Facebook Twitter

ას-162-156-2011 04 აპრილი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ გ. და ქ. კ-ძეები

მოწინააღმდეგე მხარე _ სს « ... ბანკი»

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი _ სესხის დაბრუნება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 29 ოქტომბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს « ... ბანკმა» მოპასუხეების _ ქ. და გ. კ-ძეების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ სოლიდარულად 14094.21 აშშ დოლარის (მათ შორის, ძირითადი თანხა _ 11939.98 აშშ დოლარი, პროცენტი _ 1115.53 აშშ დოლარი, ჯარიმა _ 1038.7 აშშ დოლარი) დაკისრება (ტომი 1, ს.ფ. 4-12, 92-93).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს « ... ბანკის» სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო, გ. და ქ. კ-ძეებს სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანებული თანხის 14094 აშშ დოლარის და 21 ცენტის გადახდა სს « ... ბანკის» სასარგებლოდ, სარეალიზაციოდ მიექცა გ. კ-ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ახალციხეში, ... ქ.¹ ... -ში (ტომი 1, ს.ფ. 96-98).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. და გ. კ-ძეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (ტომი 1, ს.ფ. 102-112).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განჩინებით ქ. და გ. კ-ძეების სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად (ტომი 2, ს.ფ. 17-19).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, გ. და ქ. კოპაძეების კერძო საჩივრის განხილვის შედეგად, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს გ. და ქ. კ-ძეების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად (ტომი 2, ს.ფ. 39-43).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ქ. და გ. კ-ძეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ მის მიერ მიღებული 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინება 2010 წლის 25 ნოემბერს ჩაჰბარდა გ. კ-ძეს, როგორც აპელანტს და როგორც აპელანტ ქ. კ-ძის მეუღლეს (ოჯახის წევრს) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება (გზავნილი) მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა ქ. და გ. კ-ძეებისათვის დაიწყო დასახელებული განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღეს, 2010 წლის 26 ნოემბერს და ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, 2010 წლის 6 დეკემბერს.

საქმეზე დგინდებოდა, რომ დანიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული ვითარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, იძლეოდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს (ტომი 2, ს.ფ. 60-62).

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს გ. და ქ. კ-ძეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10-დღიანი ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, რაც განპირობებული იყო აპელანტების ავადმყოფობით, კერძოდ, აპელანტი გ. კ-ძე დაავადებულია დიაბეტის მძიმე ფორმით, ხოლო მისი მეუღლე ქ. კ-ძე სიმსივნით. აღნიშნულ გარემოებათა და ასევე მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო აპელანტებმა ვერ შეძლეს ხარვეზის შევსება და ვერც დროულად აცნობეს ამის თაობაზე სასამართლოს. კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, მათი მხრიდან ხარვეზის შევსების ვადის გაშვება საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული და ხარვეზის შევსების ვადა უნდა გაუგრძელდეთ (ტომი 2, ს.ფ. 69).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. და ქ. კ-ძეების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გ. და ქ. კ-ძეებს მათივე შუამდგომლობის საფუძველზე მეორედ გაუგრძელდათ სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადა. აღნიშნული განჩინებით აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში (განჩინების ასლის მათთვის ჩაბარებიდან 10 დღე) ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი იმაში მდგომარეობდა, რომ აპელანტებს სააპელაციო სასამართლოში უნდა წარედგინათ 563 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ტომი 2, ს.ფ. 53-55).

სააპელაცო სასამართლოს დასახელებული განჩინება სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ აპელანტებს და ჩაბარდათ 2010 წლის 25 ნოემბერს (ტომი 2, ს.ფ. 58, 59).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა ქ. და გ. კ-ძეებისათვის დაიწყო 2010 წლის 26 ნოემბერს და ამოიწურა 2010 წლის 6 დეკემბერს. მიუხედავად ამისა, აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესასრულებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. ამასთან, მათ საპატიო მიზეზის (ავადმყოფობა, მძიმე მატერიალური მდგომარეობა) გამო ვერ შეძლეს დროულად ეცნობებინათ სასამართლოსათვის დანიშნულ ვადაში ხარვეზის შევსების შეუძლებლობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა ზემოხსენებულ მსჯელობას დაუსაბუთებლობის გამო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორებმა ვერ უზრუნველყვეს მათ მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა, რაც დაუსაბუთებელს ხდის მათ კერძო საჩივარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. და ქ. კ-ძეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.