¹ას-176-168-2010 29 მარტი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ თ. ჩ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ მ. გ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ თანხის დაკისრება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2002 წლის 6 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ჩ-ძემ მოპასუხე მ. გ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 30 000 აშშ დოლარის დაკისრება.
სარჩელის თანახმად, 1996 წელს თ. ჩ-ძემ მოპასუხეს ასესხა 30 000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ სესხი გასცა მეუღლესთან შეთანხმებით, რამდენადაც თანხა წარმოადგენდა მათ საერთო საკუთრებას. სესხი გაიცა 20 დღის ვადით. მ. გ-ძემ თანხა თავის დროზე არ დააბრუნა. ეს უკანასკნელი ვალის არსებობას არ უარყოფდა და მის დაბრუნებაზე ყოველთვის თანხმობას იძლეოდა. 1999 წლის ოქტომბრის თვეში მოპასუხემ წერილობით აღიარა ვალის არსებობა. გარდა ამისა, დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებდნენ მოწმეები (ტომი I, ს.ფ. 2).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 55-57).
აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, თ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება, თ. ჩ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. გ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 3 000 ლარის გადახდა, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების _ 500 ლარის ანაზღაურება (ტომი I, ს.ფ. 58-59, 136-141).
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 142-146).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 19 თებერვლის განჩინებით მ. გ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტომი I, ს.ფ. 183-187).
2003 წლის 21 აპრილს თ. ჩ-ძემ უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე (ტომი I, ს.ფ. 189). აღნიშნულის გამო, აჭარის ა/რის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 22 აპრილის განჩინებით, მისი სააპელაციო საჩივრით განსახილველ საქმეზე წარმოება შეწყდა (ტომი I, ს.ფ. 190).
2004 წლის 14 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა თ. ჩ-ძის მეუღლე შ. ქ-ძემ. მოგვიანებით, მან თ. ჩ-ძესთან ერთად წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნა დააზუსტა, კერძოდ, მოითხოვა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 22 აპრილის განჩინებით დამთავრებულ საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების განახლება.
განმცხადებლებმა საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის განცხადება მათ არ დაუწერიათ, იგი დაწერა მათმა ქალიშვილმა მ. ქ-ძემ, რადგან მოწინააღმდეგე მხარემ მუქარით აიძულა დაეწერა ეს განცხადება და დედის, თ. ჩ-ძის ნაცვლად მოეწერა ხელი (ტომი III, ს.ფ. 3-4, 27).
აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 18 თებერვლის განჩინებით თ. ჩ-ძისა და შ. ქ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა, საქმეზე თ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივრისა გამო მ. გ-ძის მიმართ თანხების დაკისრების თაობაზე, წარმოება განახლდა (ტომი III, ს.ფ. 65-67).
“სერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 884 მუხლში 2005 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონით შეტანილი ცვლილების თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სააპელაციო სასამართლო და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2006 წლის 13 ივლისის სხდომაზე თ. ჩ-ძისა და შ. ქ-ძის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა, ამავე განჩინებით აპელანტს დაეკისრა 823 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა (ტომი III, ს.ფ. 151-152).
თ. ჩ-ძემ 2006 წლის 12 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანა საჩივარი (ტომი III, ს.ფ. 169-170).
თავდაპირველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, თ. ჩ-ძის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად (ტომი III, ს.ფ. 185-192).
შემდგომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, თ. ჩ-ძისა და შ. ქ-ძის კერძო საჩივრის განხილვის შედეგად, გააუქმა 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინება და საქმე მათი საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნა იმავე სასამართლოს (ტომი III, ს.ფ. 258-265).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განჩინებით თ. ჩ-ძის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა მითითებული გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა (ტომი IV, ს.ფ. 32-35).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2008 წლის 9 იანვრს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვისას არ გამოცხადდა აპელანტი თ. ჩ-ძე, რომელსაც სასამართლოს უწყება ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მ. გ-ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება, თ. ჩ-ძეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის 823 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა (ტომი IV, ს.ფ. 43-47).
აღნიშნული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განახლება იმ საფუძვლით, რომ მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, ვინაიდან იყო ავად, გაიკეთა თვალების ოპერაცია, არ შეეძლო გადაადგილება (რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა სამედიცინო ცნობა). რაც შეეხებოდა ბაჟის დაკისრების ნაწილში კასატორის მოთხოვნას, თ. ჩ-ძემ მიუთითა, რომ სასამართლოს, კანონის თანახმად, როგორც ინვალიდი, უნდა გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (ტომი IV, ს.ფ. 61-71).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ჩ-ძე გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, დანარჩენ ნაწილში განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა (ტომი IV, ს.ფ. 109113).
2009 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა თ. ჩ-ძემ, რომელმაც მოითხოვა ამავე სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებლის განმარტებით, 2009 წლის სექტემბერში მან მოიპოვა გარკვეული სახის მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ, მან მიუთითა, 2009 წლის 9 იანვრის სასამართლო სხდომაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მიწვეული არ ყოფილა მისი წარმომადგენელი გ. ს-ძე. ამ უკანასკნელის ნაცვლად სხდომაზე მიწვეულ იქნა კ. ჯ-უა. სხდომის დღის თაობაზე ასევე არ ეცნობა შ. ქ-ძეს, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მოთხოვნები. განმცხადებლის აზრით, აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
გარდა ამისა, თ. ჩ-ძემ მიუთითა, რომ მან მოიპოვა შპს “მ. ს. ც.” 2009 წლის 10 სექტემბრის ცნობა, რომლითაც დგინდებოდა, რომ მას ნამდვილად ჩაუტარდა ოპერაცია ორივე თვალზე 20 დეკემბერს და 25 დეკემბერს და მისი ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო (ტომი VII, ს.ფ. 2-7).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებითYთ. ჩ-ძის განცხადება ამავე სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად (ტომი VII, ს.ფ. 50-51). ამასთან, სააპელაციო სასამართლომ იმავე რიცხვში მიიღო განჩინება, რომლითაც იმის გამო, რომ მის წარმოებაში ასევე იმყოფებოდა თ. ჩ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, შეაჩერა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქმის განხილვა გადაწყვეტილების ბათილობის საკითხის გადაწყვეტამდე (ტომი VII, ს.ფ. 50-55).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 6 იანვრის სხდომაზე თ. ჩ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა მოთხოვნა დააზუსტეს, უარი განაცხადეს ბათილობის საფუძვლით განცხადების განხილვაზე და მხოლოდ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს (ტომი VII, ს.ფ. 61-66).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის განჩინებით შეწყდა ამავე სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ თ. ჩ-ძის განცხადებაზე დაწყებული საქმის წარმოება, განახლდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე თ. ჩ-ძის განცხადების განხილვა (ტომი VII, ს.ფ. 80-86).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2010 წლის 6 იანვარს მიიღო მეორე განჩინება, რომლითაც თ. ჩ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, როგორც დაუშვებელი, დატოვა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განსახილველი განცხადების წარმოდგენამდე, 2009 წლის 5 ოქტომბერს, თ. ჩ-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განმცხადებელმა მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში;
განმცხადებელი განმარტავდა, რომ 2009 წლის 10 სექტემბერს მან მოიპოვა გარკვეული სახის მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა, კერძოდ, გამოირკვა, რომ 2009 წლის 9 იანვრის სასამართლო სხდომაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მიწვეული არ ყოფილა მისი წარმომადგენელი გ. ს-ძე. ამ უკანასკნელის ნაცვლად სხდომაზე მიწვეულ იქნა კ. ჯ-უა. სხდომის დღის შესახებ ასევე არ ეცნობა შ. ქ-ძეს, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მოთხოვნები. გარდა ამისა, განმცხადებელმა მოიპოვა შპს “მ. ს. ც.” 2009 წლის 10 სექტემბრის ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ თ. ჩ-ძეს ნამდვილად ჩაუტარდა ოპერაცია ორივე თვალზე 20 და 25 ოქტომბერს და მისი ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით თ. ჩ-ძის განცხადება ამავე სასამართლოს 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული განცხადებით თ. ჩ-ძეს უნდა მიემართა განსჯადი სასამართლოს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის;
2009 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა თ. ჩ-ძემ, რომელმაც ამავე სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმავე საფუძვლებით, რაც მითითებული ჰქონდა 2009 წლის 5 ოქტომბრის განცხადებაში.
სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
იმის გათვალისწინებით, რომ თ. ჩ-ძისათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა თაობაზე ცნობილი გახდა 2009 წლის 10 სექტემბერს, ხოლო მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა 2009 წლის 9 ნოემბერს, საიდანაც გაშვებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი განსჯადი სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება დაუშვებელი იყო და განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მსჯელობა იმის შესახებ, რომ, ვინაიდან საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადების მის მიერ უზენაესი სასამართლოსათვის წარდგენის დროს _ 2009 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით, გასაჩივრების ერთთვიანი ვადა გასული არ იყო, ამიტომ უზენაესი სასამართლოს მიერ განცხადების განუხილველად დატოვებიდან ერთი თვის ვადაში იმავე საფუძვლებით სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი განცხადება დასაშვებია.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ერთი თვის ვადაში შეტანილ უნდა იქნეს განსჯად სასამართლოში, ხოლო არაგანსჯადი სასამამართლოსათვის ასეთი მოთხოვნის წარდგენა არ იწვევს აღნიშნული ნორმით განსაზღვრული გასაჩივრების ერთთვიანი ვადის შეწყვეტას (ტომი VII, ს.ფ. 72-79).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 6 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ჩ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, უზენაესმა სასამართლომ 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მისი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად დატოვა იმ მოტივით, რომ განმცხადებელს უნდა მიემართა განსჯადი სასამართლოს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის. განჩინების ჩაბარებისთანავე თ. ჩ-ძემ დასახელებული განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის შინაარსი და განცხადება განსჯად სასამართლოში მისი დროულად წარუდგენლობის გამო მიიჩნია დაუშვებლად. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ განსჯად სასამართლოში განცხადების შეტანა განხორციელდა განუხილველად დატოვების შესახებ უზენაესი სასამართლოს განჩინების გამოტანიდან ერთ თვეში, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის დენის შეწყვეტას განაპირობებდა (ტომი VII, ს.ფ. 91-92).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას თ. ჩ-ძის განცხადების განუხილველად დატოვების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შესახებ.
საქმის მასალების თანახმად, განმცხადებელ თ. ჩ-ძის საბოლოო მოთხოვნას წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე წარმოების განახლება (ტომი VII, ს.ფ. 61-66). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა (გარდა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილისა) 2008 წლის 4 ივნისს, მას შემდგომ, რაც უზენაესი სასამართლოს ამავე თარიღის გადაწყვეტილებით იგი უცვლელად დარჩა (ტომი IV, ს.ფ. 109-113). განსახილველი განცხადების ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენამდე, 2009 წლის 5 ოქტომბერს, თ. ჩ-ძემ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დასრულებულ საქმეზე წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა უზენაეს სასამართლოს, თუმცა ეს განცხადება არაგანსჯად სასამართლოში მისი წარდგენის გამო განუხილველად იქნა დატოვებული. განმცხადებელს განემარტა, რომ მას უნდა მიემართა განსჯადი სასამართლოს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის (ტომი VI, ს.ფ. 1-44, 45-47). თავდაპირველად წარდგენილი განმცხადებისა და ამჟამად განსახილველი განცხადების საფუძვლები იდენტურია. განმცხადებლის მითითებით, საქმეზე წარმოების განახლების საფუძვლების შესახებ მან შეიტყო 2009 წლის 10 სექტემბერს, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების დღიდან (იხ. ტომი VI, ს.ფ. 1-7, ტომი VII, ს.ფ. 2-7).
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ თ. ჩ-ძის განცხადების განუხილველად დატოვება ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426.1 მუხლს, რომლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონის მითითებული ნორმის შინაარსი გულისხმობს, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ერთი თვის განმავლობაში შეტანილ უნდა იქნეს განსჯად სასამართლოში, ხოლო არაგანსჯადი სასამართლოსათვის ასეთი მოთხოვნის წარდგენა არ იწვევს გასაჩივრების ერთთვიანი ვადის შეწყვეტას.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას არ იზიარებს. საქმეზე უდავოდ დასტურდება, რომ თ. ჩ-ძემ განცხადება უზენაეს სასამართლოში ფოსტის მეშვეობით წარადგინა საქმეზე წარმოების განახლების შესახებ შესაბამისი საფუძვლის შეტყობიდან (2009 წლის 10 სექტემბერი) კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში _ 2009 წლის 5 ოქტომბერს. მართალია, განცხადება წარედგინა არაგანსჯად სასამართლოს, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ მხარემ თავისი საპროცესო უფლების რეალიზება დროულად არ მოახდინა. კანონით დადგენილ ვადაში განცხადების არაგანსჯად სასამართლოში შეტანა არ შეიძლება გახდეს მხარის მიერ ამ განცხადების ვადაში წარდგენის გამაქარწყლებელი გარემოება, ამგვარი რამ არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426.1 მუხლის შინაარსიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის გაშვების გამო თ. ჩ-ძის განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას, ხოლო კერძო საჩივარი დაკმაყოფილებას ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.