Facebook Twitter

ას-173-165-10 13 მაისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს “.. ..” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ ... კომპანია” (მოპასუხე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – Qთბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “ ... კომპანიამ” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “.. ..ს” წინააღმდეგ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ ... კომპანიის” სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “.. ..მ”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 იანვრის განჩინებით შპს “.. ..ს” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს “.. ..ს” წარმომადგენელს – ნ. ბ-შვილს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, რომელიც ჩაჰბარდა მის სრულწლოვან შვილს _ ვ. ბ-შვილს 2009 წლის 8 დეკემბერს. სწორედ ამ დროიდან უნდა დაიწყოს ვადის ათვლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად. შპს “.. ..ს” დირექტრომა ნ. ბ-შვილმა კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 28 დეკემბერს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს “.. ..ს” დირექტორს სადავო გადაწყვეტილება უნდა გაესაჩივრებინა ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში – 2009 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, მან კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 28 დეკემბერს, რის გამოც იგი დაუშვებელია კანონით დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “.. ..ს” დირექტორმა ნ. ბ-შვილმა. მან მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება 2009 წლის 8 დეკემბერს ჩაჰბარდა მის არასრულწლოვან შვილს _ ვ. ბ-შვილს, რომელიც დაბადებულია 1994 წლის 23 ნოემბერს. პირადად მას კი ჩაჰბარდა 2009 წლის 15 დეკემბერს. სწორედ აქედან უნდა დაიწყოს ვადის ათვლა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მან სააპელაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილ ვადაში, კერძოდ 2009 წლის 28 დეკემბერს, ხოლო საჩივრის ბოლო ვადა ამოიწურა 29 დეკემბერს. ვინაიდან მას კანონით დადგენილ 14 – დღიან ვადაში აქვს შეტანილი სააპელაციო საჩივარი, ნ. ბ-შვილმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს “.. ..ს” წარმომადგენელ ნ. ბ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად.

დადგენილია, რომ შპს “.. ..ს” წარმომადგენელ ნ. ბ-შვილის შვილს – ვ. ბ-შვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2009 წლის 8 დეკემბერს.

კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 8 დეკემბერს და ვადა ამოწურულად ჩათვალა 2009 წლის 22 დეკემბერს. ნ. ბ-შვილმა კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 28 დეკემბერს, რის გამოც სასამართლომ გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 - დღიანი ვადა გაშვებულად ჩათვალა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა ნ. ბ-შვილის არასრულწლოვან შვილს – ვ. ბ-შვილს, რომელიც დაბადებულია 1994 წლის 23 ნოემბერს. სააპელაციო სასამართლომ კი იგი ჩათვალა სრულწლოვნად, რაც არ არის სწორი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს ჩაბარებულად 2009 წლის 8 დეკემბერს. ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ნ. ბ-შვილისათვის აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარების დრო _ 2009 წლის 15 დეკემბერი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. ბ-შვილს კანონით დადგენილ 14 _ დღიან ვადაში აქვს შეტანილი სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, მას გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2009 წლის 15 დეკემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 28 დეკემბერს. აღნიშნულიდან გამონდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ბ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “.. ..ს” დირექტორ ნ. ბ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.