ას-188-179-2010 10ივნისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი) თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. თ-ია
მოწინააღმდეგე მხარე- თ. ე-შვილი
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინება.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელში), გარიგების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 26 ოქტომბერს თ. ე-შვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე თ. თ-იას მიმართ და მოითხოვა 2500 ლარის დაკისრება მოპასუხე თ. თ-იას მიმართ. 2009 წლის 19 ნოემბერს თ. თ-იამ შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე თ. ე-შვილის მიმართ და მოითხოვა 2009 წლის 16 აგვისტოს შედგენილი ვალის აღიარების ხელწერილის, როგორც იძულებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ე-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. თ-იას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2500 ლარი. თ. თ-იას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. თ-იამ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
თ. თ-იას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინებით დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თ. თ-იას წარმომადგენელს კ. მ-ძეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2010 წლის 12 იანვარს, გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 26 იანვარს, სააპელაციო საჩივარი კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ იქნა 2010 წლის 27 იანვარს ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება – გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, რომ მხარემ ამ უფლების რეალიზება უნდა მოახდინოს კანონით განსაზღვრულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში თ. თ-იას საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული კანონით დადგენილ ვადაში.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. თ-იამ.
კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მიღებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს. იგი განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არც პირადად და არც წარმომადგენლის მეშვეობით არ ჩაჰბარებია, რის გამოც მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში შეუზღუდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს, თანდართულ მტკიცებულებებს და თვლის, რომ თ. თ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თ. თ-იას წარმომადგენელ კ. მ-ძეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2010 წლის 12 იანვარს, გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 26 იანვარს, სააპელაციო საჩივარი კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ იქნა 2010 წლის 27 იანვარს, ანუ დადგენილი 14_დღიანი ვადის დარღვევით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა Dშეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებად ითვლება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაბარება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70_ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მათ წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, უწყება მხარისათვის და წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს. მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმომადგენლის ვალდებულებაა, დაუყონებლივ აცნობოს მხარეს სხდომის დღის შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება არც პირადად და არც წარმომადგენლის მეშვეობით არ ჩაჰბარებია საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია გზავნილი ¹2/8300-09 (გვ.78), რომლის მიხედვითაც 2010 წლის 12 იანვარს სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა თ. თ-იას წარმომადგენელ_კ. მ-ძეს. აღნიშნული მტკიცებულების გამაქარწყლებელი დოკუმენტი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მხარეს არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ვინაიდან მხარემ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მან დაკარგა შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა თ. თ-იას სააპელაციო საჩივარი განუხილველი, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. თ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.