¹ას-16-12-2011 21 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ლ. გ-ძე, თ. ქ-ძე, ა. გ-შვილი და სხვები (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ თ. ლ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ც-ძე (მოსარჩელე)
დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ც-ძის სარჩელი მოპასუხეების _ ლ. გ-ძის, ქ. უ-ძის, თ. ქ-ძის, ა. გ-შვილის, ც. ჯ-შვილის, ვ. ფ-იას, ლ. მ-შვილის, პ. მ-შვილის, ქ. -ძის, მ. ჩ-ძის, ლ. ჯ-იას, თ. მ-ძის, თ. ბ-შვილის, ა. ფ-ავას, თ. გ-ძისა და სპს ,,ხ-ძე & გ-შვილების” საკონსულტაციო ჯგუფთან არსებული საქართველოს მუდმივმოქმედი არბიუტრაჟის მიმართ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სპს ,,ხ-ძე & გ-შვილების” საკონსულტაციო ჯგუფთან არსებული საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2009 წლის 4 ივნისისა და 2009 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებები ნ. ც-ძის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში ... ქ. ¹37-ში მდებარე 488კვ.მ (მე-3 სართულისა) და 162 კვ.მ (მე-4 სართულის) უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სპს ,,ხ-ძე & გ-შვილების საკონსულტაციო ჯგუფთან არსებულმა საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟმა, ლ. გ-ძემ, თ. ქ-ძე, ა. გ-შვილმა და სხვებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ლ. გ-ძის, თ. ქ-ძის, ა. გ-შვილისა და სხვების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა, თ. ქ-ძის, ა. გ-შვილისა და სხვების წარმომადგენელმა თ. ლ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით ლ. გ-ძის, თ. ქ-ძის, ა. გ-შვილსა და სხვების წარმომადგენელ თ. ლ-ძეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2011 წლის 31 იანვარს ლ. გ-ძის, თ. ქ-ძის, ა. გ-შვილსა და სხვების წარმომადგენელმა თ. ლ-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
საკასაციო პალატის 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებით ლ. გ-ძის, თ. ქ-ძის, ა. გ-შვილსა და სხვების წარმომადგენელ თ. ლ-ძის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაბაზე დაკმაყოფილდა და კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 3 დღით.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს _ თ. ლ-ძეს 2010 წლის 4 თებერვალს, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არც კერძოOსაჩივრის ავტორებმა და არც მათმა წარმომადგენელმა ხარვეზი არ გამოასწორეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ძის, თ. ქ-ძის, ა. გ-შვილსა და სხვების წარმომადგენელ თ. ლ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის “ა” ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელ თ. ლ-ძეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2011 წლის 4 თებერვალს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ. 397).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 5 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 7 თებერვალს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 420-ე, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. გ-ძის, თ. ქ-ძის, ა. გ-შვილსა და სხვების წარმომადგენელ თ. ლ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.