Facebook Twitter

ას-181-171-2011 10 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. ნ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ნ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ნ-შვილის კანონიერმა წარმომადგენელმა თ. კ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. და გ. ნ-შვილების მიმართ თ. ნ-შვილის სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ვადის გაგრძელებისა და ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ნ-შვილის კანონიერი წარმომადგენლის _ თ. კ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ნ-შვილის მიერ 2007 წლის 18 ივნისს გარდაცვლილი მამის _ თ. ნ-შვილის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნა მიჩნეული და აღდგა სამკვიდროს მიღების ვადა თ. ნ-შვილის სამკვიდრო ქონებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე დ. ნ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის განჩინებით დ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. ნ-შვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებით დ. ნ-შვილის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 18 თევბრვლის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა დ.ნ-შვილს და 2011 წლის 24 თებერვალს ჩაბარდა ადრესატს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ნ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კერძო საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და დაუწესებს იმ საპროცესო მოქმედებას, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებით დ. ნ-შვილის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 18 თევბრვლის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა დ.ნ-შვილს და 2011 წლის 24 თებერვალს ჩაბარდა ადრესატს (იხ. ტ.II, ს.ფ. 27).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 25 თებერვალს და ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე 27 თებერვალი ემთხვეოდა დასვენების დღეს _ კვირას, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, ორშაბათს _ 28 თებერვალს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ნ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.