Facebook Twitter

ას-165-159-2011 7 აპრილი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-შვილი (წარმომადგენელი რ. ხ-ია)

მოწინააღმდეგე მხარე _ ასოციაცია “ მ-ი”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ასოციაცია «მ-ის» მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ასოციაცია «მ-ის» მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ... ქ.¹20/ ... ქ. ¹25-ში პირველ სართულზე მდებარე 46,10 კვ.მ უძრავი ქონება და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მ. მ-შვილს, სარჩელი ასოციაცია «მ-ის» მიმართ ქირის დავალიანების _ 1176 ლარის დაკსირებისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილებში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-შვილის წარმომადგენელმა რ. ხ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინებით მ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-შვილის წარმომადგენელმა რ. ხ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა არ დარღვეულა, ვინაიდან მ. მ-შვილს კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ჩაბარებია. კერძოდ, საფოსტო შეტყობინებაზე ხელმოწერა შესრულებულია არა მ. მ-შვილის, არამედ სხვა პირის მიერ. ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად კი, კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ მიმართა ექსეპრტიზის ბიუროს. ამდენად, თუ დადგინდება, რომ საფოსტო გზავნილზე მ. მ-შვილის ხელმოწერა არ არის, აღნიშნული ფაქტი აბსოლუტური საფუძველია განჩინების გაუქმებისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე, მ. გ-შვილის წარმომადგენელმა რ. ხ-იამ შუამდგომლობით მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. მ-შვილის წარმომადგენელ რ. ხ-იას კერძო საჩივარი და ასევე მისი შუამდგომლობა სქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების ასლი მ. მ-შვილს პირადად ჩაბარდა 2010 წლის 6 აგვისტოს (იხ. ს.ფ. ტ.I ს.ფ 381). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 7 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 21 აგვისტოს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2010 წლის 21 აგვისტო, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი მ. მ-შვილის წარმომადგენელმა ვ. ხ-იამ შეიტანა 2010 წლის 27 სექტემბერს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ (იხ. ტ. I ს.ფ. 384-395).

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. მ-შვილს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია. კერძოდ, საფოსტო შეტყობინებაზე ხელმოწერა შესრულებულია არა მ. მ-შვილის, არამედ სხვა პირის მიერ.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს მტკიცების დამოუკიდებელ საშუალებას. სასამართლო მტკიცება, შესაბამისად წარმოადგენს მტკიცებულებათა (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა) შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცების საგანში უნდა ვიგულისხმოთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც მოიცავენ მოთხოვნისა და შესაგებლის საფუძვლებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, საქმის განხილვის დროს მხარესათვის უწყების ჩაბარების დოკუმენტზე ხელის მოწერის ნამდვილობის ფაქტი (პროცესუალური ფაქტი) არ შეიძლება მივიჩნიოთ მტკიცების საგანში შემავალ ფაქტად, რომლის დადგენა მოითხოვს ექსპერტიზის დანიშვნას. ამდენად, კერძო საჩივარი სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველსმოკლებულია და მის დაკმაყოფილებას უნდა ეთქვას უარი.

ზემოათნიშნული მოტივების დასაბუთების გათვალისწინებით რ. ხ-იას წარმოდგენილი შუამდგომლობას ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია იგი ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ პასუხობს კანონით დადგენილ საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობებს (სსსკ-ის 279-ე მუხლი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

არ დაკმაყოფილდეს მ. მ-შვილის წარმომადგენელ რ. ხ-იას შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე;

მ. მ-შვილის წარმომადგენელ რამაზ ხუნწარიას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.