ას-182-172-2011 7 აპრილი, 2010 წ
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ. გ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. მ-ლი, მ. ბ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ ნ. მ-ლისა და მ. ბ-შვილის მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ვ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესითYგაასაჩივრა ვ. გ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განჩინებით ვ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო, რაც მის მიერ კერძო საჩივრით იქნა გასაჩივრებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ვ. გ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება ვ. გ-შვილს პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 9 ივლისს (იხ. ტ.I, ს.ფ. 102); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 10 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 23 ივლისს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2009 წლის 23 ივლისი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვ. გ-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეტანა 2010 წლის 29 დეკემბერს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რომლის აღდგენაც დაუშვებელია (იხ. ტ.I ს.ფ. 103-112). ამასთან, ვერც კერძო საჩივრის ავტორი უთითებს რაიმე ისეთ გარემოებას, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ვ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. გ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.