Facebook Twitter

ბს-1219-794(კ-05) 2 ნოემბერი, 2005წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),

ჯ. გახოკიძე

დავის საგანი: ბრძანების არაკანონიერად აღიარება, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. შ-ემ, რ. კ-ემ, ი. ნ-მა, დ. კ-ემ, მ. წ-ემ, თ. ბ-მა, ქ. ჭ-ემ და ნ. მ-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის 20.01.2005წ. ¹6 ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურება.

მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004წ. 3 დეკემბრის ¹01/163-ო ბრძანების საფუძველზე, ფონდის სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონული ფილიალის უფროსის 20.01.2005წ. ¹6 ბრძანებით გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან და მიაჩნდათ, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა მთელი რიგი დარღვევებით, კერძოდ:

1. მოსალოდნელი მასობრივი გათავისუფლების შესახებ არ იყო ინფორმირებული შრომითი მოწყობის ორგანო;

2. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ თანხმობა არ ჰქონდა მიცემული პროფკავშირის კომიტეტს;

3. ადმინისტრაციის მიერ არ იყო დაცული ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნა დადგენილი საკვალიფიკაციო ნიშნების მიხედვით მუშაკთა შერჩევის თაობაზე. ადმინისტრაციამ საკუთარი შეხედულებით განსაზღვრა დასანიშნ პირთა შემადგენლობა, რითაც გათავისუფლებულ მუშაკებს სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებასთან ერთად წაართვა აღნიშნულ სამსახურში საკვალიფიკაციო შერჩევის გზით მოხვედრის უფლებაც. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლებისას დაირღვა შკკ-ის 422-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 423-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნები.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 13.03.2005წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ი. ნ-ის განცხადება და მის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება სარჩელზე უარის თქმის გამო.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 01.04.2005წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ბ-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონული ფილიალის 20.01.2005წ. ¹6 ბრძანება თ. ბ-ის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ და აღდგენილ იქნა უფროსი ...ის ტოლფას თანამდებობაზე. მასვე აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი. ვ. შ-ის, რ. კ-ის, მ. წ-ის, დ. კ-ის, ქ. ჭ-ისა და ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 3.12.2005წ. ¹01/163-ო ბრძანებით განხორციელდა ფონდის სტრუქტურული რეორგანიზაცია. დამტკიცდა რაიონული და საქალაქო ფილიალების მუშაკთა რიცხოვნება და თანამდებობივი კატეგორიები. ზესტაფონის ფილიალში მუშაკთა რიცხოვნობა განისაზღვრა 19 საშტატო ერთეულით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ზესტაფონის ფილიალში რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირება და მიუთითა, რომ შკკ-ის 422-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეებს ეცნობათ მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ პერსონალურად ერთი თვით ადრე, რაც ხელმოწერით დაადასტურეს მოსარჩელეებმა. 17.12.2004წ. მოპასუხემ შკკ-ის 37-ე მუხლის და 197-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად მიმართა რაიონული ფილიალის პროფკავშირის თავმჯდომარეს და მოითხოვა წარმომადგენელთა ჩართვა შრომის დავის კომისიაში. 2005წ. 6 და 20 იანვარს შედგა შრომის დავის კომისიის სხდომა, რომელზედაც განიხილეს რეორგანიზაციის საკითხი, რომელსაც ესწრებოდნენ მოსარჩელეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიაჩნია, რომ მოსარჩელეებთან ხელშეკრულებები მოიშალა პროფკავშირის თანხმობის მიღებიდან ერთ თვეში. მთავარი და წამყვანი ...ის თანამდებობაზე დასანიშნად აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნას წარმოადგენდა უმაღლესი იურიდიული და ეკონომიური განათლება, რასაც ვერ აკმაყოფილებდა მოსარჩელეთა საკვალიფიკაციო მონაცემები.

სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ბ-ის სამუშაოდან დათხოვნისას არ იყო დაცული შკკ-ის 36-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, ადმინისტრაციამ არ იმსჯელა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ, რის გამოც მისი მოთხოვნა მიიჩნია საფუძვლიანად.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ვ. შ-ემ, რ. კ-ემ, დ. კ-ემ, მ. წ-ემ და ნ. მ-ემ, რომლებმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. სააპელაციო საჩივარი წარადგინა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონულმა ფილიალმაც, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა თ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება თ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონული ფილიალის 20.01.2005წ. ¹6 ბრძანება მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. უარი ეთქვათ მოსარჩელეებს სამუშაოზე აღდგენასა და იძულებით განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურებაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 03.12.2004წ. ¹01/163-ო ბრძანებით განხორციელდა ფონდის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია. ფონდის ზესტაფონის ფილიალში რეორგანიზაციას თან სდევდა საშტატო ერთეულების შემცირება. შტატები, რომლებზედაც მოსარჩელეები იყვნენ დასაქმებული, რეორგანიზაციის შემდგომ აღარ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლება განხორციელდა “შრომის კანონთა” კოდექსის 422-ე მუხლის შესაბამისად და მიუთითა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა 2004წ. 29 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე თ. ბ-ის ქ. თბილისში, ... ცენტრში, შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით, რის გამოც იგი ვერ იქნებოდა გაფრთხილებული სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. ასევე, მიუთითა, რომ დანარჩენი მოსარჩელეების გაფრთხილება არ მომხდარა კანონით გათვალისწინებული ერთი თვით ადრე, რადგან წარმოდგენილი გაფრთხილების ხელმოწერის ვიზუალური დათვალიერებით დასტურდებოდა, რომ გაფრთხილების თარიღის გრაფაში ჩანაწერი “17.XII.04” შესრულებული იყო ერთი და იმავე კალიგრაფიით.

ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დაწესებულების პროფკავშირს თანხმობა არ მიუცია მოსარჩელეთა გათავისუფლებაზე, რის გამოც ადმინისტრაციამ დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად ცნო სოცფონდის ზესტაფონის ფილიალის 20.01.2005წ. ¹6 ბრძანება მოსარჩელეთა გათავისუფლების ნაწილში, მაგრამ უარი უთხრა მოსარჩელეებს სამუშაოზე აღდგენაზე, ვინაიდან დადგენილად მიიჩნია, რომ თანამდებობები, რომლებზეც მოსარჩელეები მუშაობდნენ, აღარ არსებობდა, ხოლო ახალი თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მოსარჩელეები ვერ აკმაყოფილებდნენ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის უფროსმა, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო თავდაპირველი მოსარჩელეები საკასაციო საჩივრით ითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვათ სამუშაოზე აღდგენასა და იძულებით განაცდურის ანაზღაურებაზე და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრების მოტივების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივრები, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393.2 მუხლის და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.

საკასაციო პალატა სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა მიმართ წამოყენებული არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, დადგენილია, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004წ. 3 დეკემბრის ¹01/163-ო ბრძანებით განხორციელდა ფონდის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია და დამტკიცდა დოკუმენტების პაკეტი, მათ შორის, ფონდის რეგიონალური, რაიონული და საქალაქო ფილიალების დებულებები, დასაქმებულ მუშაკთა რიცხოვნობა და თანამდებობრივი კატეგორიები, მუშაკთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის საშტატო ნუსხა დამტკიცდა 19 საშტატო ერთეულით, ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სოცფონდის ზესტაფონის ფილიალში რეორგანიზაციას თან ახლდა შტატების შემცირება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლებისას ადმინისტრაციამ არ დაიცვა “შრომის კანონთა” კოდექსის 422-ე მუხლის მოთხოვნა, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკის ერთი თვით ადრე გათავისუფლების შესახებ, რადგან დადგენილია, რომ თ. ბ-ი 2004წ. 25 ნოემბერიდან 25 დეკემბრამდე იმყოფებოდა ქ. თბილისში, სამკურნალო საგანმანათლებლო ცენტრში, შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით, ხოლო დანარჩენი მოსარჩელეების გაფრთხილების თარიღად ხელწერილში მითითებულია 17 დეკემბერი, რომელიც შესრულებულია ერთი პირის მიერ. ამასთან საქმის მასალებით დასტურდება, რომ გაფრთხილების ხელწერილში მითითებული თარიღი _ 17 დეკემბერი _ არ შეესაბამება მუშაკთა გაფრთხილების რეალურ თარიღს, რადგან პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციის 2004წ. 31 დეკემბრის კრების ოქმის მიხედვით, თვით ფილიალის უფროსი განმარტავს, რომ მუშაკთა გაფრთხილება განხორციელდა 20 დეკემბერს, ხოლო, მოსარჩელეთა განმარტებით, დადგენილია, რომ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ისინი გააფრთხილეს 2005წ. 3 იანვარს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა გათავისუფლება განხორციელდა “შრომის კანონთა” კოდექსის 422-ე მუხლის დარღვევით. ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალს საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატის აზრით, ასევე გაზიარებული უნდა იქნეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა პროფკავშირის თანხმობის გარეშე, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ფონდის ფილიალის უფროსმა განცხადებით მიმართა პროფკავშირის თავმჯდომარეს და მოითხოვა განცხადებაში მითითებული მუშაკების განთავისუფლებაზე თანხმობა. აღნიშნული განცხადების ჩამონათვალში მოსარჩელეთა გვარებიც მითითებულია. ასევე მოითხოვა შრომითი დავის კომისიაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების დასახელება. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ პროფკავშირმა იმსჯელა და თანხმობა მისცა მოსარჩელეთა გათავისუფლებაზე. საკასაციო პალატას მიაჩნია. რომ ასეთად ვერ ჩაითვლება სოცფონდის ზესტაფონის ფილიალის უფროსის მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციის 2004წ. 31 დეკემბრის კრების ოქმით მიღებული დადგენილების რეზოლუცია “პროფწევრებისათვის გაცნობილად და შეთანხმებულად ჩაითვალოს ფონდის რეორგანიზაციის პაკეტი”, რადგან მითითებული რეზოლუცია თავისი შინაარსით არანაირად არ ადასტურებს მოსარჩელეთა გათავისუფლებაზე პროფკავშირის თანხმობას. იგი მიუთითებს რეორგანიზაციასთან გასატარებელი ღონისძიებების პროფკავშირის წევრებისათვის გაცნობის ფაქტზე. ამასთან, კასატორი (სოცფონდის ზესტაფონის ფილიალი) რატომღაც ყურადღების მიღმა ტოვებს იმავე კრების ოქმის დადგენილებითი ნაწილის პირველი პუნქტის მოთხოვნას, რომლითაც კრებამ დაადგინა, რომ მუშაკთა გათავისუფლება მომხდარიყო საქართველოს კონსტიტუციისა და “შრომის კანონთა” კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და პირველადი პროფორგანიზაციის თავმჯდომარის უშუალო კონტროლის ქვეშ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ შესრულებულა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლება განხორციელდა “შრომის კანონთა” კოდექსის 36-ე, 37-ე და 422-ე მუხლების მოთხოვნათა უგულებელყოფით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ადმინისტრაციული აქტის _ სოცფონდის ზესტაფონის ფილიალის 2005წ. 20 იანვრის ¹6 ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძველი, რამდენადაც სზაკ-ის მე-5 და 96.2 მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ გამოიკვლიოს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რასაც მოცემულ შემთხვევაში მოხდა კიდეც, ვინაიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მოსარჩელეები არ ყოფილან გაფრთხილებული ერთი თვით ადრე და მათი გათავისუფლების შესახებ პროფკავშირს არ მიუცია თანხმობა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სოცფონდის ზესტაფონის ფილიალის უფროსის 20.01.2005წ. ¹6 ბრძანება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და “შრომის კანონთა” კოდექსის მოთხოვნათა უგულებელყოფით, რის გამოც სზაკ-ის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის /2000წ. რედაქცია/ საფუძველზე ექვემდებარება ბათილად ცნობას.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია და მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ სოცფონდის ზესტაფონის ფილიალში განხორციელებულ რეორგანიზაციას თან ახლდა შტატების შემცირება, კერძოდ, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004წ. 3 დეკემბრის ¹01/63-ო ბრძანებით დამტკიცებული სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონული ფილიალის საშტატო ნუსხის მიხედვით ფილიალში დამტკიცდა 19 საშტატო ერთეული. მთავარი და წამყვანი ...ის თანამდებობაზე დასანიშნი პირისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნას წარმოადგენდა უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება, რომელსაც მოსარჩელეები ვერ აკმაყოფილებდნენ. ასეთი მოთხოვნა არ იყო გათვალისწინებული მთავარი ბუღალტრის მოადგილის და სპეციალისტების თანამდებობაზე, რომელიც 5 საშტატო ერთეულით განისაზღვრა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სოცფონდის ზესტაფონის ფილიალის ადმინისტრაციამ მოსარჩელეთა გათავისუფლებისას არ იმსჯელა “შრომის კანონთა” კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეთა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ და არ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სცილდება სასამართლოს კომპეტენციას, ვინაიდან იგი ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებათა რიგს განეკუთვნება, ამიტომ საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და სადავო სკითხის გადაუწყვეტლად აბათილებს ადმინისტრაციულ აქტს (20.01.2005წ ¹6 ბრბანებას) და ავალებს სოცფონდის ზესტაფონის ფილიალის უფროსს, გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტები, გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორების: ვ. შ-ის, რ. კ-ის, დ.კ-ის, მ. წ-ის, ნ. მ-ისა და თ. ბ-ის სარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ, რამდენადაც დადგენილია, რომ სოცფონდის ზესტაფონის ფილიალში რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა საშტატო ერთეულები, ამასთან, გაუქმდა რეორგანიზაციამდე არსებული თანამდებობები და ჩამოყალიბდა სხვა თანამდებობები. “შრომის კანონთა” კოდექსის 206-ე მუხლი ითვალისწინებს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მუშაკის წინანდელ სამუშაოზე აღდგენას, რაც მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან რეორგანიზაციის გამო აღარ არსებობს წინანდელი თანამდებობები, რომლებზეც მოსარჩელეები მუშაობდნენ გათავისუფლებამდე, ხოლო რეორგანიზაციის გამო ახლად შექმნილ თანამდებობაზე მოსარჩელეთა დარჩენის უპირატესი უფლების აღიარება და, შესაბამისად, დანიშვნა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას და მასზე მსჯელობა ამავე გადაწყვეტილებით დაევალა სოცფონდის ზესტაფონის ფილიალის ადმინისტრაციას. ასევე, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელეთა მოთხოვნა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ, რადგან “შრომის კანონთა” კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი უნაზღაურდება წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მოსამსახურეს. მოსარჩელეთა წინანდელ სამუშაოზე აღდგენა კი, როგორც უკვე აღინიშნა, შეუძლებელია ასეთის არ არსებობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 32.4-ე, სსკ-ის 53.1, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ვ. შ-ის, რ. კ-ის, დ. კ-ის, მ. წ-ის, ნ. მაღლაფერიძის, თ. ბ-ის და სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის დირექტორის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ვ. შ-ის, რ. კ-ის, დ. კ-ის, მ. წ-ის, ნ. მ-ის და თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის უფროსის 2005წ. 20 იანვრის ¹6 ბრძანებები ვ. შ-ის, რ.კ-ის, დ. კ-ის, მ. წ-ის, ნ. მ-ისა და თ. ბ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და დაევალოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალის უფროსს “შრომის კანონთა” კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად იმსჯელოს მოსარჩელეთა სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ და გამოსცეს ახალი ბრძანება ერთი თვის ვადაში.

5. მოსარჩელეებს: ვ. შ-ეს, რ. კ-ეს, დ. კ-ეს, მ. წ-ეს, ნ. მ-ეს და თ. ბ-ს სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურებაზე სარჩელის მოთხოვნაზე ეთქვათ უარი;

5. საქართველოს სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 200 ლარის ოდენობით;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.