Facebook Twitter

ას-165-157-10 10 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს “საყდრიონი” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” (მოსარჩელე)

დავის საგანი – დავალიანების გადახდა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება –Q თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 2 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” გენერალურმა დირექტორმა გ. ქ-ავამ შპს “საყდრიონის” მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა შპს “ყასტრანსგაზ-თბილისის” სარჩელი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს “საყდრიონმა”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის განჩინებით შპს “საყდრიონის” საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი. ამავე სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შპს “საყდრიონის” საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “საყდრიონმა”

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 თებერვლის განჩინებით შპს “საყდრიონის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შპს “საყდრიონის” სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე და დაევალა ხარვეზის შევსების მიზნით სახელმწიფო ბაჟის _ 1080.15 ლარის გადახდა, ასევე, დაზუსტება, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა, იმ გარემოებებზე მითითება, რომლებიც ადასტურებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებაზე მითითება, რომლებიც ადასტურებენ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შპს “საყდრიონის” საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო. მოპასუხე შპს “საყდრიონს” უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე და მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27003.55 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს “საყდრიონის” დირექტორ ი. ს-შვილი ითხოვს ვალის შემცირებას 4946 ლარით და დარჩენილი ვალის 22057,55 ლარის დაკისრებაზე უარის თქმას, ანუ იგი სადავოდ ხდის როგორც 4946 ლარს, ასევე 22057,55 ლარსაც. შესაბამისად, დავის საგნის ფასიც განისაზღვრება 4946 ლარს + 22057,55, რომელიც სულ შეადგენს 27003.55 ლარს, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 27003.55 ლარის 4%-ს, ანუ 1080.15 ლარს.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “საყდრიონმა” და მიუთითა, რომ მან შეიტანა სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟი - 198 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ კი აღნიშნული თანხა არასაკმარისად ჩათვალა იმის გამო, რომ თითქოს იგი სადავოდ ხდის როგორც 4946 ლარს, ასევე 22057,55 ლარსაც, რაც არასწორია. იგი მოითხოვს მხოლოდ დავალიანების შემცირებას და სადავოდ ხდის დაკისრებულ 4946 ლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს “საყდრიონის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შპს ,,საყდრიონის” სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. აპელანტს მიეცა 10 _ დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის 27003,55 ლარის 4%-ის გადახდა, რაც შეადგენს 1080,15 ლარს. ასევე მითითება, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა, იმ გარემოებებზე მითითება, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე მითითება, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს.

დადგენილია, რომ შპს “საყდრიონმა” წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 198 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აპელანტს რამდენჯერმე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. შპს “საყდრიონი” მოითხოვს ვალის შემცირებას და დარჩენილი ვალის 22057,55 ლარის დაკისრებაზე უარის თქმას, ანუ იგი სადავოდ ხდის როგორც 4946 ლარის (შეგებებული სარჩელის მოთხოვნა), ასევე, 22057,55 ლარსაც, შესაბამისად დავის საგნის ფასიც განისაზღვრება 4946 ლარს + 22057,55 ლარი = 27003,55 ლარს და სახელმწიფო ბაჟის ოდენობაც შეადგენს 27003,55 ლარის 4%-ს _ 1080,15 ლარს. 2010 წლის 25 იანვარს შპს ,,საყდრიონის” დირექტორმა ი. ს-შვილმა განცხადებით მიმართა კვლავ თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ მან გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 198 ლარის ოდენობით და დამატებით არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 თებერვლის განჩინებით შპს “საყდრიონის” სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ შპს “საყდრიონის” დირექტორ ი. ს-შვილი ითხოვს ვალის შემცირებას 4946 ლარით და დარჩენილი ვალის 22057,55 ლარის დაკისრებაზე უარის თქმას, ანუ იგი სადავოდ ხდის როგორც 4946 ლარს, ასევე 22057,55 ლარსაც. შესაბამისად, დავის საგნის ფასიც განისაზღვრება 4946 ლარს + 22057,55, რომელიც სულ შეადგენს 27003.55 ლარს, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 27003.55 ლარის 4%-ს, ანუ 1080.15 ლარს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “საყდრიონმა” სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი, არ გადაიხადა სასამართლოს მიერ მითითებული ოდენობით სახელმწიფო ბაჟი. გარდა ამისა, არ მიუთითა, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების უსწორობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაქუმების საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 თებერვლის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

შპს “საყდრიონის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 თებერვლის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.