Facebook Twitter

ას-167-159-10 2 აპრილი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ც. ა-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. გ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი –უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ც. ა-შვილის სარჩელი ე. გ-ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა კუთვნილი ფართის დაბრუნება და მოსარჩელის საკუთრების უსაფუძვლო ხელყოფის აკრძალვა. მისი განმარტებით, 1976 წელს ქქუთაისში, ... ქ.¹25-ში შეიძინა ბინა, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან, კერძოდ პირველი ნაწილი შედგება ერთი საცხოვრებელი ოთახისაგან ფართით 9,35 კვ.მ. დამხმარე ფართი 5.24 კვ.მ. სარდაფი 10.63 კვ.მ მეორე ნაწილი შედგება 3 საცხოვრებელი ოთახისაგან, ფართით 51,00 კვ.მ სარდაფი 20,80 კვ.მ.

2007 წელს უბნის რწმუნებულმა ლ. კ-ძემ მოსარჩელეს დაუკეტა ზემოაღნიშნული ფართის ნაწილი, თითქოს ის უკვე გასხვისებული იყო ე. გ-ძეზე.

მოპასუხის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. მათი განმარტებით, 1997 წელს ე. გ-ძეს სადაო ფართი გადაეცა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ უსასყიდლოდ პრივატიზაციის გზით.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ა-შვილმა ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ც. ა-შვილის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე.

საქმის მასალების გაცნობისა და სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამათრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში იხილება ც. ა-შვილის საკასაციო საჩივარი, ე. გ-ძის წინააღმდეგ, საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილობისა და ამ ფართის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. პალატამ მიიჩნია, რომ ც. ა-შვილის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს ვიდრე არ გადაწყდება ზემოთ მითითებული სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონშესაბამისობის საკითხი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებით ც. ა-შვილის სააპელაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა ც. ა-შვილის მიერ წარდგენილ სარჩელზე ე. გ-ძის მიმართ საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილობისა და ამ ფართზე საკუთრებაში გადაცემის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ც. ა-შვილმა.

კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით საქმის განხილვის შეჩერების მოტივად მოყვანილია ის გარემოება, რომ საკასაციო საჩივარი მიმართული აქვს მისი ბინის ნაწილზე უკანონოდ ე. გ-ძისათვის გაკეთებული პრივატიზების ხელშეკრულების ბათილობის შესახებ. ხოლო სააპელაციო სასამართლოში იხილება მის საკუთრებაში არსებული ფართის უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ დავა. აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტის გამოყენება გაუმართლებელია, რადგან გ-ძის მიერ განხორციელდა მის საკუთრებაზე უკანონო ხელშეშლა და ის არავითარ შეხებაში არ არის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნასთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე ც. ა-შვილმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ა-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, საქმის წარმოება შეაჩეროს, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მიერ განიხილება, კერძოდ, გამომდინარეობენ თუ არა ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ საქმის წარმოება შეჩერებულია იმ მოტივით, რომ მხარის მიერ სადავოდ არის გამხდარი პრივატიზაციის ხელშეკრულების ნამდვილობა.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ც. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი ე. გ-ძის წინააღმდეგ ქ. ქუთაისში ... ქ. ¹25-ში მდებარე საცხოვრებელი ფართზე პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე (ს.ფ.80-83). აღნიშნული განჩინება გასაჩივრებულია საკასაციო საჩივრით. ( სხდომის ოქმით ს.ფ.121-128).

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეში სასარჩელო მოთხოვნაა კუთვნილი ფართის დაბრუნება და საკუთრების ხელყოფის აკრძალვა., შესაბამისად ვიდრე არ გაირკვევა ქ. ქუთაისში ... ქ. ¹25-ში მდებარე სადავო ფართზე პრივატიზაციის დროისათვის აღნიშნულ ბინაზე ე. გ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გადაწყვიტოს ამავე ქონებაზე ც. ა-შვილის საკუთრების უფლების საკითხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ზემოაღნიშნულ ორ საქმეს შორის აუცილებელი კავშირის არსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოება შეჩერებულია კანონიერი საფუძვლით, რის გამოც კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

აკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ც. ა-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.