ას-183-173-2011 6 აპრილი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ შპს «ჯ-ი», გ. ჩ-შვილი, პ. ჩ-შვილი, ლ. ნ-შვილი (წარმომადგენელი ა. გ-ია)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს ბანკი ...
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი _ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, კრედიტის დაბრუნება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს ბანკი ... სარჩელი დაკმაყოფილდა: შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს ბანკი ... და შპს «ქ. ს-ებს» (შემდგომში შპს «ჯ-ი») შორის 2007 წლის 2 ოქტომბერს დადებული «კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ» გენერალური ხელშეკრულება, ამავე მხარეებს შორის იმავე წლის 19 სექტემბერს დადებული ¹37432 საკრედიტო ხელშეკრულება და 2007 წლის 29 ნოემბერს დადებული ¹43863 საკრედიტო ხელშეკრულება; მოპასუხეებს: შპს «ჯ-სს», გ. ჩ-შვილს, პ. ჩ-შვილს, ლ. ნ-შვილსა და ს. ნ-შვილს სს ბანკი ... სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 93158.10 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების გადახდა; შპს «ჯ-სს», გ. ჩ-შვილს, პ. ჩ-შვილს, ლ. ნ-შვილსა და ს. ნ-შვილს სს ბანკ ... სასარგებლოდ დაეკისრათ 4611 ლარისა და 32 თეთრის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად; შპს «ჯ-სს», გ. ჩ-შვილს, პ. ჩ-შვილს, ლ. ნ-შვილსა და ს. ნ-შვილს სს ბანკ ... სასარგებლოდ დაეკისრათ 6148.42 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად; დადგინდა, რომ დავალიანების თანხის გადახდევინება განხორციელებულიყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, კერძოდ, გ. ჩ-შვილის საკუთრებაში არსებული თბილისში, ... ქ.¹39-ში მდებარე საცხოვრებელი ბინისა და ლ. ნ-შვილის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ... ქ.¹ ... -ში მდებარე ¹55 საცხოვრებელი ბინის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით (ტომი II, ს.ფ. 44-57).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: შპს «ჯ-მა», გ. ჩ-შვილმა, პ. ჩ-შვილმა და ლ. ნ-შვილმა. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილებში, რომლებითაც მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 93158.10 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის 4611.32 ლარისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 6148.4 ლარის დაკისრება და ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებით საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (ტომი 2, ს.ფ. 64-72).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განჩინებით შპს «ჯ-ის», გ. ჩ-შვილის, პ. ჩ-შვილისა და ლ. ნ-შვილის საასააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შპს «ჯ-ის», გ. ჩ-შვილის, პ. ჩ-შვილისა და ლ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტებს დაევალათ ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 3726.32 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. საამისოდ, მათ განესაზღვრათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა; ამავე სასამართლოს 2010 წლის 16 ნოემბრის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობის საფუძველზე, მათ ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდათ 10 დღით;
2010 წლის 9 დეკემბერს აპელანტთა წარმომადგენელმა ა. გ-იამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება ხარვეზის ნაწილობრივ შევსების შესახებ (განცხადებას მან დაურთო 400 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი). ამასთან, განმცხადებელმა იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის კვლავ გაგრძელების შესახებ;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ზემომითითებული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაგრძელდა 10 დღით;
დასახელებული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით აპელანტთა წარმომადგენელ ა. გ-იას ჩაჰბარდა 2010 წლის 23 დეკემბერს. მიუხედავად ამისა, მას ხარვეზი არ შეუვსია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში;
2011 წლის 3 იანვარს ა. გ-იამ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება ფაქსით, რომლითაც მან იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის ერთი დღით გაგრძელების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად მიიჩნია, რომ განცხადება სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული საჩივარი აღარ მიიღება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «ჯ-ის», გ. ჩ-შვილის, პ. ჩ-შვილისა და ლ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა, რამდენადაც სახეზე არ იყო სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტომი 3, ს.ფ. 21-24).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს შპს «ჯ-მა», გ. ჩ-შვილმა, პ. ჩ.შვილმა და ლ. ნ-შვილმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კერძო საჩივრის თანახმად, აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა განპირობებული იყო მათი მძიმე ეკონომიური მდგომარეობით. ასეთ ვითარებაში სასამართლოს აპელანტებისათვის არ უნდა მოეთხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, არამედ უნდა გადაევადებინა მისი გადახდა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უარი განაცხადა სამართალწარმოებაზე, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნას (ტომი 3, ს.ფ. 29-30).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ჯ-ის», გ. ჩ-შვილის, პ. ჩ-შვილის და ლ. ნ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შპს «ჯ-ის», გ. ჩ-შვილის, პ. ჩ-შვილისა და ლ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტებს დაევალათ 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 3726.32 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. აღნიშნულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ აპელანტთა შუამდგომლობაზე და მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო მისი დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც შუამდგომლობა შესაბამის მტკიცებულებებს არ ემყარებოდა. ამავე სასამართლოს 2010 წლის 16 ნოემბრისა და 20 დეკემბრის განჩინებებით აპელანტებს ორჯერ გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა. მათვე არაერთხელ განემარტათ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, აპელანტებმა ხარვეზი მხოლოდ ნაწილობრივ შეავსეს _ დაკისრებული თანხიდან (3726.32 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) სასამართლოს წარუდგინეს მხოლოდ 400 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი (ტომი 3, ს.ფ. 3-5, 9-10, 16-17).
კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტების მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და მათთვის უნდა გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტებმა ვერ უზრუნველყვეს თავიანთი შუამდგომლობის შესაბამისი მტკიცებულებებით დასაბუთება, კერძოდ, მათ სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენიათ, რომლებიც მათ მძიმე ქონებრივ მდგომარეობას დაადასტურებდა და დასაბუთებულს გახდიდა შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარის თქმით, მათ წაერთვათ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის კანონით გათვალიწინებული ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად.
ამდენად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ჯ-ის», გ. ჩ-შვილის, პ. ჩ-შვილის და ლ. ნ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.