ას-17-13-2011 15 მარტი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ფირმა «...» (წარმომადგენელი თ. ქ-ძე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «თ-ი»
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
... რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს «თ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, ფირმა «...» მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 457346 ლარი, რაც ჩაითვალა შეგებებული სარჩელის მოთხოვნაში, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფირმა «...» შეგებებული სარჩელი და მასზე დაკისრებული თანხის გამოკლებით სს «თ-სს» დაეკისრა 2740950 ლარის გადახდა ფირმა «...» სასარგებლოდ (ტომი I, ს.ფ. 93-94).
2009 წლის 16 მარტს შპს «დ-ას» დირექტორმა ნ. გ-იამ ... რაიონულ და ... საქალაქო სასამართლოს მიმართა განცხადებით, სადაც აღნიშნა, რომ 2008 წლის 7 ივლისის ხელშეკრულებით სს «თ-ისათვის» ფირმა «...» სასარგებლოდ დაკისრებული თანხის მიღების უფლება გადაეცა შპს «დ-ას». განმცხადებელმა მოითხოვა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა (ტომი I, ს.ფ. 103).
... რაიონული და ... საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის განჩინებით შპს «დ-ას» დირექტორ ნ. გ-იას განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2005 წლის იანვრიდან შპს «თ-ის» მიმართ მიმდინარეობდა გაკოტრების საქმის წარმოება. საქალაქო სასამართლომ მიუთითა «გადახდისუუნარობის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ჩერდება იძულებითი აღსრულება სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე იქნა მიღებული. ამავე მუხლის «ბ» და «დ» ქვეპუნქტების მიხედვით, ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების და პროცენტების გადახდა (ტომი I, ს.ფ. 115).
სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «დ-ას» დირექტორმა ნ. გ-იამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მას სასამართლოსათვის არ მიუმართავს, როგორც რომელიმე აღმასრულებელი ორგანოსთვის, რაიმე ღონისძიების ან ქმედების ჩატარების მიზნით. თუკი არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცლის ამოწერას არც ერთი ნორმატიული აქტი არ კრძალავს და სასამართლოს არ ათავისუფლებს ამ ვალდებულებისგან, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას იძულებითი აღსრულების შეჩერება არ აბრკოლებს გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას (ტომი I, ს.ფ. 118-119).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 მაისის განჩინებით შპს «დ-ას» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ... რაიონული და ... საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის განჩინება და საქმე შპს «დ-ას» განცხადებით განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტომი I, ს.ფ. 146-149).
... რაიონული და ... საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 ივნისის განჩინებით შპს «დ-ას» განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 176-178).
პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 17 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «დ-ამ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება (ტომი II, ს.ფ. 2-4).
2009 წლის 5 აგვისტოს ... რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «თ-სმა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი ახალი გადაწყვეტილების მიღება ფირმა «...» მის სასარგებლოდ 457 346 ლარის დაკისრების, ხოლო ამ უკანასკნელის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ტომი II, ს.ფ. 30-39).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინებით შპს «დ-ა» მოცემულ საქმეში ჩაება მესამე პირად (ტომი II, ს.ფ. 116-119).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინებით შპს «დ-ას» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ... რაიონული და ... საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 ივნისის განჩინება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სს «თ-ის» სააპელაციო საჩივარი ... რაიონული და ... საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე მიღებულ იქნა წარმოებაში და ამდენად, გადაწყვეტილება არ იყო შესული კანონიერ ძალაში (ტომი II, ს.ფ. 145-148).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინებით გაუქმდა ... რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება ფირმა «...» შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და შეგებებულ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტზე, რომელიც ამავე კოდექსის 372-ე მუხლიდან გამომდინარე გამოიყენება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას და განმარტა, რომ სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.
საქმეზე დგინდებოდა, რომ 2005 წლის 10 იანვრიდან სს «თ-ის» ქონებაზე გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება «გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ» 1996 წლის 25 ივნისის საქართველოს კანონის შესაბამისად. 2010 წლის 5 მარტს, აღნიშნული კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განხორციელდა სს «თ-ის» ქონების რეალიზაცია. ... რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებით დადგინდა სს «თ-ის» გაკოტრების მმართველის მიერ სს «თ-ის» სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების განაწილებისთანავე გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და აღნიშნული საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პროცესუალური უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირისაგან მეორე პირზე. იურიდიული პირის ლიკვიდაციისას უფლებამონაცვლეობა არ წარმოიშობა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ექვემდებარებოდა გაუქმებას, ხოლო შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოება _ შეწყვეტას (ტომი II, ს.ფ. 140-142).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის განჩინება შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ფირმა «...» (ტომი II, ს.ფ. 154-156).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის გასაჩივრებული განჩინება და სს «თ-ის» სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე უტყუარად არ დასტურდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების სს «თ-ის» მიერ ჩაუბარებლობა. საქმეში განთავსებული გზავნილით დგინდებოდა, რომ ... რაიონული და საქალაქო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება გაეგზავნა სს «თ-ის» დირექტორ ნ.ბულბულაშვილს. ამავე გზავნილზე დაფიქსირებულია ჩაბარების აღმნიშვნელი ხელმოწერა. სს «თ-ის» სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს აუცილებლად უნდა გამოერკვია, რატომ არ ადასტურებდა აღნიშნული გზავნილი სს «თ-ის» მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებას და დაესაბუთებინა, რომ გზავნილზე ხელმომწერი პირი არ წარმოადგენდა სს «თ-ის» თანამშრომელს, რაც არ გამორკვეულა.
საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ფირმა «...» შეგებებულ სარჩელზე წარმოების შეწყვეტის დასაბუთების ნაწილში. შეგებებულ სარჩელზე წარმოება შეწყდა იმ მოტივით, რომ ... რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებით დადგინდა სს «თ-ის» გაკოტრების მმართველის მიერ სს «თ-ის» სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების განაწილებისთანავე გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ განჩინების გამოტანა არ ნიშნავს საწარმოს ლიკვიდაციას. სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების შესახებ რეგისტრაციის მომენტიდან. საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს, რომ ასეთი მომენტი დადგა. ამასთან, «გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ» კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის დასრულებისთანავე საწარმო ანაწილებს დარჩენილ თანხას, ხოლო დარჩენილი თანხის ნაწილი შეინახება შესაბამის სადეპოზიტო ანგარიშზე 3 თვის ვადით. «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ 3 თვის განმავლობაში აღმოჩნდება, რომ ლიკვიდაციისას არ იქნა დაკმაყოფილებული საწარმოს კრედიტორთა ნაწილი, მათი დაკმაყოფილება მოხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხებიდან ან ქონებიდან. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხები ან ქონება ნაწილდება პარტნიორებს შორის მათი წილის პროპორციულად, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის დადგენილი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის ხელახალი განხილვისას, თუკი სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ სააპელაციო საჩივარი არსებითად უნდა განხილულიყო, სააპელაციო სასამართლოს ასევე უნდა გამოერკვია, გასული იყო თუ არა მოცემულ შემთხვევაში კანონით სადეპოზიტო ანგარიშზე დარჩენილი თანხის შესაბამისად განსაზღვრული სამთვიანი ვადა (ტომი II, ს.ფ. 230-236).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა ... რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება ფირმა «...» შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და შეგებებულ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითების შესაბამისად უწინარესად იმსჯელა სს «თ-ის» სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე. სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება გაეგზავნა სს «თ-ის» დირექტორ ნ.ბულბულაშვილს. 2002 წლის 5 აპრილიდან 2003 წლის 18 სექტემბრამდე საწარმოს საფინანსო დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად რეგისტრირდებოდა სწორედ ნ.ბ-შვილი. სასამართლომ არ გაიზიარა ფირმა «...» წარმომადგენლის განმარტება იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება 2002 წლის 30 სექტემბერს ჩაჰბარდა სს «თ-ის» დირექტორ ნ.ბ-შვილს, რამდენადაც ს.ფ. 95-ზე (ტომი I) განთავსებულ გზავნილზე გაკეთებული აღნიშვნა არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ხელმოწერად. იგი არ შეიცავდა ანბანის არც ერთ წერილობით ნიშანს და შეუძლებელი იყო მსგავსი სახით გაკეთებული აღნიშვნის იდენტიფიცირება ჩამბარებლის გვართან ან სახელთან, ასევე გზავნილზე არ იყო მითითებული გზავნილის ჩაბარების დრო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით უწყების ჩაბარებულად მიჩნევისათვის აუცილებელია შემდეგი რეკვიზიტების არებობა: უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანონით გათვალისწინებულ სუბიექტს, რაც უნდა დადასტურდეს მისი ხელმოწერით და ასევე, უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღინიშნოს უწყების ჩაბარების დრო.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია ასევე იმ გარემოებაზე, რომ ... რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით აღძრულ საქმეზე მონაწილეობას იღებდა სს «თ-ის» წარმომადგენელი, მაგრამ აღნიშნული საქმის წარმოების მსვლელობისას სს «თ-ისათვის» კანონით დადგენილი წესით დასახელებული გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს «თ-სს» სასამართლო გადაწყვეტილება არ ჩაბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. შესაბამისად, სს «თ-ის» სააპელაციო საჩივარი დასაშვები იყო.
რაც შეეხებოდა ფირმა «...» შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლის არსებობას, ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგზე:
2005 წლის 10 იანვრიდან სს «თ-ის» ქონებაზე გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება «გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ» 1996 წლის 25 ივნისის საქართველოს კანონის შესაბამისად;
2010 წლის 5 მარტს, აღნიშნული კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამეურვეო ქონების რეალიზაცია განხორციელდა 7350000 აშშ დოლარის ეკვივალენტად ლარებში;
... რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებით დადგინდა სს «თ-ის» გაკოტრების მმართველის მიერ სს «თ-ის» სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების განაწილებისთანავე გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და აღნიშნული საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება;
სს «თ-ის» სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხის განაწილება განხორციელდა დამტკიცებული რეესტრის მიხედვით. სულ შემოსული თანხა შეადგენდა 12607175 ლარს. ეს თანხა განაწილდა მხოლოდ მეორე რიგის კრედიტორებზე პროცენტულად, დანარჩენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 20 აპრილის ¹... გადაწყვეტილებით «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სს «თ-ის» (...) რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და საზოგადოება ამოირიცხა სამეწარმეო რეესტრიდან.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტზე, რომელიც ამავე კოდექსის 372-ე მუხლის საფუძველზე გამოიყენება სააპელაციო ინსტანციით საქმის განხილვისას და განმარტა, რომ პროცესუალური უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირისაგან მეორე პირზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფირმა «...» შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმებას, ხოლო შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვეტას ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 253-257).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ფირმა «...», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
მოცემული საქმის განხილვისას დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა (ლ.კ-ძე, ნ.ნ-ძე), რომლებიც აღნიშნული საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ 2010 წლის 26 მარტს;
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ფირმა «...» წარმომადგენლის განმარტება იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2002 წლის 30 სექტემბერს ჩაჰბარდა სს «თ-ის» დირექტორ ნ.ბ-შვილს, რაც იმით დაასაბუთა, რომ გზავნილზე არსებული ხელმოწერა არ შეიცავს ანბანის არც ერთ წერილობით ნიშანს და შეუძლებელია მსგავსი სახით გაკეთებული აღნიშვნის იდენტიფიცირება ჩამბარებლის გვართან ან სახელთან, ასევე გზავნილზე არ არის მითითებული ჩაბარების დრო. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საკითხის ამგვარად შეფასება არასწორია. აღნიშნულით სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ შეითავსა კალიგრაფიული ექსპერტის ფუნქციები და თავად გადაწყვიტა ხელმოწერის იდენტიფიკაციის საკითხი ჩამბარებლის გვართან.
კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ფირმა «...» შეგებებულ სარჩელზე წარმოების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის თაობაზე. იგი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ეწინააღმდეგება თავისსავე გადაწყვეტილებას, რამდენადაც გამოდის, რომ სასამართლომ წარმოებაში მიიღო და დასაშვებად ცნო არარსებული სუბიექტის სააპელაციო საჩივარი.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის შეგებებულ სარჩელზე წარმოების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის შემთხვევაში უნდა გამოერკვია, გასული იყო თუ არა მოცემულ შემთხვევაში კანონით სადეპოზიტო ანგარიშზე დარჩენილი თანხის შესანახად განსაზღვრული სამთვიანი ვადა, თუმცა ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია (ტომი II, ს.ფ. 260-263).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფირმა «...» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოცემული საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება _ ... რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება, აპელანტ სს «თ-სს» არ ჩაბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აღნიშნულ დასკვნამდე სააპელაციო სასამართლო მივიდა ს.ფ. 95-ზე (ტომი 1) განთავსებული სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების შეფასების შედეგად. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებულ შეტყობინებაზე შესრულებული ხელმოწერა იყო გაურკვეველი და შეუძლებელი იყო მისი იდენტიფიცირება ჩამბარებლის გვართან ან სახელთან, ამასთან, შეტყობინება არ შეიცავდა ჩაბარების დროზე მითითებას. ხსენებული რეკვიზიტების არარსებობა კი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავდა სს «თ-ისათვის» გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარებულად მიჩნევის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ამ გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების თარიღის მიუთითებლობა გამორიცხავს შესაბამისი საპროცესო ვადის, მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის, შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევას.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის ასევე ფირმა «...» შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერებას.
სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 20 აპრილის ¹... გადაწყვეტილებით, «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სს «თ-ის» (ს/ნ226521653) რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და საზოგადოება ამოირიცხა სამეწარმეო რეესტრიდან. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანის დროისათვის სს «თ-ი» უკვე ლიკვიდირებული და სამეწარმეო რეესტრიდან ამორიცხული იყო. ასევე ამავე დროისათვის გასული იყო «გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ» კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით და «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული 3 თვიანი ვადა შესაბამის სადეპოზიტო ანგარიშზე გაუნაწილებელი თანხების დეპონირებისათვის. ამასთან აღსანიშნავია, რომ სს «თ-ის» გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დასრულებისას სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხის განაწილება განხორციელდა დამტკიცებული რეესტრის მიხედვით მხოლოდ მეორე რიგის კრედიტორებზე პროცენტულად, დანარჩენი მოთხოვნები კი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასანაწილებელი თანხა არ დარჩენილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეწყვიტა საქმის წარმოება.
უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა გასაჩივრებული განჩინების უკანონობის თაობაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნულ განჩინებას ხელს აწერენ მოსამართლეები, რომლებიც მანამდე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ამავე საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ერთი და იმავე ინსტანციის სასამართლოში, ერთი და იმავე საქმის განხილვაში, ერთი და იმავე მოსამართლის მონაწილეობა, რაზეც მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, არ განეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-31-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოსამართლის აცილების არც ერთ საფუძველს და შესაბამისად, ამავე კოდექსის 394-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის დასახელებული არგუმენტი მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფირმა «...» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.