფ. 22-25).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბერს მ. მ-ძემ კვლავ მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა გადაწყვეტილების მიღება ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ზუგდიდის სს “მ.” ბათილად ცნობილი წესდების რეგისტრაციის ბათილად ცნობის და რეგისტრაციის მოხსნის შესახებ (ტ.4, ს.ფ. 28).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის განჩინებით უარი ეთქვა მ. მ-ძეს შუამდგომლობის მიღებაზე დაუშვებლობის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ საკითხზე უკვე იმსჯელა 2009 წლის 30 იანვრის განჩინებაში და განმცხადებელს უარი უთხრა (ტ.4, ს.ფ. 29-32).

2010 წლის 8 იანვარს მ. მ-ძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართა შუამდგომლობით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების განმარტებისა და აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით (ტ.4, ს.ფ. 42).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 იანვრის განჩინებით მ. მ-ძეს უარი ეთქვა შუამდგომლობის მიღებაზე დაუშვებლობის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნებზე უკვე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. სასამართლომ მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ძის მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების განმარტებას, არ დაკმაყოფილდა. მ. მ-ძის მოთხოვნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილების მიღების შესახებ 2009 წლის 26 ნოემბრის განჩინებით არ იქნა მიღებული დაუშვებლობის გამო (ტ.4, ს.ფ. 44-49).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი წესდება კვლავ სამეწარმეო რეესტრშია რეგისტრირებული გაუქმებული კრების გაუქმებული ოქმით და რეგისტრაციის ბათილად ცნობა შეუძლებელია გადაწყვეტილების განმარტების გარეშე (ტ.4, ს.ფ. 52-53).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ალტერნატიული შუამდგომლობები, რომლის მიღებაზეც უარი ეთქვა, ვინაიდან მასზე უკვე ნამსჯელი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრისა და 2010 წლის 18 იანვრის განჩინებებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო სასამართლოში თავდაპირველად წარდგენილი შუამდგომლობებით მის მიერ უკვე გამოყენებულია გადაწყვეტილების განმარტებისა და აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნის საპროცესო საშუალება, ხოლო იმავე შუამდგომლობის სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ იძლევა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა შუამდგომლობის მიღებაზე უარის საფუძველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 იანვრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.