საქმე ¹ას-166-158-2010 26 თებერვალი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ხ-მ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ი-შვილი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ი-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. და ა. მ-შვილების მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების _ თანხის დაბრუნების მოთხოვნით.
ა. მ-შვილმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ი. ი-შვილის მიმართ, მოითხოვა მოპასუხეებიდან თ. ი-შვილის ამორიცხვა, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს სასესხო სამართლებრივი ურთიერთობის მხარეს, ასევე მოითხოვა სესხის ხელშეკრულებაში შესწორების შეტანა, ძირითადი ვალიდადან 8400 აშშ დოლარის გადახდილად მიჩნევა და 1999 წლის 7 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა ვალდებულების შესრულების გამო.
თ. მ-შვილმა ასევე მიმართა სასამართლოს შეგებებული სარჩელით ი. ი-შვილის მიმართ 1999 წლის 7 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის, ასევე 2000 წლის 14 აპრილს გაცემული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ.
გორის რაიონული სასამართლო 2002 წლის 15 იანვრის განჩინებით მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგების გზით დამთავრების შესახებ დაკმაყოფილდა.
2002 წლის 30 ოქტომბერს გორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ხ-მ-შვილმა, მოითხოვა ამავე სასამართლო 2002 წლის 15 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აგვისტოს განჩინებით გ. ხ-მ-შვილის განცხადება გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 15 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ხ-მ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინებით გ. ხ-მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ხ-მ-შვილმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-მ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) დაიშვება თუ არა კერძო საჩივრის შეტანა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გასაჩივრებისათვის აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმის ამავე პროცესუალური წესით შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. აღნიშნული ნორმა იმპერატიულ ნორმათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ადგენს, რომ ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას კანონმდებლობა მხარეებს აღარ ანიჭებს.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით გ. ხ-მ-შვილის კერძო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აგვისტოს განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს საბოლოოს და მისი შემდგომი გასაჩივრება საპროცესო კანონმდებლობით არ დაიშვება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ხ-მ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 იანვრის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე, 419-ე, 185-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ხ-მ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.